ამ მუხლით ჩემს დაპატიმრებასაც აპირებდნენ - თინა ხიდაშელი
ამ მუხლით ჩემს დაპატიმრებასაც აპირებდნენ - თინა ხიდაშელი

A+ A-

13:29 12/07/2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს ,რომელიც პირველ რიგში შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ უნდა წაიკითხოს. 

“ძალიან გრძელი პოსტი გამოვა. მაგრამ თუ მართლა გაინტერსებთ, სინამდვილეში სამართლებრივად რა მოხდა იმ ღამეს, წაიკითხეთ.
არსებობს ერთი ჯადოსნური წიგნი და იქ ყველაფერი წერია. ეს წიგნია სისხლის სამართლის კოდექსი!
სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლს თავისი აზრი აქვს. ზოგი წინასწარ განზრახვას ითხოვს, ზოგი საბოლოო მიზნის დადასტურებას, ზოგი დანაშაულის სპონტანურობას ადგენს და ზოგი ამბობს, რომ რაღაც ერთი მიზნით იწყება და მერე შეიძლება დანაშაულში გადაიზარდოსო. ამ მოცემულობოთ:
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ქმედება რომელიც 20 ივნისის, სრულიად მშვიდობიანი მიტინგის დროს, ერთ მონაკვეთში, მომიტინგეთა ერთი ნაწილის მიერ განხორციელდა (პოლიციელების გადმოთრევა კორდონიდან, სახელმწიფო ქონების დაზირება და გატაცება - ფარები და ჩაფხუტები, პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობა პოლიციელების კორდონის გარღვევით) ერთმნიშვნელოვნად ეტევა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მოცემულობის ფარგლებში, აკრძალული და დასჯადი ქმედებაა.
ჩემი აზრით, ყველა ვინც ამას უარყოფს და ცდილობს ვითარების ისე წარმოჩენას, რომ საერთოდ არაფერი მომხდარა ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, უბრალოდ ეხმარება გახარიას, რომ დააიგნოროს ყველა შემდეგი, სრულიად სამართლიანი მოთხოვნა.
ამასობაში, სრულიად არალეგიტიმური, დაუსაბუთებელი და ტყუილია ხელისუფლების, მათ შორის ინგა გრიოგოლიასთან გახარიას მიერ წარმოდგენილი კვალიფიკაციები (სახელმწიფო გადატრიალება, ინსტიტუციების ჩამოშლა, ამბოხი, ხელისუფლების ძალადობით შეცვლა). არ არსებობს მათი დადასტურების საჯაროდ ცნობილი ფაქტები (არადა ამაზე აპელირებს ყველა ხომ ერთად ვუყურებდითო) და შესაბამისად, პოლიტიკურ ხასიათს სძენს მთელს გამოძიებას.
ზუსტად, ისე როგორც ისინი ამბობენ არაფერი მომხდარა, შსს მინისტრი არარსებულ დანაშაულზე აპელირებით თავად ეწევა სახელმწიფო სისტემის, ინსტიტუტების, გამოძიების ინსტიტუციურ ჩამოშლას, ნდობას აკარგვინებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად აქცევს.
მთავარი ფაქტები მძიმედან მსუბუქისკენ:
315-317-ე მუხლები. ეს არის სამართლებრივად ის რაზეც ხელისუფლება საუბრობს:
შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად
მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
შეთქმულება – წინასწარ განზრახული, ქმედებაა, ის გამორიცხავს სპონტანურობას და აფექტის მდგომარეობაში განხორციელებას რაც 20 ივნისის თანმდევი იყო. არადა შეთქმულების გარეშე ეს დანაშაული არ არსებობს.
ჯერჯერობით არავის უნახავს არც მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობისკენ. ისევ და ისევ ეს არ არის ემოციური კატეგორია, ასეთ მოწოდებები ძალიან კონკრეტული, დადასტურებული საფრთხის მატარებელი უნდა იყოს და მათ განხორციელების და მიზნის მიღწევის დადასტურებული მტკიცებულებები უნდა არსებობდეს.
მაგალითად, 2007 წელს, მაშინ პროკურორი ნიკა გვარამია "იმედის" ეთერში მეუბნებოდა, რომ აუცილებლად აღძრავდა საქმეს ჩემს წინააღმდეგ ზუსტად ამ მუხლით, იმიტომ რომ მე 7 ნოემბრის აქციაზე გამოსვლის ვთქვი “გამოდით ხალხო და დავამთავროთ ეს ხელისუფლება”. არც საქმე აღძრულა და არც არაფერი, იმიტომ რომ სრულიან ნათელი იყო ყველასთვის რომ სასაცილო იქნებოდა ჩემს ამ მოწოდებაზე სამართლებრივი რეაგირება, როდესაც არ არსებობდა დადასტურებული მტკიცებულება, რომ ამგვარი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა მქონდა, ბევრი ხალხის გამოსვლის პირობებშიც კი.
მუხლი 222-ე რომელსაც არ ახსენებს ხელისუფლება. ვინაიდან ეცოტავება, პოლიტიკური დრამისთვის, დათხრილი თვალების და დასისხლიანებული მოქალაქეების წინაშე.
“სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა”.
მუხლი 225 ( წაყენებული აქვს მელიას)
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
შსს მინისტრი თავადაც აცხადებს რომ საღამოს 10 საათამდე მიტინგი იყო
– სრულიად მშვიდობიანი,
– სამართლიანი,
– გულწრფელი პროტესტის გამოვლინება,
– მე იქ არ ვყოფილვარო, იმიტომ რომ მშვიდობიანი იყო.
არადა ამ მუხლს სჭირდება წინასაწრი განზრახვის დადასტურება. ანუ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს, რომ გავრილოვის დანახვით აღშფოთებული ქართველების ორგანიზებას ძალადობრივი მიზნით ახდენდა მელია მთელი დღე და დაგეგმილი ჯქონდა გაგრძელებები. არადა აქაც არსებობს სხვა მუხლი,
მუხლი 226-ე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.
რომელიც სწორედ იმაზეა, რომ ამბავი რომელიც ერთ მიზნით დავიწყეთ, შესაძლოა სხვა ამბებში გადაიზარდოს.
სწორედ ამ ორი 222-ე და 226-ე მუხლების ერთობლიობით შეიძლება ვისაუბროთ დანაშულის გამოძიებაზე 20 ივნისის ღამეს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ხელისუფლების მიერ მომზადებულ სცენარში დრამას არ ყოფნის როგორც ჩანს და შესაბამისად, სრულად ანგრევს დამოუკიდებელი გამოძიების შესაძლებლობას და გვარწმუნებს, რომ განაჩენი წინასწარ დაწერილია.
ამასობაში, იმ ჯადოსნურ წიგნში, არსებობს კიდევ ერთი მუხლი, მუხლი 31: მართლზომიერი რისკი.
“მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად, გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. ”
ხელისუფლებას ბრალის დამტკიცებისთვის ასევე მოუწევს უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინოს, რომ სწორედ ამ შემთხვევასთან არ გვქონდა საქმე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, იმ პოლიტიკოსების ადვოკატები ამ მუხლს ინტენსიურად გამოიყენებენ.
ამასობაში, მე ვითხოვ ბრძანებების საჯაროდ გამოქვეყნებას. ამას ძალიან კონკრეტული მიზანი და მიზეზი აქვს. ბრძანებაში უნდა ჩანდეს:
რა იყო მიზეზი ოპერაციის დაწყების (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მინისტრმა გვითხრა თავიდან არც კი მივსულვარ არაფერი ხდებოდაომ ანუ რაღაც მოხდა რის გამოც მივიდა. დიახ, მეც ვადასტურებ რომ მოხდა. მაგრამ რა მოხდა? რა ჩაწერა იმ პირველ ბრძანებაში მინისტრმა? )
იმის მიხედვით რა ჩაწერა მიზეზად დგინდება:
რომელი/რამდენი ძალა უნდა გამოვიდეს; რა ტიპის შეიარაღებით, და სხვა რომელიც პროცედურის/ინსტრუქციის გამოყენებაზე მიუთითა მინისტრმა, სროლის, სპეც საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობის და სხვა შესახებ;
რამდენჯერ მოუწია ახალი ბრძანების გაცემა და რა შეცვალა და ბოლოს, როდის და რა გარემოებებზე დაყრდნობით გასცა საპოლიციო ნაწილების უკან, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება.
რაში გვჭირდება ბრძანება? რომ დადგიდეს:
პოლიციელები / სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითნებურად თუ მინისტრმა გასცა უკანონო ბრძანება.
PS. ბოლოს ასეთი დეტალური იურიდიული განმარტება შსს მინისტრის საჯარო განცხადებებსა და თუ ქმედებებზე გაზეთი 24 საათისთვის დავწერე კახა თარგამაძის პასუხად. არ მეგონა თითქმის 16 წლის შემდეგ, იგივეს დაწერა თუ მომიწევდა.
PPS. ერთი ნაშანდობლივი დაკვირვება. ინგამ უთხრა “ის ნაძირალა პოლიციელი თუ სპეცრაზმელიო” და მინისტრი რომელიც ყველა სიტყვაზე ეკიდებოდა, მაგალითად “საშინელი ტყვიებიო” ინგამ და მთელი პასაჟი მიუძღვნა მინისტრმა როგორ გეკადრება ტყვიებზე საშინელს რომ ამბობო, დარბევაო ინგამ და როგორ გეკადრება ამ სიტყვას რომ ამბობო, ხოდა აი პოლიციელის ნაძირლობაზე ნოლი იყო რეაქცია.
ძალიან, ძალიან სახასიათო მომენტი იყო”, - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალური ქსელში.