ოქრო, ახლა უკვე მარგანეცი - რა აკავშირებს ჭიათურის მაღაროების ახალ დირექტორს უჩა მამაცაშვილთან?
ოქრო, ახლა უკვე მარგანეცი - რა აკავშირებს ჭიათურის მაღაროების ახალ დირექტორს უჩა მამაცაშვილთან?

A+ A-

14:52 10/07/2019

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორად კომპანია "RMG“-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ივა ხეთაგური დაინიშნა. ხეთაგური ორი კვირაა, "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლებს ხვდება.

როგორც "2020NEWS“-მა გაარკვია, ივა ხეთაგური კომპანია "RMG“-ის პირდაპირი და "ირიბი" მფლობელების ნდობით აღჭურვილი პირია.  შესაბამისად, იგი ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მაღალი ნდობით სარგებლობს, ისევე როგორც კომპანია "RM Gold“-ის მენეჯმენტის თითქმის ყველა წარმომადგენელი.

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორად ივა ხეთაგურის დანიშვნამდე, "2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ კომბინატის გადაყენებული დირექტორის ვაკანტური თანამდებობა, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს დაეკავებინა.

როგორც ირკვევა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია სიმართლესთან ძალიან ახლოს იყო, რადგან ხეთაგური "GM"-ში პირდაპირ ნიშნავს და გულისხმობს უჩა მამაცაშვილს და ე.ი. ბიძინა ივანიშვილს.

ცნობისათვის,  ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი აკაკი გურჯიძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც სახელმწიფოსა და გაფიცულ მაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა და 13 დღიანი საპროტესტო აქცია სწორედ გურჯიძის გადაყენებით და გაფიცულების მოთხოვნების ნაწილობრივ შესრულებით დასრულდა.

შეგახსენებთ, ჭიათურელი მაღაროელები, ქალაქის მერიის წინ 13 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და მას შემდეგ, რაც მოშიმშილეებს სოლიდარობა ჭიათურის რაიონის მოსახლეობაც გამოუცხადა, ხელისუფლება იძულებული გახდა, გაფიცულების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.

აღსანიშნავია, რომ "ჯორჯიან მანგანზში" უკვე ორი წელია დროებითი მმართველი ზის. ნიკოლოზ ჩიქოვანი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ დროებით მმართველად 2020 წლის მაისის ბოლომდე დასვა.

"ჯორჯიან მანგანზი" "ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) - მსხვილი ჰოლდინგის წევრია, რომელიც აერთიანებს "ჯორჯიან მანგანეზს" (ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა), ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა ფერომედს.

კომპანიის სათაო ოფისი შეერთებულ შტატებში, მაიამიში მდებარეობს. მისი ერთ-ერთი მფლობელი უკრაინელი ოლიგარქი იგორ კალამოისკია.