გაფლანგული მილიონები - რაში იხარჯება 126 მილიონი საქართველოს რკინიგზაში ?!
გაფლანგული მილიონები - რაში იხარჯება 126 მილიონი საქართველოს რკინიგზაში ?!

A+ A-

19:49 02/07/2019

საქართველოს რკინიგზაში 126 035 60 მილიონი ლარი თვეში მხოლოდ ხელფასებში იხარჯება.

"2020NEWS"-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ანაზღაურება თვეში 15 565 ლარია.

გენერალურ დირექტორს ორი მოადგილე ჰყავს, მათგან ერთის ხელფასი 6500 ლარია, მეორის კი 8023 ლარს შეადგენს.

როგორც ეტყობა, დავით ფერაძეს, რკინიგზის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრი თანაშემწე, მრჩეველი, კოორდინატორი და კონსულტანტი სჭირდება. რკინიგზის გენერალურ დირექტორს 4 თანაშემწე, 3 მრჩეველი, 1 კონსულტანტი და 1 კოორდინატორი ჰყავს.

დავით ფერაძის მრჩეველების ხელფასი 3500-დან - 4100 ლარამდეა, ხოლო მისი ორი თანაშემწე თვეში 4600-4600 ლარს იღებს (ეტყობა დატვირთვიდან გამომდინარე), დანარჩენი ორის ხელფასი კი - 2280 და 1500 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ფერაძის კონსულტანტი თვეში 4000 ლარს იღებს, ხოლო გენერალური დირექტორის კოორდინატორი 2500 ლარს.

მხოლოდ გენერალური დირექტორის, მისი მოადგილე - მრჩეველ -თანაშემწე - კონსულტანტ - კოორდინატორების სახელფასო ფონდი თვეში 61 128 ლარს შეადგენს.

რკინიგზას ჰყავს კოოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 6100 ლარია. მას 3 მოადგილე და 1 მრჩეველი ჰყავს.

მისი მოადგილეების ხელფასი 5650- 5650 და 4600 ლარია, ხოლო მისი მრჩეველი 3700 ლარს იღებს ყოველთვიურად. საქართველოს რკინიგზაში გენერალური დირექტორის გარდა სხვა დირექტორებიც მუშაობენ.

მაგალითად, "ოცნების" ყოფილი აქტივისტი დაჩი ცაგურია მგზავრთა გადაყვანის დირექტორია, რომელიც ყოველთვიურად 8172 ლარს იღებს ხელფასის სახით.

ამდენივე აქვს ხელფასი ინფრასტრუქტურის დირექტორ ვასილ ხორავას, სატვირთო გადაზიდვების დირექტორ გურამ გურამიშვილის და ფინანსურ დირექტორს ირაკლი ტიტვინიძეს.

რაც შეეხება რკინიგზის ტექნიკურ პერსონალს - ელ.მემანქანის ხელფასი თვეში მხოლოდ 1000 ლარია და ეს ტექნიკური პერსონალის ყველაზე მაღალი ხელფასია.

ელ. მემანქანის თანაშემწე 800 ლარს იღებს, ოსტატი 720 ლარს, ზეინკალი 600 ლარს, ლიანდაგის მონტიორი 560 ლარს და ელექტრო მონტიორი 400 ლარს.

Sergo Sergi Sergi-ს ფოტო.

"2020NEWS" შეეცადა გაერკვია, რა ფუნქციები და მოვალეობები ჰქონდათ ასეთი მაღალი ანაზღაურების მქონე, მოადგილე-მრჩეველ-თანაშემწე-კონსულტანტ-კოორდინატორების. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, რომელიც რკინიგზაში არსებულ ვითარებაში კარგად ერკვევა, მრჩევლების და თანაშემწეების მოვალეობების შესახებ კი არა, მათი სახელები და გვარებიც კი არ იცის არავინ, ვინაიდან ისინი რკინიგზაში არც არავის უნახავს, რადგან სამსახურში უბრალოდ არ დადიან და ხელფასს ისე იღებდნენ.

"ეს ხალხი, ყველა დათო ფერაძემ დანიშნა. მამუკა ბახტაძეს ჰყავდა ერთი მოადგილე, ერთი თანაშემწე და ერთი კოორდინატორი. დავით ფერაძის მოსვლის შემდეგ კი, ეს "მკვდარი სულები" ისე გაჩნდნენ, რომ არავინ მათი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. ფერაძემ საკუთარი ახლობლები გააფორმა სამსახურში და ასეთი მაღალი ანაზღაურებები დაუნიშნა. უმეტესობამ არც იცის, საქართველოს რკინიგზაში რა ხდება", - განუცხადა 2020NEWS"-ს ინფორმირებულმა წყარომ.

მისივე თქმით, დავით ფერაძის ერთი მოადგილე ალექსი ნიკოლეიშვილი ნამდვილად ძველი რკინიგზელია და მამუკა ბახტაძის მოადგილეთაც მუშაობდა, ხოლო მეორე მოადგილის, ისევე როგორც მრჩეველ-თანაშემწე-კონსულტანტ-კოორდინატორების ვინაობა, რკინიგზის თანამშრომლებისთვის უცნობია.

და ეს ყველაფერი არ არის, როგორც 2020NEWS"-ის ინფორმატორი სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რკინიგზის შვილობილ კომპანიებში არანაკლებ ანაზღაურებას იღებენ იქ დასაქმებული პირები.

მეტიც, თავად დავით ფერაძე და მისი გარემოცვის ზოგიერთი წევრი, პარალელურად საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიებშიც არის გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ანაზღარება თითქმის ორმაგია.

მაგალითად, თავად დავით ფერაძე, შვილობილი კომპანიიდანაც იღებს ანაზღაურებას და ჯამში მისი ანაზღაურება 24 ათას ლარს შეადგენს. ამდენივე ჰქონდა მის წინა მორბედს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს.

"2020NEWS"-ის წყაროს ინფორმაციით,"აქტიური რკინიგზელები" არიან ძმები ლევან და გიორგი (უცნობი) გაჩეჩილაძეები და იუმორისტი ბესო ვერულაშვილი, რომელთა ანაზღაურების შესახებაც ზუსტი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზას დირექტორატის გარდა, სამეთვალყურეო საბჭოც მართავს, რომლის თავმჯდომარეც წლებია ერთ დროს პოლიტიკაში მყოფი, ყოფილი პარლამენტარი კოკა გუნცაძეა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 5000 ლარს შეადგენს.

სამეთვალყურეო საბჭოში კოკა გუნცაძის მოადგილეა მიხეილ გოგიშვილი, გურამ გაბუნია, ოლეგ ბიჭიაშვილი და შოთა ეცადაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტრატეგიული ობიექტია, რომლის მოგებაც წლების განმავლობაში, ასეულობით ათას შეადგენდ, თუმცა, ბოლო წლებში "საქართველოს რკინიგზის" შემოსავლებმა მკვეთრად იკლო და ეს სტრატეგიული ობიექტი "წამგებიანი" ობიექტების ნუსხაში გადავიდა.

თუმცა, მიუხედვად ამისა, როგორც არასდროს, რკინიგზის ამჟამინდელი მენეჯმენტის სახელფასო ანაზღაურება კოლოსალურად მაღალია.