"ერთ მხარეს არის რევანშისტული, მეხუთე კოლონა "ნაცმოძრაობის“ სახით, მეორე მხარეს - ხელისუფლება, შს მინისტრი და პოლიცია"
"ერთ მხარეს არის რევანშისტული, მეხუთე კოლონა "ნაცმოძრაობის“ სახით, მეორე მხარეს - ხელისუფლება, შს მინისტრი და პოლიცია"

A+ A-

15:29 12/07/2019

„ერთ მხარეს არის რევანშისტული, მეხუთე კოლონა „ნაცმოძრაობის“ სახით, მეორე მხარეს - ხელისუფლება, შს მინისტრი და პოლიცია, რომელიც იცავს სახელმწიფოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს. მისი შეფასებით, გიორგი გახარია პასუხისმგებლიანი შს მინისტრია და გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში არც ერთ კითხვას არ გაქცევია. მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, გიორგი გახარიას გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს არც სიმართლეა და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა ნაცმოძრაობის სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს. რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხევები, როცა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები, რასაც უსწრაფესი გამოძიება და ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, 20 ივნისს შეუძლებელი იყო“ ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შტურმის მოგერიება ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე პოლიციელის მხრიდან. „აუცილებელია გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ, და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო, რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.