რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 24 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 24 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება

A+ A-

12:24 06/07/2019

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მომავალი წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაახლოებით 24 მილიონი ლარის პროექტებს განახორციელებს- ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით ოთხი მილიონი ლარით არის გაზრდილი.

აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ამბულატორიებს, კეთილმოეწყობა გზები, გაუმჯობესდება წყალმომარაგება, მოეწყობა კულტურული, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურა. დაფინანსების არსებულ ფონდებს ორი ახალი წყარო – „ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობის პროგრამა“ და „წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა“ დაემატა.

„მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე დინამიურად იზრდება ის თანხები, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ინვესტირდება რეგიონებში და  რომელსაც თავად რეგიონები გამოიყენებენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: გზების, წყალმომარაგების, ბაღების, სკოლების, სკვერების, კულტურული თუ ტურისტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს 2019 წელს ეს თანხა შეადგენდა დაახლოებით 20 მილიონ ლარს, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან იყო ინვესტირებული, 2020 წელს ვგეგმავთ რომ ეს იყოს დაახლოებით 24 მილიონი ლარი“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა რაჭაში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.