გიორგი გახარიამ საბჭოთა მილიციის უფროსის როლის თამაში აირჩია - იაგო ხვიჩია
გიორგი გახარიამ საბჭოთა მილიციის უფროსის როლის თამაში აირჩია - იაგო ხვიჩია

A+ A-

12:55 12/07/2019

"გიორგი გახარიამ საბჭოთა მილიციის უფროსის როლის თამაში აირჩია“, - ამის შესახებ "გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ "2020NEWS“-ს შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

"საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ეს შედეგს ვერ შეცვლის. ჩვენ ვიცით, როგორც დამთავრდება ეს ამბავი. გახარიას ამ თემასთან დაკავშირებით მოუწევს წასვლა. რამდენ ხანს გაჯიუტდება ხელისუფლება და ეცდება, შეინარჩუნოს დაზიანებული მინისტრი, არ ვიცი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, შედეგს ვერ შეცვლის. "ქართული ოცნება“ გახარიას ამ თანამდებობაზე ყოფნით ყოველდღიურად ზიანდება. უბრალოდ, ისინი ჯერ ამას ვერ ხვდებიან, როგორც ჩანს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, გიორგი გახარია თანამდებობიდან თავის დროზე რომ წასულიყო, შეეძლო ჰქონოდა პოლიტიკური პერსპექტივა. "მან აირჩია საბჭოთა მილიციის უფროსის როლის თამაში, მაგრამ, ჩვენ, როგორც ქვეყანა, იმაზე უკეთესი ვართ, ვიდრე ვიღაცას შეიძლება ჰგონებოდა. არ გამოვიდა საბჭოთა მილიციის უფროსის თამაში ამ ქვეყანაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებას, იაგო ხვიჩიას თქმით, გახარიას არგუმენტი, რომ ამ ტყვიების გამოყენება კანონით დაშვებულია და არ არის ლეტალური, გაუმართლებელია.

"ჩვენ დავინახეთ ამ ტყვიების შედეგი ადამიანების სახეებზე. კანონში რა წერია და რა არა, ეს არის მეორე ხარისხოვანი. კანონში წერია, რა ტყვიები შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაცისთვის, მაგრამ, იყო თუ არა ის რაღაც მომენტი, რა დროსაც ეს ტყვიები უნდა იყოს გამოყენებული და ის წესები დაცული, როგორ უნდა ყოფილიყო ეს ტყვიები გამოყენებული, ამაზე არავის არაფერი უთქვამს. ჩვენ ხომ ვიცით, აქ არის პრობლემა და არა იმაში, რომ კანონში წერია თუ არა, რაღაც პლასმასის ტყვიები რაღაც დროს გავისროლოთ. ამიტომ, ჩემი აზრით ეს იმის მცდელობაა, რომ კანონის მოშველიებით, როგორც სასამართლომ იცის ხოლმე, როდესაც უდანაშაულო ადამიანს ციხეში ჩასვამს, იტყვის ხოლმე, კანონში ეწერა ასეო.... რა ეწერა კანონში, რომ 18 წლის მაკო გომურს თვალში პლასტმასის ტყვია მოხვედროდა? აბა ზემოდან დავზუმოთ ეს სიტუაცია და ისე შევხედოთ რა მოხდა 20 ივნისს. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი არის თავის გადარჩენის მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დამთავრდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ "ტვ პირველის“ ეთერში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობიდან წასვლა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. მან ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებაზეც გასცა კითხვას პასუხი და აღნიშნა, რომ ეს ტყვიები არალეტალურია და მისი გამოყენება კანონით არის დაშვებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში.