"კოჭლი იხვი" გიორგი გახარია ახლა უკვე ხელისუფლების ტვირთი და ოპოზიციის საჩუქარია - გია ხუხაშვილი
"კოჭლი იხვი" გიორგი გახარია ახლა უკვე ხელისუფლების ტვირთი და ოპოზიციის საჩუქარია - გია ხუხაშვილი

A+ A-

14:09 04/07/2019

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

“საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. პარადოქსია, მაგრამ აღნიშნული არც “ნაციოანლური მოძრაობის“ ინტერესშია, რადგან ამ პარტიებს სურთ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილზე აგებული ორპოლუსიანი, სიმბიოზური მდგომარეობა შეინარჩუნონ, რასაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ანგრევს. ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგები წელში რომც გადატეხოს, ამით არაფერი შეიცლება, რადგან გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში უკვე არის კოჭლი იხვი. შს მინისტრი ერთი მხრივ, ხელისუფლების ტვირთი, ხოლო მეორე მხრივ, ოპოზიციის საჩუქარია“.

- ბატონო გია, “ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციაზე “შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის, “სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და სხვა პოლიტიკოსთა მისვლამ ოპოზიციურ სპექტრში განხეთქილება გამოიწვია. თქვენი მოსაზრებით, არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის არსებულმა მწვავე დაპირისპირებამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელბას შეიძლება ხელი შეუშალოს?

- არა მგონია, რომ ოპოზიციაში არსებულმა დაპირისპირებამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ხელი შეუშალოს, რადგან პარტიები თანხმდებიან, რომ პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე გადასვლა ყველასთვის სასარგებლოა. დავით უსუფაშვილის, ალეკო ელისაშვილისა და სხვა პოლიტიკოსების მისვლა “ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შეცდომა არ იყო, რადგან საპროტესტო აქტივობა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მსჯელობა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულია იმ ადამიანების დამუნათება, რომლებიც “ქართული ოცნების“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. პარადოქსია, მაგრამ აღნიშნული არც “ნაციოანლური მოძრაობის“ ინტერესშია, რადგან ამ პარტიებს სურთ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილზე აგებული ორპოლუსიანი, სიმბიოზური მდგომარეობა შეინარჩუნონ, რასაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ანგრევს.

- ნულპროცენტიანი ბარიერისა და მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, რამდენად მაღალია რისკი იმისა, რომ 2020 წელს ქაოსის გამომწვევი ეკლექტური საკანონმდებლო ორგანო მივიღოთ?

- 2020 წელს ქაოსურ პარლამენტს მივიღებთ თუ არა, პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მივიღებთ ქაოსს, ან ევროპული ტიპის წესრიგს, ანუ მულტიპარტიულ დემოკრატიას საარჩევნო კოალიცებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ელიტა მუდმივად ქაოსისკენ და შუბლებით დატაკებისკენ მიისწრაფვის. ამიტომ პოლიტიკურ სივრცეში ბუნდოვანი წარსულის მქონე ახალი პოლიტიკური ცენტრების გამოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღეს ნულოვანი წარსულის მქონე პარტიათა მომავალი ბევრად უფრო პერსპექტიულია, ვიდრე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ელიტის. პოლიტიკურ პროცესებს ახალი სისხლის გადასხმა აუცილებლად სჭირდება.

- ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენების შემდეგ, შს სამინისტრომ სასამართლოს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული პირები 20-21 ივნისის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიკითხებიან. როგორ ფიქრობთ, უწყების ინტერესი ამ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ ლეგიტიმურია?

- ხელისუფლებამ ამ ადამიანების მიმართ გამოძიების მიმართულებით აუცილებლად უნდა იმოქმედოს, თუმცა აღნიშნული რამდენად ხარისხიანად განხორციელდება, ეს სხვა საკითხია. პირდაპირ გეტყვით, ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება ტრაგიკომედიაა. ჯერ ამაყი სახით 91- მა დეპუტატმა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების დაუჭირა მხარი, ხოლო შემდეგ, სასამართლომ არ მოახდინა პარლამენტის სურვილის რეალიზება, ანუ აჩვენა, რომ მე პარლამენტარებზე უკეთესი ვარო. ნიკა მელიას პირდაპირი ფუნქცია საპარლამენტო აქტივობაა და როცა ამ საქმიანობის განხორციელებას უკრძალავ, ფაქტობრივად, მისგან დაზარალებულსა და გმირს ქმნი. ხელისუფლება ჭკუას ვერ სწავლობს, მაზოხიზმით არის შეპყრობილი და სუიციდური მიდრეკილებები აქვს გამწვავებული. რაც შეეხება 20-21 ივნისის აქციას, პოლიციას ჰქონდა კანონიერი უფლება, რომ ძალა გამოეყენებინა, მაგრამ ვითარება კონტროლიდან გამოვიდა და ჩვენ ვიხილეთ ძალის გადამეტების მრავლობითი ფაქტები, არა ცალეკული. შედეგი დადგა მძიმე. ამიტომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პაუხისმგებლობის საკითხი სრულიად აშკარაა. ამ ვითრებიდან სხვანაირად ვერ გამოვლათ. მიტინგები წელში რომც გადატეხონ, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან გიორგი გახარია უკვე არის "კოჭლი იხვი" ქართულ პოლიტიკაში. შს მინსიტრი ერთი მხრივ, ხელისუფლების ტვირთი, ხოლო მეორე მხრივ, ოპოზიციის საჩუქარია.

- მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა და რომან კაკულიამ არ დაუჭირეს, მმათველმა პარტიამ, შესაძლოა, დეპუტატებს კომიტეტების თავმჯდომარეობის თანამდებობები დაატოვებინოს. დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობა ამგვარ სადამსჯელო ოპერაციებს ლეგიტიმურად ცნობს?

- არსებულმა პარლამენტმა, რომელმაც ყოველგვარი პოლიტიკური და მორალური რესურსი ამოწურა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდ აღარ იწოდება. ამ პარლამენტს შეუძლია 2020 წლის არჩევნებამდე უბრალოდ მიგორდეს, სხვა რესურსი მას აღარ გააჩნია. პარლამენტის შიგნით კაბინეტების შესახებ დავა საერთოდ აღარ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს პრობლემები ყველა მიმართულებით, თავისუფლების უზრუნველყოფის, სამართლიანობის, მართლმსაჯულებისა და კეთილდღეობის მიმართულებებით. ამ პრობლემების მასშტაბები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მარიამ ჯაშისა და რომან კაკულიას თანამდებობებიდან გადაყენების საკითხი.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე