იაკობ გოგებაშვილი ქვეყნის მუხრუჭად აქციეს - შალვა ტაბატაძე
იაკობ გოგებაშვილი ქვეყნის მუხრუჭად აქციეს - შალვა ტაბატაძე

A+ A-

17:08 16/07/2019

„მე-19 საუკუნის მიდგომებით ვდგავართ 21-ე საუკუნეში, ანუ ვართ მუხრუჭის და რეგრესის ქვეშ“, - ამის შესახებ „2020NEWS“-ს განათლების საკითხთა მკვლევარმა შალვა ტაბატაძემ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხზე განუცხადა. მისი თქმით, სკოლებში, დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები ყოველთვის ითვალისწინებდნენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპებს.

მათ შორის, შარშანდელი გრიფირებული სახელმძღვანელოები, ძირითადად ეფუძნებიან გოგებაშვილის „დედა ენას“. თუმცა, თუ საუბარია იაკობ გოგებაშვილის მიერ გამოცემული „დედა ენის“ რომელიმე ვერსიის სასწავლო პროცესში შესვლაზე, ეს ეწინააღმდეგება თვითონ გოგებაშვილის პრინციპს და მნიშვნელობას.

„გოგებაშვილის „დედა ენა“ თავის დროზე რამდენიმე ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველი - ის კარგად ითვალისწინებდა იმ დროს არსებულ კონტექსტს, ანუ იმ კონტექსტში როდესაც მიდიოდა რუსიფიკაცია, ქართულს ემუქრებოდა საფრთხე, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ წერა -კითხვა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია იყო დაბალი, მან ამ კონტექსტის შესაბამისად შექმნა სახელმძღვანელო, რომელიც იყო მნიშვნელოვანი რესურსი იმ კონტექსტისთვის. დღეს კი, 21-ე საუკუნეა, სულ სხვა კონტექსტია და სხვა მიმართება სჭირდება განათლების სფეროს და მის განვითარებას. კონტექსტზე მორგებული პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო გოგებაშვილის დროს, ეს პრინციპი დარღვეულია“, - აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.

მისი თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ იაკობ გოგებაშვილი სავალდებულო უნდა იყოს პირველ კლასელებისთვის, ეს არღვევს სწორედ ბავშვზე ორიენტირებულ პრინციპს, რადგან ბავშვები არიან სხვადასხვა საჭიროებებით, სხვადასხვა მოთხოვნებით, სხვა მიდგომებით სწავლობენ, შესაბამისად, ერთი პრინციპის შერჩევა სწავლების მეთოდად ეფუძნება სწორედ იმ მიდგომას, რომ ბავშვის საჭიროება კი არ არის განსაზღვრული, არამედ რაღაც ურა პატრიოტიზმი, რომლითაც თითქოს „დედა ენის“ წარმოჩინება ხდება.
„ გოგებაშვილი რასაც ეყრდნობოდა, ეს იყო მეთოდების მრავალფეროვნება, ის იყენებდა სინთეზურ, ანალიზურ მეთოდებს - თუ ვინ იყო მისი სამიზნე ჯგუფი, რამდენად ეფექტურად მუშაობდა სახელმძღვანელო კონკრეტულ კონტექსტში. ამის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ. იმის მაგივრად რომ იყოს არჩევანის მრავალფეროვნება, გრიფს ვანიჭებთ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს, რომელიც გვინდა, არ გვინდა, ფორმალურად იქნება, თუ არაფორმალურად, უნდა აღმოჩნდეს მხოლოდ ერთი მიდგომით სწავლება „დედა-ენის“.

გოგებაშვილი თავის დროზე იყო პროგრესი და განვითარება საზოგადოების, ქვეყნის, დღესდღეობით სამწუხაროდ გოგებაშვილი აქციეს მუხრუჭად, იმიტომ, რომ გოგებაშვილის მიდგომის მიღმა თუ რაიმე გაჩნდა საგანმანათლებლო სისტემაში, ის აუცილებლად იქნება გაკიცხული და მე-19 საუკუნის მიდგომებით, ვდგავართ 21-ე საუკუნეში, ანუ ვართ მუხრუჭისა და რეგრესის ქვეშ. ამის მაგალითი იყო შარშან, სახელმძღვანელო პირველი კლასის, რომელიც იყო დაწუნებული , სწორედ იმიტომ, რომ გოგებაშვილის პრინციპებზე იყო დაფუძნებული, თუმცა ამას აკეთებდა მრავალფეროვანი და განსხვავებული მიდგომებით, სწორედ ეს იყო მისი დაწუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სწორედ ლუსტრაცია მოხდა, პროგრესი და განვითარება კი არ არის, რაც თავის დროზე იყო გოგებაშვილი და მისი მიდგომები, არამედ ვართ რეგრესისკენ წასულები და არანაირი პერსპექტივა საზოგაოდების განვითარების არ გვაქვს და არც უნარი, რომ შევქმნათ რაიმე ახალი და ღირებული, რომელიც იქნება 21-ე საუკუნის კონტექსტისა და მიდგომების შესაბამისი“, - განაცხადა შალვა ტაბატაძემ. ცნობისთვის, 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება“, აცხადებს სააგენტოსთან საუბარში შალვა ტაბატაძე.