ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ აწყობს - მამუკა არეშიძე
ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ აწყობს  - მამუკა არეშიძე

A+ A-

13:55 05/07/2019

ინტერვიუ კავკასიის საკითხებში პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძესთან

- ბატონო მამუკა, 20-21 ივნისის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას 225-ე და 315-ე მუხლებით აგრძელებს, რაც ამბოხებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას გულისხმობს. როგორ ფიქრობთ, აღნიშნულ საქმეზე ახალი მუხლით საქმის აღძვრის აუცილებლობა დღის წესრიგში რატომ დადგა?

- სახელმწიფო დაწესებულებაზე შეტევა, თავისთავად, არის უმძიმესი დანაშაული და ვფიქრობ, 225-ე მუხლი სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამოძიებას იურიდიული ფორმა მისცემოდა. პროკურატურამ საქმის გადაკვალიფიცირება იმიტომ მოინდომა, რომ ქვეყანაში სიტუაცია უფრო დამძიმდეს. 1991 წლის დეკემბერში უმძიმესი შეცდომა დავუშვით. ვთვლი, რომ ნებისმიერი ტიპის მცდელობა თუ რეალური განხორციელდება სახელმწიფო დაწესებულების აღებისა, კატეგორიულად მიუღებელი და უმძიმესი დანაშაულია.

- მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების“ მიერ 2020 წელს 0%-იანი ბარიერის პირობებში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უკვე დანონსდა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ხომ არ ემზადება?

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის მზად არავინ არ არის. მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ შეიძლება ჭირდებოდეს ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ოპოზიციის ლიდერების მიერ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ლოგიკაში ჯდებოდეს, მაგრამ ხელისუფლებას აღნიშნულის ჩატარება არ უნდა აწყობდეს, მით უფრო, როცა “ქართული ოცნება“ წამგებიან მდგომარეობაში არ იმყოფება.

- 2020 წელს 0%-იანი ბარიერის პირობეში მიღებთ კიდევ უფრო პოლარიზებულ პარლამენტს, რომელიც ქაოსური პარლამენტის შექმნისა და მეტწილად, ქვეყანაში უმართავი პროცესების განვითარების წინაპირობას ქმნის?

-2020 წელს 0%-იანი ბარიერისა და მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, როგორც მივიღებთ, როგორც დაქსაქსულ ოპოზიციას, ისე დასუსტებულ ხელისუფლებას. ფაქტია, 2020 წელს “ქართული ოცნება“ ნაკლები რაოდენობით შევა პარლამენტში. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებას სხვადასხვა პარტიასთან მუდმივი შეთანმების რეჟიმში ყოფნა მოუწევს, რათა საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელოს. ასე, რომ 2020 წლის შემდეგ ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ამბიციურ მდგომარეობაში ვეღარ იქნებიან. ნათელია, არჩევნების შემდეგ ქაოსურ პარლამენტს მივიღებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ პარტიებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე