“დავით გარეჯის გარკვეული მონაკვეთი “ყველა სამართლებრივი დოკუმენტით“ აზერბაიჯანის კუთვნილებაა“
“დავით გარეჯის გარკვეული მონაკვეთი “ყველა სამართლებრივი დოკუმენტით“ აზერბაიჯანის კუთვნილებაა“

A+ A-

12:37 17/07/2019

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი „ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით“ აზერბაიჯანის კუთვნილებაა.

„მონაკვეთი, რომელიც მოიცავს გამოქვაბულების კომპლექსს კეშიკჩიდაგს (დავით გარეჯის აზერბაიჯანული სახელი), ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით და გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობით აზერბაიჯანის კუთვნილებაა. ეს ასევე ტოპოგრაფიულ რუკებშიც არის ასახული, რომელიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არის დამტკიცებული ჯერ კიდევ 1963 წელს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორივე მხარის მიერ იყო აღიარებული როგორც ადმინისტრაციული საზღვარი. ამიტომ სამართლებრივი თვალსაზრისით რაიმე დავაზე, ან პრეტენზიებზე ამ მონაკვეთის გარშემო ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. ამავე დროს ეს მონაკვეთი, ისევე როგორც სხვა შეუთანხმებელი მონაკვეთები, უნდა შეთანხმდეს დელიმიტაციის ჩარჩოებში, რაც უნდა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში სახელმწიფო საზღვრის შესახებ და ორი სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწეროს“, - განაცხადა ხალაფოვმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ 14 ივლისს მომხდარი ინციდენტი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე „თავდასხმად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „პროვოკაციული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება, ჩადენილი ადამიანთა ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.

ხალაფოვს მიაჩნია, რომ ინციდენტი არ არის დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან. მან ამას გარდა აღნიშნა, რომ „ამ პროვოკატორებისა და დანაშაულებრივი ელემენტების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოშვებაზე ქართველი მესაზღვრეები თავისი უმოქმედობით აგებენ პასუხს“.

„ასეთი პროვოკაციები და ინციდენტები ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ზიანს აყენებს. ამ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და კანონის შესაბამისად დაისაჯონ“, - დასძინა მან.