პარლამენტში გვჭირდება ახალგაზრდა თაობა - გირჩი ასაკობრივი ზღვარის გადახედვას ითხოვს
პარლამენტში გვჭირდება ახალგაზრდა თაობა - გირჩი ასაკობრივი ზღვარის გადახედვას ითხოვს

A+ A-

13:56 12/07/2019
"პარლამენტში გვჭირდება ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის პერსპექტივაზე იფიქრებს", - ამის შესახებ "გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ "2020NEWS“-ს განუცხადა. "გირჩს“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 2 მოთხოვნა აქვს - არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით, 2020 წლის შემდეგაც ჩატარდეს და ასევე, ახალგაზრდები ჩაერთონ საარჩევნო პროცესში.
 
კერძოდ, ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით, "გირჩის“ ინიციატივაა, სადეპუტატო ასაკობრივი ზღვარი 25 წლის ნაცვლად, 21 წლით განისაზღვროს, ხოლო ხმის მიცემის უფლებით მოსარგებლე პირების ასაკმა 18-დან 16 წლამდე დაიწიოს.
 
"ქართული საარჩევნო კანონმდებლობით, ადამიანები გარკვეულ ასაკამდე ადამიანებად არ ითვლებიან. მაგალითად, 18 წლამდე ადამიანი ადამიანად არ ითვლება იმ თვალსაზრისით, რომ ხმის მიცემის უფლებაც კი არ აქვთ, მაშინ როდესაც, ამ ასაკში ადამიანს ბევრი რამის უფლება აქვს - ოჯახის შექმნის უფლება, ჯარში მიჰყავთ და ა.შ. არგუმენტი, რომ ამ ასაკში ჯერ ადამიანი მზად არ არის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, არასწორია. არ გინახავთ სრულწლოვანი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერზე წარმოდგენა არ აქვს? კოორდინატორი მიდის, 20 ლარს აძლევს და ის ხმას ჰყიდის - ამ ადამიანს ხმის მიცემის უფლება აქვს და 18 წლამდე ადამიანს ხმის მიცემის უფლებას არ ვაძლევთ, ეს აბსურდია. ასევე აბსურდია ის, რომ 25 წლით გვყავს შეზღუდული ადამიანები, რომლებიც უნდა აირჩონ პარლამენტში.
 
21 წლამდე იყო წინა პარლამენტში და რა დაშავდა ამით? გენიოსი რომ გაგვეზარდოს 21, 22 ან 24 წლის, რა ვქნათ ახლა, იმის გამო, რომ 25 წლის არ არის, პარლამენტში არ უნდა შევუშვათ? პარლამენტში რომ სრულწლოვანები სხედან, იმათი რამდენი პროცენტია ნორმალური? 93-მა ადამიანმა თავისი კოლეგის დაჭერას დაუჭირა მხარი. მე მჯერა, იქ რომ 20-25 წლამდე ახალგაზრდები ყოფილიყვნენ, ნაკლები შანსია, ასე ამორალურად მოქცეულიყვნენ. 93-მა დეპუტატმა თვალი არ დაახამხამა, ისე გაწირა თავისი კოლეგა ციხისთვის. როდესაც მორალს კითხულობ, არ შეუშვა ახალგაზრდები პარლამენტში, დაგვღუპავენ, სულ რომ სკოლის მოსწავლეებით დავაკომპლექტოთ, ამაზე უარეს პარლამენტს ვერ მივიღებთ, ახლა რომ გვყავს. უსამართლობაა ახალგაზრდა თაობის წინაშე, რომ ახალგაზრდებს პენსიონერები მართავენ, გინდა ელექტორალურად, გინდა პარლამენტიდან. ამიტომ, ჩვენ გვინდა ეს რაღაცნაირად შევარბილოთ. ახალგარზდებს მივცეთ ინტერესი, ჩაებან პოლიტიკაში. 80% პენსიონერი წყვეტს არჩევნების ბედს, რომლებსაც პერსპექტივის განცდა კი არ აქვთ, თვის ბოლოს პენსია რომ მიიღონ, ის აინტერესებთ, რაც ამ ქვეყანაზე დამანგრევლად მოქმედებს. პარლამენტში გვჭირდება ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცოტა შორიდან შეხედავს ამას, ამ ქვეყნის პერსპექტივაზე იფიქრებს და არა იმაზე, თვის ბოლოს პენსია როგორ მისცეს ან აიღოს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ სააგენტოსთან საუბრისას.
 
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირეს, რომლის თანახმადაც, 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ნულოვანი ბარიერი გარდამავალ დებულებაში ეწერება, ანუ ის მხოლოდ 2020 წელს იქნება ძალაში, 2024 წლიდან კი, საარჩევნო ბარიერი დაბრუნდება.