“დედა ენის“ დაკოპირება შეუძლებელია - დიმიტრი შაშკინი
“დედა ენის“ დაკოპირება შეუძლებელია - დიმიტრი შაშკინი

A+ A-

12:20 17/07/2019

„ძალიან რომ გაგიჟდნენ და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი ან ბოლო რედაქცია დააკოპირონ... ეს შეუძლებელია, რადგან 100 წლის წინ სხვა საქართველო იყო, ბავშვი სხვა სამყაროში ცხოვრობდა, ეხლა სხვა სამყაროში ცხოვრობს“, - ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „2020NEWS” -ს განუცხადა.

მისი თქმით, როცა მმართველი გუნდი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებაზე საუბრობს, ისინი ჰაერზე იკეთებენ პიარს. საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასის სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილის დედა ენის საფუძველზეა შექმნილი. 2019-2020 სასწავლო წელს კი იქნება ის, რაც ახლა არის. ფრაზა და მესიჯი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება სკოლებში, არასწორია. „დედა ენის“ ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე. რატომ იყო მიღებული მოთხოვნა გრიფირებაში - იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე და არა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა. არა პოლიტიკოსების, არამედ ფილოლოგების, პროფესიონალების ძალიან მკაფიო პოზიციაა, რომ ქვეყანა ვითარდება და არ შეიძლება იმ სახელმძღვანელოს გამოყენება, რომელიც შექმნილია 30,50 თუ 80 წლის წინ. სახელმძღვანელოები სკოლებში 8 წელიწადში ერთხელ იცვლება, ყველა დასკვნის მიხედვით, სავალდებულოა, ამ პერიოდში სასწავლო მასალა შეიცვალოს. ანუ, არ შეიძლება იმ სახელმძღვანელოების გამოყენება, რომელიც დიდი ხნის წინ არის შექმნილი, იქნება ეს ქართული ენა, მათემატიკა, ფიზიკა თუ ბიოლოგია, მსოფლიო ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია და არა ჩემი მიგნება. ჩვენ ხომ ვეყრდნობით იმ სპეციალისტებს, რომლებიც ამ დარგში მუშაობენ. მათი პოზიციაა - იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, თუმცა არ შეიძლება იმის დაკოპირება, რაც დიდი ხნის წინ იყო შექმნილი. ბუნებრივია,  ახალი მოთხოვნებიდან, ახალი რეალობიდან გამომდინარე, კორექტირებას საჭიროებს. ამიტომ იყო ყველა „დედა ენის“ სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე შექმნილი, და არა დაკოპირებით. დარწმუნებული ვარ და 100%-იან გარანტიას მოგცემთ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ კოპი-ფეისთით ვერ დააბრუნებენ. ნებისმიერ სპეციალისტს ჰკითხეთ ან ამოიღეთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ორიგინალი ვერსია და მიხვდებით, ამის დაკოპირება შეუძლებელია. 4 წელი ვიყავი განათლების მინისტრი. ჩემს მაგიდაზე იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ორიგინალი იდო. როდესაც ჩვენ დროსაც ჩემთან ასეთი „ბრძნული იდეებით“ მოდიოდა ხალხი, ვისაც საერთო არაფერი ჰქონდა ფილოლოგიასთან, მე ვაძლევდი ამ ორიგინალ ვერსიას და ვთხოვდი - წაიკითხეთ ეს სიტყვები და თქვენ თვითონ მიხვდებით, რა სისულელეს ლაპარაკობთ და მთავრდებოდა ჩვენი საუბარი, რომ გინდა თუ არა, დავაბრუნოთ გოგებაშვილის „დედა ენა“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

განათლების ყოფილი მინისტრის თქმით, დიდი ხნის წინ შექმნილი წიგნის დაკოპირება არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ არასწორია. „მაშინ ხომ სხვა დრო იყო, ხვა რეალობაში ცხოვრობდა ადამიანი, სიტყვების მარაგიც სხვანაირი იყო. ვინც ამბობს, რომ გოგებაშვილის დედა ენა უნდა დავაბრუნოთ, შეგიძლიათ ჰკითხოთ, როგორ არის ქართულად ვაგონი... ვაგონი ქართულად არის რონოდა. თუ ახლა თქვენ მზად ხართ, ასე თითო ტერმინს გავყვეთ და სათითაოდ ყველაფერი შევცვალოთ, ბავშვი დაიჩაგრება. თავად იაკობ გოგებაშვილმა რამდენჯერმე დააკორექტირა „დედა ენა“. მას ესმოდა, რომ დრო გადის, სამყარო იცვლება. იაკობ გოგებაშვილს ეს ესმოდა და სამწუხაროდ ამ მთავრობას არ ესმის, უფრო სწორად ესმის, მაგრამ ამაზე ცდილობენ პიარის გაკეთებას“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა სააგენტოსთან საუბრისას.