ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

A+ A-

12:17 11/07/2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას ითხოვენ. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

არამოსამართლე წევრების განცხადებით, საუბარია 50-კაციანი სიის შედგენის დროს, ნეპოტიზმსა და სავარაუდო გარიგებებზე საბჭოს ზოგიერთ წევრს შორის.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეწყდეს, რადგან აკუმულირებულია უამრავი დარღვევა და ამ დარღვევების შედეგად შერჩეული მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებენ, ვერ გააძლიერებენ უზენაეს სასამართლოს.

საბჭო უარს ეუბნება მოსახლეობას გადასცეს ინფორმაცია კანდიდატების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ცალკე რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმა საბჭოს . მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კონტიტუციის, ორგანული კანონის მოთხოვნა, იუსტიციის საბჭო არ აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას, თუ ვის სურს იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

მეორე სერიოზული დარღვევა არის ის შესაძლო გარიგებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 50 კაციანი სიის შედგენისას. სახალხო დამცველის კვლევის შედეგად ჩანს, რომ ეს დამთხვევები ბადებს კითხვებს. ჩანს სერიოზული დამთხვევები 10 ბიულეტენში. ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო გარიგებებს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობაში, რის შედეგადაც, მოხდა სიის ფორმირება ანუ საბჭოს წევრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად, არამედ როგორც სახალხო დამცველი მიუთითებს ადგილი ჰქონდა წინასწარ შესაძლო შეთანხმებას სიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საბჭოს კიდევ ერთ არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ დღეს არსებული დარღვევებიდან გამომინარე, აუცილებელია შერჩევის პროცესის შეწყვეტა.

„დღეს არსებული დარღვევებიდან გამომდინარე სამწუხაროდ, ჩვენ მივედით იმ ეტაპზე, რომ ვითხოვთ შერჩევის ეტაპის შეწყვეტას. დარღვევები არის საკმაოდ სერიოზული და ეს უკავშირდება ნეპოტიზმსა და კონკრეტული ჩინჩალაძის მაფიის ინტერესებს. კონკურსში მონაწილეობენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების თამარ ონიანის და ორაკლი შენგელიას ნათესავები.

ერთ შემთხვევაში ეს არის მაზლი და მეორე შემთხვევაში ცოლის ძმა. ეს მიუღებელია. წარმოუდგენელია კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობდნენ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც მათი ნათესავია. ასევე, წარმოუდგენელია საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ქცევა მთელი ამ ხნის განმავლობაში. იგი არ ჩამოშორებულა საბჭოს საქმიანობას, ის არის ხელმძღვანელი იმ აპარატის, რომელიც აგროვებს მასზე ინფორმაციას და რომელმაც უარი თქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე“, – განაცხადა ჯანზეზაშვილმა.