სახელმწიფოს შერჩევით სამართალს არ შევარჩენთ - ზურა ბუდაღაშვილის მხარდამჭერები
სახელმწიფოს შერჩევით სამართალს არ შევარჩენთ - ზურა ბუდაღაშვილის მხარდამჭერები

A+ A-

17:38 11/07/2019

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოეტ ზურა ბუდაღაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები, ხვალ საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ სახელწოდებით - "არა შერჩევით სამართალს“. ამის შესახებ "2020NEWS"-ს ზურა ბუდაღაშვილის მეგობარმა განუცხადა.

როგორც მან სააგენტოსთან აღნიშნა, ზურა ბუდაღაშვილი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია. მისივე თქმით, დაკავებული ზურა ბუდაღაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და უკვე 7 დღეა შიმშილობს.

"პარასკევს, 12 ივლისს ვიკრიბებით საქალაქო სასამართლოსთან. ვმართავთ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, რომელიც იქნება სრულიად აპარტიული, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია დაკავებული ზურა ბუდაღაშვილის საქმეზე. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ზურა არ ეკუთვნოდა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, თუმცა მის შესახებ სოიალურ ქსელებში ე.წ ბოტების საშუალებით იწერება, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის არ წარმოადგენდა იმ დღეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, უბრალოდ აქციაზე მივიდა, რათა გაეპროტესტებინა რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჯდომა და რუსული ოკუპაცია. ჩვენ არ ვაპირებთ, სახელმწიფოს შევარჩინოთ ისეთი შერჩევითი სამართალი, როგორიც ხორციელდება ზურა ბუდაღაშვილის მიმართ", - აცხადებს ბუდაღაშვილის მეგობარი.

როგორც სააგენტოსთან საუბარში ბუდაღაშვილის მეგობარმა განაცხადა, ზურა ბუდაღაშვილი 20 ივნისის აქციაზე 12 საათზე მივიდა, მაშინ როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობა აღკვეთილი იყო და უშუალოდ აქციის მონაწილეებზე ნადირობა მიმდინარეობდა, რა დროსაც მის მეგობარ გოგონას სახეში მოხვდა ტყვია, რამაც მისი გაღიზიანება და პოლიციელის მიმართ აგრესია გამოიწვია.

"20 ივნისის ღამეს ზურა აქციაზე გვიან, 12 საათზე მივიდა. ეს ის დროა, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობა აღკვეთილი იყო და სპეცრაზმი უკვე ოფიციაურად ნადირობდა აქციის მონაწილეებზე. ზურა ამ სიტუაციისგან შედარებით შორს იდგა და ცდილობდა არეულობაში არ მომხვდარიყო, რა დროსაც მის გვერდზე მდგომ გოგონას სახეში მოხვდა ტყვია, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და დაუპირისპირდა პოლიციელს.

აღნიშნული კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა რათა ამით აქციის მონაწილეების ძალაობრივი ქმედება გამოეაშკარავებიათ. თუმცა თუ კადრებს კარგად დააკვირდებით - დაინახავთ, რომ ზურა ფარს არტყამს და არავინ დაუზიანებია და დაუზარალებია. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირადად ზურა ბუდაღაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და მიმდინარეობს ბულინგი“, - განაცხადა ბუდაღაშვილის მეგობარმა.

მისივე თქმით, ზურა ბუდაღაშვილი პირადად არ იცნობდა დანარჩენ სამ დაკავებულს, რომელთან ერთადაც, წინასწარ დაგეგმილ ჯგუფურ დანაშაულში სდებენ ბრალს.

"ზურა პირადად არც კი იცნობდა დანარჩენ სამ დაკავებულ პიროვნებას და ფაქტია, არ მონაწილეობდა არანაირ წინასწარ დაგეგმილ ჯგუფურ აქტივობაში. როგორც უკვე აღვნიშნე, მისი გაღიზიანება გამოიწვია პოლიციელების მხრიდან გამოჩენილმა უდიდესმა ძალადობრივმა ქცევამ“, - ზურა ბუდაღაშვილის მეგობარი სააგენტოსთან საუბარში.

როგორც "2020NEWS“-თვის გახდა ცნობილი, ზურა ბუდაღაშვილი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტად მოიხსენიებენ, სწორედ ამ პარტიის მმართველობის პერიოდში, იყო დაკავებული ასევე დაკავებული იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას ზურა ბუდაღაშვილის მამაც.

მამა-შვილ ბუდაღაშვილებს  ციხეში ყოფნისას სასტიკად ექცეოდნენ და წამების მსხვერპლიც გახდნენ, რის გამოც ზურაბ ბუდაღაშვილს, რაღაც პერიოდი ფსიქიტრიულ საავადმყოფოში მოუწია ყოფნა, ხოლო მამამისი წამებისგან დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგად, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ზურა ბუდაღაშვილი 4 ივლისს საკუთარი სახლის წინ დააკავეს. მას და კიდევ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ გამოძიება 20-21 ივნისის ღამით ჩადენილ სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და კანონის თანახმად 4-დან 6-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ასევე დაწყებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

თუმცა, ამ მიმართულებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოს ეჭვმიტანილები და ბრალდებულები გამოვლენილი არ ჰყავს. ასევე გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემულია ნიკანორ მელია, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.  მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ორი კვირაა, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება, გახარიას თქმით თუ საჭირო იქნება, ის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.