კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე გადადგა
კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე გადადგა

A+ A-

12:06 05/07/2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში დაწერა:
 
“მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე.
 
შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი - სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ! დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით.
 
ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, თითოეულ იმ პროფესიონალს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი! სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს!”,- დაწერა მიხიელ გიორგაძემ.
 
მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. მანამდე, 2017 - 2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი​ იყო.