კახა თარგამაძე - 6, ვანო მერაბიშვილი - 8, რამდენია გიორგი გახარიას ანგარიშზე?
კახა თარგამაძე - 6, ვანო მერაბიშვილი - 8, რამდენია გიორგი გახარიას ანგარიშზე?

A+ A-

19:15 05/07/2019

ვიდრე გიორგი გახარია ჯერ კიდევ შს მინისტრია და ვიდრე მისი გადადგომის მოთხოვნით, საქართველოს ახალგაზრდობა და სამოქალაქო საზოგადოება ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე დგას, "2020NEWS"-მა საქართველოს შს მინისტრების სიას გადახედა.

გიორგი გახარიას გარდა, ყველა შს ყოფილ მინისტრს ორი თარიღი აქვს - დანიშვნის და გათავისუფლების. მოქმედი მინისტრის მეორე თარიღის გრაფა კი, ჯერჯერობით ცარიელია. როგორც ირკვევა, დამოუკიდებელი საქართველოს 18 შს მინისტირდან, თანამდებობაზე ყველაზე დიდხანს კახა თარგამაძე და ვანო მერაბიშვილი იყვნენ. შევარდნაძის მთავრობის "რკინის კაცმა" შს მინისტრის სავარძელში 6 წელი გაატარა, სააკაშვილის მთავრობის" ხერხემალმა" კი - 8. გიორგი გახარიას ჯერჯერობით, ერთადერთი სახელი აქცს - "ივანიშვილის სისხლიანი ჯალათი", თუმცა, რა სახელით შევა იგი ისტორიაში, ან რამდენი წელი იქნება მის ანგარიშზე, ამას დრო გამოაჩენს.

რაც შეეხება დამოუკიდებელი საქართველოს შს მინისტრებს - ზვიად გამსახურდიას მთავრობის შს მინისტრი 1990-91 წლებში დილარ ხაბულიანი იყო, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, დავით სალარიძემ შეცვალა, რომელიც ამ პოსტს ორი წლის განმავლობაში - 1991-92 წლებში იკავებდა. სალარიძე რომან გვენცაძემ შეცვალა და მან ამ პოზიციაზე მხოლოდ რამდენიმე თვე - 1992 წლის იანვარიდან ნოემბრამდე იმუშავა. გვენცაძე თემურ ხაჩიშვილმა ჩაანაცვლა და იგი შს მინისტრი 1993 წლის სექტემბრამდე იყო.

ხაჩიშვილის შემდეგ კი, ერთი თვით, შს მინისტრის მოვალეობას ედუარდ შევარდნაძე ასრულებდა. შევარდნაძემ აღნიშნული პოსტი ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მინისტრს, შოთა კვირაიას გადააბარა, რომელიც ამ თანამდებობაზე 1995 წლის 2 სექტემბრამდე დარჩა. 1995 წლის 2 სექტემბრიდან 2001 წლის 1 ნოემბრამდე კი, ყველაზე ხანგრძლივი ვადით, შს მინისტრის სავარძელში კახა თარგამაძე, იგივე "რკინის კაცი" ჩაჯდა, რომელიც "ვარდების რევოლუციამდე" ზუსტად 2 წლის ვადით კობა ნარჩემაშვილმა შეცვალა.

"ვარდების რევოლუციას" კი შს მინისტრად გიორგი ბარამიძე მოჰყვა, ბარამიძეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც შს მინისტრად მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა, 2004 წლის 17 დეკემბრამდე და პოსტი ყველაზე სტაჟიან შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს გადააბარა. სააკაშვილის ხელისუფლების "ხერხემალი" ყველაზე გავლენიანი მინისტრის სავარძელში 2004 წლის 18 დეკემბრიდან, 2012 წლის 4 ივლისამდე იჯდა. ჯამში - 8 წელი. "ხერხემალი" ბაჩანა ახალაიამ შეცვალა და ხელისუფლებაც შეიცვალა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 20 სექტემბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე, შს მინისტრის მოვალეობას ეკატერინე ზღულაძე ასრულებდა და ამ დრომდე ის ერთადერთი ქალია, ვისაც საქართველოს ისტორიაში შს მინისტრის თანამდებობა ეკავა. "ქართული ოცნების" პირველი შს მინისტრი კი, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელიც გამინისტრებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ივანიშვილმა დააწინაურა და პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაიყვანა. ღარიბაშვილმა მინისტრობა ალექსანდრე ჭიკაიაძეს დაუტოვა. "პიროვნება თალიბანას" ავტორი მინისტრის სავარძელში 2015 წლის 23 იანვრამდე იჯდა. ჭიკაიძე გადააყენეს და მისი ადგილი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. სუს-ის მოქმედი ხელმძღვანელი და ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრი შს მინისტრის პოზიციაზე 2015 წლის 1 აგვისტომდე იყო.

მისი სავარძელი 2017 წლის 13 ნოემბრამდე გიორგი მღებრიშვილმა დაიკავა. მღებრიშვილიც გადააყენეს და მის ნაცვლად გიორგი გახარია მოვიდა. მოვიდა და დარჩა, ჯერჯერობით ისევ ზის - ყველაზე გავლენიანი მინისტრის სავარძელში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გახარიას გადაყენებას ითხოვს, ივანიშვილი მის გადაყენებას ჯიუტად არ ჩქარობს. როდემდე გაჯიუტდება, ამასაც დრო აჩვენებს.

ცნობისთვის, საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ჩამოყალიბდა, რომლის ფუნქციებს განეკუთვნებოდა კონტრრევოლუციური გამოსვლებისა და ბოლშევიკური აგიტაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახაზინო ქონების მითვისების აღმოფხვრა და ა.შ. 1921 წლის 25 თებერვალს ქართველმა ბოლშევიკებმა რუსეთის დახმარებით საქართველოს მენშევიკური მთავრობა დაამხეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის 1921 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა.

1936 წლამდე საქართველოს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შედიოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, სამმართველო ექვემდებარებოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. 1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ავტონომიურმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიიღო მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 1 იანვრის №004 ბრძანებით საქართველოს ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველო გარდაიქმნა სახალხო კომისარიატად. 1941 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი გაერთიანდა. 1946 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს სახელი შეეცვალა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაერქვა.

1953 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს სსრ სამინისტროების გარდაქმნის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ, შინაგან საქმეთა სამინისტროდ გაერთიანდა. 1954 წლის 10 აპრილს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკ).

1962 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულებით კი - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის რესპუბლიკურ სამინისტროდ გარდაიქმნა, რომელსაც 1968 წლის 19 ნოემბერს ძველი სახელწოდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუბრუნდა. 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს სამართალდამცავ სფეროში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმები, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდა. 2015 წლის 1 აგვისტოს რეფორმირების პროცესს შედეგად მოჰყვა საპოლიციო სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოების სერვისების ორგანიზაციული და ინსტიტუციური გამიჯვნა და დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ჩამოყალიბება.