ჩვენი სახელის გამოყენება გეი სიყვარულზე არ გამოგივათ - ნინო სუხიშვილი
ჩვენი სახელის გამოყენება გეი სიყვარულზე არ გამოგივათ - ნინო სუხიშვილი

A+ A-

12:00 06/07/2019

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ქართულ-შვედური კო-პროდუქცია ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა.

ფილმი მოცეკვავე გეების სიყვარულზე, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ათ საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა, ამჯერად მისი რეჟისორის, ლევან აკინის ინტერვიუთი გახდა ხმაურის საგანი. 

The Guardian-თვის მიცემულ ინტერვიუში ლევანი ქართული ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ გენერალურ დირექტორს, ნინო სუხიშვილს მისთვის მოცეკვავეების დაბლოკვაში ადანაშაულებს.

ინტერვიუს ამონარიდიდან ჩანს, რომ თითქოს ნინო სუხიშვილმა რეჟისორი ჰომოფობიური  განცხადებებით უარით გაისტუმრა. 

„გადაღებების დაწყებამდე ჩვენ შევხვდით საქართველოს ეროვნული ბალეტის წარმომადგენელ ნინო სუხიშვილსაც, მისი რეაქცია კი შემდეგნაირი იყო: „რატომ არ შეიძლება, რომ ამ ბიჭს გოგო შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს“. ჩვენ მართლა ძალიან გამოგვადგებოდა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. ამას გარდა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა საცეკვაო კომპანიებს დაურეკა და მოცეკვავეებს ფილმში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. სუხიშვილმა მათ უთხრა, რომ ისინი ვეღარასოდეს იცეკვებდნენ, დაბლოკავდა-  ამბობს ინტერვიუში აკინი.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, წარმოშობით ქართველ რეჟისორ აკინს, სცენარის მიხედვით სწორედ „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის მოცეკვავეებზე უნდოდა ფილმის გადაღება და უარი ნინო სუხიშვილისგან ამიტომაც მიიღო.

როგორც ნინო „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, აკინს სცენარში ეწერა, რომ ფილმის გადაღება „სუხიშვილების“ ბაზაზე სურდა.

„ჩვენი სახელის გამოყენება გეი სიყვარულზე არ გამოგივათ-მეთქი, ვუთხარი. და მერე სხვაგან გადაიღო კიდეც.“

რაც შეეხება, ბრალდებას, რომ თითქოს სუხიშვილმა სხვა ცეკვის სტუდიების მოცეკვავეებიც დაუბლოკა, ნინო ლევანს „პრაიმტაიმის“ მეშვეობით ეპასუხება.

ნინო სუხიშვილი: - აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე - ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო? 

- ქალბატონო ნინო, ფილმი გამოვიდა, რაღაც წარმატებებიც აქვს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართული ცეკვის შეურაცხყოფაა გეი მოცეკვავე?

- მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი. 

- ქალბატონო ნინო, ბაბუას სიტყვას ხშირად ვიმეორებო, ჩვენთვის მოცემულ ძველ ინტერვიუში ამბობთ - „შენ კაცი იყავი და მოცეკვავედ მე დაგაყენებო.“ ამას იდეოლოგიას მიყვებით?

- მანდ სხვა კონტექსტია. კაცი იყავი, ნათქვამია ადამიანი და ღირსეული იყავი და არაკაცი არ იყოო. ჩვენ დასში ოჯახური სიტუაცია გვაქვს, ისე ვერ გაჩერდები, თუ ორგანულად არ ერწყმი მას. თაობებით მოგვყვება ტრადიციები. ხალხთან, ვისთანაც თვეობით მოგზაურობდა და ცხოვრობსდა, უნდოდა მისთვის მისაღები და ღირსეული ყოფილიყო.

წყარო:პრაიმტაიმი