არავითარ შემთხვევაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ - დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული
არავითარ შემთხვევაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ - დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული

A+ A-

14:37 01/07/2019

"არავითარ შემთხვევაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ", - ამის შესახებ დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ყუფარაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"ორი აზარბაიჯანელის მკვლელობისთვის ვიყავი გასამართლებული, რაც არ მიღიარებია. გასამართლებული ვარ სააკაშვილის დროს, პროკურატურა უვადოს ითხოვდა, მაგრამ მტკიცებულებების არარასებობოს გამო, ვერ შემიფარდეს. 8 ნახევარი წელი მოვიხადე", - განაცხადა ყუფარაძემ.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ყუფარაძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, საქართველოდან წავიდა. მისი ექსტრადირება გასული წლის ნოემბერში მოხდა. კვეზერელების მკვლელობაში ასევე ბრალდებულია მეორე პირიც, ვასილ გოშაძეც. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ვინაიდან მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. დედა-შვილი, ნატო და გურამ კვეზერელები 2014 წელს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ გურამ კვეზერელი მოკლა. ის გაუჩინარებულად ითვლებოდა. მის ცხედარს, კოჯორში ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლიეს. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარს მჟავა ჰქონდა დასხმული. მიუხედავად ამისა, მისი იდენტიფიცირების მოხდენა მაინც შესაძლებელი იყო, რის გამოც, ბრალდებულებმა კვეზერელის ცხედარს ბეტონი დაასხეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულები მოკლულის საცხოვრებელ სახლში წავიდნენ, სადაც გიორგი ყუფარაძემ გურამ კვეზერელის დედა, ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა.

მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. ბრალდებული პირები, გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე წარსულშიც ნასამართლევები არიან. არსებული ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე ფიგურირებდნენ 2003 წლის 15 სექტემბერს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეში. ყუფარაძე ასევე გასამართლებული იყო ორი აზერბაიჯანელი ძმის განზრახ მკვლელობისთვის. მას 2008 წელს 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, საპატიმრო ვადაზე ადრე, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ამნისტიის საფუძველზე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ყუფარაძემ პოლიციას ზუბადალაშვილის მკვლელობის შემკვეთები დაუსახელა. რაც შეეხება გოშაძეს, ის თავის დროზე სასჯელს "საქართველოს ბანკის" გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის და დაცვის თანამშრომლის მკვლელობისთვის იხდიდა და საპატიმრო ვადაზე ადრე მანაც გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ამნისტიის შედეგად 2013 წელს დატოვა.

2014 წელს კი მან, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძესთან ერთად დედა-შვილი კვეზერელები მოკლა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის მოგვიანებით, სხვა დანაშაულისთვის დააკავეს და 14 წლიანი პატიმრობა ნარკოდანაშაულისთვის შეუფარდეს. სახელმწიფო ბრალდება გიორგი ყუფარაძეს ორი პირის განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით ჩადენას, ასევე ცეცლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავება. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.