"გავრილოვს სამწუხაროდ, ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით"
"გავრილოვს სამწუხაროდ, ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით"

A+ A-

21:17 11/07/2019

"გავრილოვს სამწუხაროდ, ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველში" განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქართველოში მართლმადიდებელი ქვეყნების ასამბლეა იმართებოდა, რუსეთის დელეგაციიდან რამდენიმე არ შემოუშვეს საქართველოში, რომლებსაც "საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი" ჰქონდათ დარღვეული.

მინისტრი აქვე დასძენს, რომ სამწუხაროდ, გავრილოვს ეს კანონი დარღვეული არ ჰქონდა, თუმცა მიზეზს ეძებდნენ, რომ ის არ შემოეშვათ.

"თუ ვინმეს, მათ შორის ოპოზიციას, ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა ამაზე, შეეძლოთ ამ 2-3 თვის განმავლობაში პარლამენტში კანონპროექტი დაეინიცირებინათ და ეთქვათ, იცით, რა, ვინც ხმა მისცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, ისინიც არ შემოვუშვათ. მაგრამ, ეს არ გაუკეთებიათ. ოპოზიციამ გავრილოვთან დაკავშირებით 3 თვის განმავლობაში ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. წინა დღეებში გააპროტესტეს. ის ემოციები კი, რაც ახალგაზრდებს, თუ ძველგაზრდებს აქვთ, პოლიტიკურ კონტექსტში იყო გამოყენებული", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, გავრილოვის შემთხვევა შეცდომა იყო, თუმცა ამ შეცდომაზე მთავრობამ თუ პარლამენტმა პასუხი აგო.

"გავრილოვის შეცდომა მთავრობამ თუ პარლამენტმა, ვინც ამაში იყო დამნაშავე, იმ დღესვე გამოასწორა. ეს ღონისძიება იყო შეწყვეტილი, გავრილოვი იჯდა თვითმფრინავში და მიფრინავდა სადღაც. მშვიდობიანი დემონსტრაცია მისაღები იყო, მაგრამ გავრილოვის ნებისმიერი სახის ქმედება ვინმეს აძლევს ლეგიტიმაციას, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს?", - განაცხადა შს მინისტრმა "ტვ პირველის " ეთერში.