ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება
ქუთაისის აეროპორტთან  სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება

A+ A-

11:45 04/07/2019

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება და მის ნაცვლად აეროპორტიდან 2 კმ-ის მოშორებით არსებულ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ინფორმაციას 1tv.ge ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ოთხმაგდება ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება აეროპორტის რკინიგზასთან დაკავშირებას, აეროპორტიდან ორი კილომეტრის მოშორებით არსებული სარკინიგზო სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მთავრობას ჩვენს ხედვას. გერმანულმა კომპანია „აერჯიმ“ უკვე დაასრულა კვლევა და გვექნება სარკინიგზო კავშირი აეროპორტთან. ე.წ. შატლს დანიშნავს აეროპორტები, გზების დეპარტამენტიდან ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ გზას გაარემონტებს და არსებულ სარკინიგზო სადგურზე გააჩერებს ყველა მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და პირიქით", - განუცხადა პირველ არხს საღირაშვილმა.

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონია 2017 წლის 3 აპრილს შედგა. მაშინდელი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ რკინიგზა მგზავრებს მშენებლობის დაწყებიდან მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოემსახურებოდა.