მე არ შემიძლია გადადგომის გადაწყვეტილება გახარიას ნაცვლად მივიღო - პასკალ მენიე
მე არ შემიძლია გადადგომის გადაწყვეტილება გახარიას ნაცვლად მივიღო - პასკალ მენიე

A+ A-

12:53 12/07/2019

საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი აზრით მნიშვნელოვანია, გამოძიება სახალხო დამცველის აპარატის თანამონაწილეობით ჩატარდეს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩეს იმით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა ვითარება ისე უნდა დაინახონ, როგორც ეს არის და როგორც იყო და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. მე არ შემიძლია ეს გადაწყვეტილება გახარიას ნაცვლად მივიღო. 

"კითხვაზე, ინაწილებდნენ თუ არა ელჩები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას გახარიასთან ერთად, ელჩმა განაცხადა, რომ ის იქ არ ყოფილა.

"დიპლომატები აქ დასახმარებლად არიან, განსაკუთრებით დიპლომატები ევროკავშირიდან, იმიტომ რომ მათ საქართველო მოსწონთ და სურთ, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ მოსახლეობის ერთიანობას შევუწყოთ ხელი, რადგან ჩვენ არ ვართ მოხარულები იმის დანახვით, თუ როგორი დანაწევრებულია მოსახლეობა. ჩვენ ასევე ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურების თვითმხილველები ვხდებით. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდეს და არ უნდა იყენებდეს სიძულვილის ენას ან შეურაცხმყოფელ რიტორიკას ერთმანეთის მისამართით. ეს ჩვენი სურვილია. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლები ვიყოთ ხელისუფლების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. თუ ისინი გვეკითხებიან აზრს, ჩვენ ვაფიქსირებთ. პირადად მე ყოველთვის გულწრფელად ვაფიქსირებ აზრს. მაგრამ ამის შემდეგ ის მათი პასუხისმგებლობაა, ისინი არიან არჩეულები, მათ აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს მათი ვალდებულებაა მოსახლეობის წინაშე, რომ გააზრებულად იმოქმედონ“, - განაცხადა მენიემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ უშუალოდ ადევნებდა თვალს, თუ რა ხდებოდა 20-21 ივნისის ღამეს და მასთან ერთად ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში რამდნიმე ელჩიც იმყოფებოდა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.