აფხაზი ჩემი ძმა არის - გიორგი გასვიანი
აფხაზი ჩემი ძმა არის - გიორგი გასვიანი

A+ A-

14:53 09/07/2019

ინტერვიუ ტელეწამყვან გიორგი გასვიანთან

ის აფხაზეთიდანაა. ყველაფერი, რაც საკუთარ წარსულთან აკავშირებდა,  ოკუპაციის მიღმა დარჩა. რამდენიმე წლის წინ, საკუთარი სახლ-კარი "იმედის" ეთერში, გადაცემა "პრაიმ შოუში“ ნახა. ახლა იქ სხვები ცხოვრობენ. მშობლიური კარ-მიდამო ენატრება, მაგრამ იქ ჩასვლა არ შეუძლია.

"აფხაზეთი საქართველოა და არავის აქვს უფლება - მიისაკუთროს. აფხაზი  ჩემი ძმა არის “, - ამბობს "2020NEWS“-თან მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი: 

- სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ავიწყდებათ, რომ ნაომარი ქვეყანა ვართ და  ხალხიც მუდმივ სტრესზე საუბარით დაიღალა. ებარელებს აქვთ ასეთი სტარატეგია -  ომაზე ისინი ყოველდღიურ რეჟიმში არ საუბრობენ, რადგან  ეს მათთვის დიდი ტკივილი.  საუბარია ისრაელზე, რომელიც ახლაც საომარ მდგომარეოაბაშია.  ჩვენთან კი, მხოლოდ  პოლიტიკოსების მიერ მემორიალზე გვირგვინების მიტანა საკმარისი არაა, რადგან  დღემდე ოკუპაციაში ვართ, ამიტომ  სულ უნდა ვისაუბროთ აფხაზეთზე. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, რომ საბოლოოდ, აფხაზეთში და ცხინვალში დავბრუნდეთ, ეს არის ჩვენი მისია.

- ამბობთ, რომ პოლიტიკოსები მარტო მემორიალზე გვირგვინის მიტანით შემოიფარგლებიან. თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას?

- როდესაც  ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, მარტო იმაზე არ უნდა ვისაუბროთ, რომ ვიღაცამ დაგვიპყრო. ვინც დაგვიპყრო, ისიც ჩვენგან შექმნილი ტირანის სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფოა, ამიტომ უნდა ვემიჯნებოდეთ სტალინს და საბჭოთა კავშირს. რუსეთის ტირანიას უნდა ვემიჯნებოდეთ, საქართველოს ეს მისია აქვს. აბა რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიწა-წყალი, ტაძრები, ზღვა და ულამაზესი ათონი წაგვართვეს. თუმცა, ამ ყველაფერს დიპლომატიურად უნდა მივუდგეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ოკუპაცია მივიღოთ. კითხვა მაქვს, თუნდაც წინა, თუნდაც ახლანდელი ხელისუფლება  ქართულ აფხაზურ და ქართულ-ოსურ  ურთიერთობებზე რამდენ ფულს ხარჯავს?  ფული იხარჯება მხოლოდ იმაში, რომ ოკუპირებლ რეგიონში მცხოვრებთ ჩვენთან ჯანდაცვა აქვთ უფასო. ეს კარგია, მაგრამ ეს ხომ ურთიერთობა არ არის. ჩამოდიან,  მკურნალობენ  და მიდიან.  მაინც სეპარატისტულად გიყენებენ. მათ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს გარეშე ცალკე ვერ გაიხარებენ,  აფხაზეთი არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ის ეკონომიკურადაც ვერ განვითარდება, ისე როგორც დამოუკიდებელი. საქართველოა ის და არავის არ აქვს უფლება  მიისაკუთროს. აქ აფხაზებს კი არ ვერჩი, სეპარატიზმს ვებრძვი - ეს დაუშვებელია. აფხაზი არის ჩემი ძმა.  აფხაზეთი და ცხინვალი თუ არ დაბრუნდა,  ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება.

- გიორგი, თქვენ წლების შემდეგ ტელეეკრანიდან ნახეთ თქვენი სახლი. თუ გაქვთ ურთიერთობა აფხაზებთან, ან თქვენს კოლეგებთან?

- ურთიერთობა არ მაქვს, რადგან აფხაზებს არ ვიცნობდი, მაგრამ რომ მქონოდა კავშირს არ გავწყვეტდი, თუ ისინი არ გაწყვეტდნენ. პრინციპში, საქართველოსაც ასეთი მიდგომა აქვს, ჩვენ არ ვწყვეტთ ურეთიერთობას და ისინი კი.  სხვათაშორის აფხაზებს სოციალურ ქსელში  მოუწერიათ.  მწერენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ოდესღაც ყველაფერი დალაგდებაო. ასეთ მესიჯები არის იქიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

- კულტურამ და ხელოვნებამ შეიძლება ურთიერთობა დაალაგოს?

- რუსეთთან ურთიერთობაში ალბათ ვერა. შეიძლება არტისტი ჩავიდეს რუსეთში იმღეროს, ოღონდ ქართველებისთვის, და არა კრემლისთვის - ეს ჩემთვის დასაშვებია. თუმცა, ეს  ხშირად ხდება სპეკულაციის თემად, ვითომ იქ ჩასული ქართველი არტისტები მოღალატეები არიან - ამას ვემიჯნები.  როგორც ენგურის ხიდია დაკეტილი, ასეა ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ხიდიც ჩაკეტილი.

მაგალითად, გეტყვით ასეთ რაღაცას - ჩამოვიდა აფხაზი ბიჭი, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა ჰქონდა რომ ქართველები არიან ძალიან ცუდები. აფხაზეთში ასწავლიან, რომ ქართველები არიან დამპყრობელები, აფხაზებს მიწა წაართვეს და ახლა დაიბრუნეს - ისტორიას ამახინჯებენ. როდესაც ჩამოვიდა, აღმოაჩინა, რომ "მკვლელი ქართველები“ კარგად ექცევიან. ამიტომ უფრო მეტი ნაბიჯებია გადასადგმელი. მესმის, ღიადაც ვერ იზამ, დაგიბლოკავენ და იმ წამსვე საზღვრებს ჩაკეტავენ და აფხაზებს აქეთ აღარ გამოუშვებენ, თუნდაც სამკურნალოდ. მაგრამ, შენ მეტი უნდა ეცადო. ყოველშემთხვევაში, როდესაც საზღვარს ჩაკეტავს და აქეთ აღარ გამოუშვებენ, ის აფხაზი მიხვდება საქართველოში მკურნალობდა და ამ აკრძალვით, პროტესტი გაუჩნდება. ამიტომ, მეტი სითამამეა საჭირო, ოღონდ ფრთხილი სითამამე.

- აფხაზური იცით?

- არ ვიცი აფხაზური, მარტო ლექსი ვიცოდი აფხაზურად. ესეც ჩვენი დანაშაულია, რომ არ ვიცით. მაგრამ თუ მომეცემა საშუალება, აფხაზეთის თემატიკაზე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ვფიქრობ, პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეს თემა გულწრფელად აინტერესებთ. აფხაზურ ენაზე წიგნები უნდა გამოვიდეს. აფხაზურად სტატიები უნდა დაიბეჭდოს, რათა აფხაზებს  ვაჩვენოთ, რომ დღეს ერთად რომ არ ვართ, ეს  რუსების ბრალია. სამწუხაროდ, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ.

- და ბოლოს გამოსავალს რაში  ხედავთ?

- სამწუხაროდ, პოლიტიკოსებთან საუბარი არ ჭრის, ისევ უბრალო ხალხთან თუ გვექნება საუბარი. მათ უნდა ვაჩვენოთ რეალურად რა და როგორ არის და არა ის, რასაც მათ იქ

ასწავლიან. დიდი სიამოვნებით ჩავერთვები სააგიტაციო პროექტებში, თუმცა არავის დაუძახია ჩემთვის. ვთარგმნოთ აფხაზურად რაღაცეები, გავხსნათ ინტერნეტ-გვერდები. მარტო ასე საუბარით არაფერი გამოვა. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ აფზახეთზე.

ავტორი: მარი მგალობლიშვილი