"ტორპედო" იშლება - სად დახარჯა კლუბის კუთვნილი 12 მილიონი დოლარი ზაალ ჩაჩავამ?!
"ტორპედო" იშლება - სად დახარჯა კლუბის კუთვნილი 12 მილიონი დოლარი ზაალ ჩაჩავამ?!

A+ A-

17:38 08/07/2019

ქუთაისის "ტორპედო“ დაშლის პირასაა. "ქუთათურებს“ ფინანსური კრიზისი დაუდგათ. იმერული კლუბის ფეხბურთელებს 4 თვეზე მეტია ხელფასი არ აუღიათ.

როგორც "2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, "ტორპედოს" ბიუჯეტიდან თანხა კლუბის მფლობელმა ზაალ ჩაჩავამ მიითვისა. საუბარია 12 მილიონ დოლარზე, რომლის ნაწილიც, "2020NEWS”-ის ინფორმატორის ცნობით, მან ტოტალიზატორში წააგო, ნაწილით კი კანადაში უძრავი ქონება შეიძინა.

2020NEWS”-ის ინფორმაციით, "ტორპედოს" ფეხბურთელები კლუბს ტოვებენ. "ტორპედოდან" უკვე წავიდნენ მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, ნოდარ ქავთარაძე, გიორგი ქიმაძე და მერაბ გიგაური.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა, წასული ფეხბურთელები სახელფასო დავალიანებას სამი თვის განმავლობაში აიღებენ, ხოლო დარჩენილი მოთამაშეები ორ თვეში. თავად კლუბის მფლობელი ზაალ ჩაჩავა მედიასთან არ კონტაქტობს და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.

ჩაჩავამ მედიასთან კომენტარი მხოლოდ ერთხელ გააკეთა და ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც "ტორპედოში“ არსებული ფინანსური კრიზისის ამბავი საზოგადოებაში გაჟღერდა. იმ დროს ჩაჩავამ ფინანსური კრიზისი იმით ახსნა, რომ ჩინურმა "ჰუალინგ ჯგუფმა“ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. თავის მხრივ, ქუთაისის მერიასაც არ შეუძლია კლუბს ფინანსურად დაეხმაროს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭირღვაია ზაალ ჩაჩავას ესაუბრა და პირობა დადო, რომ არსებულ პრობლემას მოაგვარებს. ასეთი სავალალო მდგომარეობის გამო, "ტორპედოს“ გულშემატკივარი ლოზუნგებით "ჩაჩავა წადი, დრო ამოიწურა“ საპროტესტო აქციებს მართავენ. კლუბის ქომაგები აქციის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, სანამ ზაალ ჩაჩავა გუნდში დავალიანებას არ დაფარავს ან ინვესტორს არ მოძებნის.

"გულშემატკივრებმა "ტორპედოს“ სოლიდარობა აქციით გამოვუცხადეთ. მინდა განვაცხადო, რომ გაჩერებას არ ვაპირებთ და ევროპის ლიგის თამაშების შემდეგ, აქციებს გავაგრძელებთ. ჩვენ ორ საკითხს დავაყენებთ - ერთი, რომ ჩაჩავამ დარიცხოს დავალიანება და წავიდეს გუნდიდან. მეორე - მოგვიძებნონ წესიერი სპონსორი“, - განაცხადა "ქუთათურთა“ გულშემატკივარმა ვახტანგ პაპუაშვილმა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო - ქუთაისის "ტორპედო“ აუქციონზე 2017 წლის 16 ივნისს გაიყიდა და ამ დრომდე ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას მფლობელობაშია. ოფიციალური ინფორმაციით "ქუთათურები“ 300 ათას ლარად "შპს ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა“ შეიძინა. შესყიდვების დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჩაჩავამ კლუბში ყოველწლიურად 500 ათასი ლარის ინვესტირება უნდა განახორციელოს. ასევე უნდა უზრუნველყოს საფეხბურთო აკადემია და მოუაროს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს. დაზუსტებისთვის, "ჰუალინგ ჯგუფი“ კლუბის ანგარიშზე თანხას კი რიცხავდა, მაგრამ ზაალ ჩაჩავამ სწორედ ეს თანხა მიითვისა და კაზინოში "გაანიავა“.

სანამ, ჩაჩავა მედიასა და გულშემატკივარს ემალება, მანამდე კლუბი იშლება. ფაქტობრივად, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი"ტორპედო" ევროპის ლიგის გათამაშებაში ერთვება, თუმცა რა შედეგებით დაბრუნდება სამშობლოში ძნელი სათქმელია.

ცნობისთვის, "ტორპედო“ 1946 წელს დაარსდა და ეროვნული ლიგის ოთხგზის ოქროს მედალოსანია და სამგზის ვერცხლის მფლობელი. გუნდი 4-ჯერ გახდა საქართველოს თასისა და ერთხელ სუპერთასის მფლობელი.