"გაფრთხილება როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამდენჯერმე იყო"
"გაფრთხილება როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამდენჯერმე იყო"

A+ A-

21:58 11/07/2019

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს.

"რაც შეეხება გაფრთხილების ნაწილს, გაფრთხილება როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამდენჯერმე იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას იმ პერიმეტრზე, წინა ხაზზე, იმას უკვე არანაირი აზრი არ ჰქონდა. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. კანონმდებლობით აბსოლუტურად მკაფიოდ არის გაწერილი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, 30 გატაცებული პოლიციელი ამ მასაში და 300-ზე მეტი გატაცებული ფარი – პოლიციელებს, რომლებსაც ჰქონდათ ბრძანება დაცვის, ისინი იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ გაზი. რატომ გაზი, რადგან გაზი პირველ რიგში, არის ყველაზე ნაკლებად მავნებელი, რატომ უკან, რადგან წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი. იქითკენ ვისვრით მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად, ჯგუფურად, დაახლოებით 400-450 ადამიანი, შეტევაში არ იყო ჩართული, მათი გაფანტვა რომ მომხდარიყო“,- განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, არაობიექტურობის შეგრძნება დატოვა „ტვ პირველის“ დღევანდელმა ანონსმა, რომელშიც როგორც გახარიამ აღნიშნა, არ აჩვენეს არც ერთი შემთხვევა, სადაც პოლიციელებზე თავდასხმა იყო ასახული.

"მინდა, ერთ რაღაცას დავუბრუნდე. არ მინდოდა ამაზე საუბარი. დღევანდელ თქვენს ანონსში, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს არის ტელევიზია, რომელსაც აქვს კონკრეტული პოზიცია, მაგრამ როდესაც თქვენ ობიექტური, უზომოდ კრიტიკული ჟურნალისტი, რაც ჩემთვის მისაღებია და იმიტომ ვზივარ აქ და არა სხვა ტელევიზიაში, ანონსში არ აჩვენებთ არც ერთ შემთხვევას, როგორ ხდებოდა თავდასხმა პოლიციელზე, რითაც უბრალოდ არაობიექტურობის შეგრძნებას ქმნით. იმ ადამიანების, რომლებიც ჩემს უკან დგანან, დღეს უბრალოდ ბრალს სდებენ რაში, რომ მათ ქვეყნის წინაშე თავის ფუნქცია შეასრულეს და ფიზიკურ მოძალადეებს არ მისცეს საშუალება, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა ტრაგიკული შემთხვევები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.