გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პარტიას ერთად დააფუძნებენ - ვახტანგ ძაბირაძე
გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პარტიას ერთად დააფუძნებენ - ვახტანგ ძაბირაძე

A+ A-

13:21 10/07/2019

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან

“მამუკა ხაზარაძეს სასტარტო პირობები ძალიან კარგი აქვს. მის წინააღმდეგ აგორებულმა სკანდალმა ბიზნესმენს საზოგადოებაში ცნობადობა მოუტანა, ხოლო ანაკლიის პორტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა პროდასავლური ლიდერის იმიჯი მოარგო“, - ამის შესახებ “2020NEWS”-თან პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პარტიას ერთად დააფუძნებენ.

- ბატონო ვახტანგ, სექტემბერში ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. თქვენი მოსაზრებით, ქვეყანაში განვითარებული პროცესებისა და მით უფრო, ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების ფონზე, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების უკან პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების სურვილი არ იკვეთება?

-სამოქალაქო მოძრაობა გარკვეული დროის შემდეგ უინტერესო ხდება ხოლმე, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, ის პოლიტიკურ ორგანიზაციად ტრანსფორმირდება. მგონია, რომ  ბინზესმენ მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობა პოლიტიკურ ორგანიზაციად ადრე თუ გვიან აუცილებლად ტრანსფორმირდება, რომლის წარმატება, როგორც პოლიტიკურ გარემოზე, ისე საარჩევნო კოდექსზე  იქნება დამოკიდებული.

მამუკა ხაზარაძეს სასტარტო პირობები ძალიან კარგი აქვს. მის წინააღმდეგ აგორებულმა სკანდალმა ბიზნესმენს საზოგადოებაში ცნობადობა მოუტანა, ხოლო ანაკლიის პორტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა - პროდასავლური ლიდერის იმიჯი მოარგო. აქედან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებაში დადებითი განწყობით ნამდვილად სარგებლობს.

- სახელდებიან ის პირები, რომლებიც მამუკა ხაზარაძესთან ერთად პოლიტიკაში გამოჩნდებიან, რომელთა შორის არის ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური ტაიმაუტის შემდეგ,“ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ველზე გამოჩნდება?

- მამუკა ხაზარაძესა და გიორგი კვირიკაშვილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. დიდი ალბათობით, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და ხაზარაძესთან ერთად პარტიას დააფუძნებს. საზოგადოებაში ყოფილ პრემიერს ნამდვილად არ აქვს უარყოფითი იმიჯი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოსტიდან გაუშვეს, საზოგადოების თვალში არამებრძოლ კაცად წარმოჩინდა. ხალხი კი მებრძოლ გუნდს მოითხოვს. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს მამუკა ხაზარაძესთან შედარებით კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა. მაშინ ივანიშვილი ლეგენდა იყო, ხაზარაძე კი ბანკირია, რაც მისთვის ხან პლიუსია, ხანაც მინუსი.

- პროკურატურაში  “თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. თქვენი მოსაზრებით, “თიბისი ბანკის“  დამფუძნებლის პოლიტიკური აქტიურობის შემთხვევაში, შესაძლოა, ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს, მისი ბრალეულობა გამოიკვეთოს?

- საქართველოში უამრავი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებიც დღემდე არ გამოძიებულა. მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურა რას გადაწყვეტს, ჯერჯერობით, არავინ იცის. არსებობს ორი ვერსია: მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლისა და საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ინფორმაცია აქვს დაპატიმრების შესახებ, რასაც ხაზარაძე პოლიტიკურ ელფერს მისცემს, ან პოლიტიკაში იმიტომ მოდის, რომ ხიფათშია, არა “თიბისი ბანკი”, არამედ ანაკლიის პორტი.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე