"დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ვიზიტი მოსკოვში, სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას"
"დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ვიზიტი მოსკოვში, სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას"

A+ A-

16:26 12/07/2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გიორგი ლომიას განცხადებით, პარტიის წევრები მოსკოვში კონკრეტული მიზნით მიდიან - რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება გადააფიქრებინონ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მათი მოსკოვში ვიზიტი საქართველოს სიკეთეს მოუტანს.

„20 ივნისის განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალიან დაიძაბა ისედაც რთული ურთიერთობა რუსეთთან, შეწყდა გზავნილები, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, შეწყდა პირდაპირი ფრენა, აღარ გავა ჩვენი პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში, ჩვენ სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ. „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მოსკოვში და შევხვდეთ რუს კოლეგებს, რომ რამენაირად ეს ამოქმედებული სანქციები შევარბილოთ და საერთოდ მოვახსნევინოთ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ვიზიტი მოსკოვში, სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. პუტინმა თქვა, რომ მას არ სურს სანქციების ამოქმედება, თუმცა მიუხედავად ამისა, დუმა მაინც მოქმედებს და სასანქციო პაკეტი მთავრობას გადაუგზავნა. ზუსტად იმისთვის ჩავდივართ, რომ პრევენციულად გავესაუბროთ ჩვენს კოლეგებს და გამოიწვიონ სასანქციო პაკეტი, რათა არ ამოქმედდეს, ან შეარბილონ მაინც. რუსეთში უკვე დაიწყეს ქართველების შემოწმება, რაც ფაქტობრივად დევნაა. როდესაც ქართველი ქუჩაში, რესტორანში დადის, მას თუ არ აქვს რეგისტრაცია, ადრე მას შეეძლო მუშაობა, ახლა პირდაპირ დეპორტაციას ექვემდებარება. გზავნილიც აღარ იგზავნება, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ე.ი სანქციები გარკვეულ წილად უკვე მოქმედებს“, - აღნიშნა გიორგი ლომიამ.

დეპუტატის თქმით, 20 ივნისის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა ისე გართულდა, „სამი წლის განმავლობაში გაკეთებული საქმე ნულოვან წერტილში დაბრუნდა“. გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ ურთიერთობის დალაგებისთვის საჭიროა დიალოგი. „დღევანდელ მოცემულობაში დიალოგის გარეშე არაფერი კეთდება. კონფლიქტი ან ომით უნდა მოგვარდეს, ან დიალოგით, სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ომით ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ. დიალოგის შემთხვევაში პოზიტივი თუ 100% არ იქნება, რაღაც პოზიტივს მაინც მოიტანს“, - აღნიშნა გიორგი ლომიამ.

აქვე, გიორგი ლომია ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მცდელობა არ ყოფილა, რომ სერგეი გავრილოვს შეხვდნენ მოსკოვში ვიზიტის დროს. თუმცა, თუ გავრილოვს მათთან შეხვედრის სურვილი ექნება, დამალვას არ აპირებენ.

„ჩემთვის გავრილოვის შესახებ არაფერია ცნობილი, ინტერნეტიდან მივიღე ინფორმაცია, თავად გავრილოვი წერს, რომ სურდა ჩვენთან შეხვედრა, მაგრამ ეს არაოფიცილაურ დონეზე. ჩვენი მხრიდან არანაირი მცდელობა არ ყოფილა, თუ მას სურვილი ექნება, რომ შეგვხვდეს, არავის ვემალებით, ნებისმიერ დეპუტატს შევხვდებით“, - აცხადებს გიორგი ლომია.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში შეხვედრებს 15 ივლისიდან დაიწყებენ და ის სავარაუდოდ 2 დღეს გაგრძელდება. ამასთან, გიორგი ლომია ირწმუნება, რომ ისინი მოსკოვში მივლინებით პარლამენტიდან არ მიდიან, შესაბამისად, სამივლინებო ხარჯებისტვის არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწერია ხელი.

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტია უშვებს თავის დეპუტატებს მოსკოვში მივლინებით. ჩვენ ჩვენი ხარჯებით მივდივართ“, - აცხადებს გიორგი ლომია.