“ქართული ოცნებისთვის“ უკეთესია, თუ გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგება - გია ნოდია
“ქართული ოცნებისთვის“ უკეთესია, თუ გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგება - გია ნოდია

A+ A-

11:38 02/07/2019

 ინტერვიუ პოლიტოლოგ გია ნოდიასთან

"გიორგი გახარიას პოზიცია, რომ გამოძიებას დაველოდები და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, ავიღო თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არის შს მინისტრის ხრიკი და დროის მოგება. გამოძიების გარეშეც კარგად ჩანს ის, რომ აქციის დარბევის პროცესში სამართალდამცავმა უწყებებმა საზოგადოების წინააღმდეგ ძალა არაპროპორციულად გამოიყენეს, რაზეც შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნულპროცენტიანი ბარიერითა და ბლოკების აკრძალვით, “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ინიციატივის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.

- ბატონო გია, “ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით და 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. როგორ აფასებთ აღნიშნულ ინიციატივას?

- “ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რომ საზოგადოების მოთხოვნებს დათანხმებოდა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა. ნულპროცენტიანი ბარიერითა და ბლოკების აკრძალვით, “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ინიციატივის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.

კერძოდ, მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ ბლოკების გაუქმებით ოპოზიციას დაქსაქსავს. 2020 წელს “ქართული ოცნება“ უმრავლეობას ვერ მოიპოვებს, ამიტომ პატარ-პატარა პარტიებთან კოალიციების შექმნა აუცილებლად დასჭირდება.

- 2020 წელს 0%-იანი ბარიერის პირობეში მიღებთ კიდევ უფრო პოლარიზებულ პარლამენტს, აღნიშნული ქაოსური პარლამენტის შექმნისა და მეტწილად, ქვეყანაში უმართავი პროცესების განვითარების წინაპირობას ქმნის?

- რა თქმა უნდა. 2020 წელს ქაოტური პარლამენტის მიღება “ქართული ოცნების“ მიზანია, რადგან უმართავ საკანონმდებლო ორგანოში თავს სტაბილურობის ცენტრად წარმოაჩენს, რაც მზადება იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის. ნამდვილად დიდი პრობლემაა ის, რომ ქაოტური პარლამენტის მიღებით, შესაძლოა, პროპორციული საარჩევნო სისტემის დისკრედიტაცია მოხდეს.

ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესი იქნება, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. სიმართლე გითხრათ, არ ვარ პროპორციული საარჩევნო სისტემის მაინცდამაინც დიდი ფანი, მაგრამ როგორც ჩანს, საქართელოში ამ სისტემის ნაკლოვანებები უფრო ნაკლებად ჩანს, ვიდრე მაჟორიტარული სისტემის

. - ცნობილი ხდება, რომ შს მინისტრი თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ აქციის დარბევის პროცესში სამართალდამცავი უწყების მხრიდან მასიური დარღვევები გამოიკვეთება, ხოლო ერთეული დარღვვევის შემთხვევაში მხოლოდ ინდივიდები აგებენ პასუხს. როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში გამოძიება ობიექტურად წარიმართება?

- გიორგი გახარიას პოზიცია, რომ გამოძიებას დაველოდები და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, ავიღო თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არის შს მინისტრის ხრიკი და დროის მოგება. გამოძიების გარეშეც კარგად ჩანს ის, რომ აქციის დარბევის პროცესში სამართალდამცავმა უწყებებმა საზოგადოების წინააღმდეგ ძალა არაპროპორციულად გამოიყენეს, რაზეც შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

მოლოდინი იმისა, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება, არ არსებობს. შესაძლოა, უწებებმა გამოძიების მომენტში სამართალდამცავთა პატარ-პატარა გადაცდომები აღმოაჩინონ, რაც გახარიას გადადგომისთვის საკმარის წინაპირობად არ ჩაითვლება.

შს მინისტრის გადადგომა მის სურვილზე კი არა, აქციის მონაწილეების მოთხოვნებზეა დამოკიდებული. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა კანონიერი და სამართლიანია. თავად “ქართული ოცნების“ გრძელვადიანი ინტერესებისთვსაც უკეთესია, თუ გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე