მამუკა ხაზარაძე როცა პოლიტიკაში აღმოჩნდება, ამაზე მერე ვილაპარაკოთ... - ლევან კობერიძე
მამუკა ხაზარაძე როცა პოლიტიკაში აღმოჩნდება, ამაზე მერე ვილაპარაკოთ... - ლევან კობერიძე

A+ A-

19:01 09/07/2019

ინტერვიუ დეპუტატ ლევან კობერიძესთან

“ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ ადამიანებს შორის მოიაზრება, რომლებიც პოლიტიკურ მომავალს, სავარაუდოდ, “თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დაუკავშირებენ.

კობერიძე აღნიშნულს 2020NEWS“ -თან  არ უარყოფს და აცხადებს, რომ ყველაფერს ნათელი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შესაძლო გამოჩენის შემდეგ მოეფინება.

ლევან კობერიძე:

- ჯერ მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოს მკაფიო განაცხადი, აპირებს თუ არა პოლიტიკაში შემოსვლას. თუ აპირებს, საზოგადოებას უნდა უთხრას, რა გეგმები და მიზნები აქვს. მაშინ, როცა აღნიშნული მეცოდინება, შემიძლია ვისაუბრო იმის შესახებ, ვაპირებ თუ არა 2020 წლის არჩევნებისთვის მსგავსი ტიპის ძალასთან თანამშრომლობას.

- მამუკა ხაზარაძემ დღეს გავრცელებულ განცხადებაში საკუთარ პრიორიტეტებს ხაზი უკვე გაუსვა. პირადად თქვენთვის ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ბიზნესმენის მიდგომები მისაღებია?

- მამუკა ხაზარაძის განცხადება წავიკითხე. მისი მიზანია ქვეყნის კეთიდღეობისთვის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. ზოგადად, გეტყვით, რომ იმ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც  ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, შემიძლია ვიმსჯელო და ვისაუბრო საერთო ნაბიჯების შესახებ.

- მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაზარაძესთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირებას აპირებთ. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია არ გქონიათ?

-მამუკა ხაზარაძე ძალიან დიდი ხანია არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვიცნობ.

- პროკურატურაში  “თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. თქვენი მოსაზრებით,  “თიბისი ბანკის“  დამფუძნებლის პოლიტიკური აქტიურობის შემთხვევაში, შესაძლოა, ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს, მისი ბრალეულობა გამოიკვეთოს?

- ჯერ  მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შემოვიდეს და აღნიშნულის შესახებ  მერე ვისაბროთ. წლების წინ მამუკა ხაზარაძე მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაში, მაგრამ შემდგომ მისი აქტიურობა პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ გადაზრდილა.

- ქვეყანაში განვითარებული პროცესებისა და მით უფრო, ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების ფონზე, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების უკან  პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების იდეა არ იკვეთება?

- მამუკა ხაზარაძემ აღნიშნულის შესახებ თავად უნდა ისაუბროს. მან საზოგადოებას უნდა ამცნოს, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას. მე აქტიურ პოლიტიკაში ვარ, ის აქტიურ ბიზნესში, შეასაბამისად, როცა ის აღმოჩნდება აქტიურ პოლიტიკაში, თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს მერე გაგცემთ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე