რატომ ქვია ეროვნულ ჩემპიონატს ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" სახელი და რას მალავს ლევან კობიაშვილი?
რატომ ქვია ეროვნულ ჩემპიონატს ტოტალიზატორ "კრისტალბეთის" სახელი და რას მალავს ლევან კობიაშვილი?

A+ A-

16:39 17/07/2019

საქართველოს ისტორიაში და მსოფლიო ისტორიაშიც პირველად, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა" ქვია. "2020NEWS"-მა ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ დაარქვეს ეროვნულ ჩემპიონატს ტოტალიზატორის სახელი. ისევე როგორც პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, არსებობს თუ არა იმის პრეცედენტი მსოფლიოში, რომ ვინმე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს ტოტალიზატორის სახელის ქვეშ ატარებდეს.

სამაგიეროდ, "2020NEWS"-მა  მოიძია ინფორმაცია და გაარკვია, რომ არცერთი ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს ტოტალიზატორის სახელი არ ეწოდება, გარდა რამდენიმე საფეხბურთო კლუბისა. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციაში მტკიცედ უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პრეცედენტი რამდენიმე ქვეყანაში უკვე არის, მაგრამ სად - ვერ აკონკრეტებენ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ  ტოტალიზატორი "კრიტალბეთი“ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ლიგისა და ლიგა 2 ის სპონსორი გახდა. სასპონსორო ხელშეკრულების დადების დღიდან, ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო გათამაშებას, სწორედ ამ ტოტალიზატორის სახელი ეწოდა.

"2020NEWS“ დაინტერესდა, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა სპონსორი, რატომ ეწოდა ეროვნულ საფეხბურთო ლიგას ტოტალიზატორის სახელი და არის თუ არა სხვა ქვეყნებში ანალოგიური პრეცედენტი. ეს საკითხი "2020NEWS“-მა ფეხბურთის ფედერაციაში მოიკითხა. 

"სფფ-ი პირველი ორგანიზაცია არ არის, რომელმაც ეს შესაძლებლობა მარკეტინგული კუთხით გამოიყენა, რის შემდეგაც ლიგის დასახელებაში გემბლინგ კომპანიის სახელი ფიგურირებს. მსგავი შემთხვევები, თავისუფლად შეგიძიათ ინტერნეტის საშუალებით მოიძოთ. მაგალითისთვის ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეორე, მესამე და მეოთხე პროფესიულ ლიგებს - ჩემპიონშიფს, ლიგა ერთს და ლიგა ორს - 2013 წლიდან გემბლინგ კომპანიის „Sky Bet“-ის სახელი ეწოდება. მულტი-მილიონიანი ხელშეკრეულება 2024 წლამდე გახანგრძლივდა. ასევე, შოტლანდიის პრემიერშიფს „Ladbrokes Premiership“ ეწოდება, „Ladbrokes“ ბრიტანეთში ბაზრიებული გემბლინგ კომპანიაა. ასევე, სლოვაკეთის ჩემპიონატი „Fortuna Liga“ გემბლინგ კომპანიის „Fortuna“-ს სახელს ატარებს და ა.შ", - აცხადებენ ფედერაციაში.

მათივე ინფორმაციით, ეროვნულ საფეხბურთო ლიგას, "კრიტალბეთი“ სპონსორობას ორი სეზონი გაუწევს და სწორედ ეს პერიოდი ეწოდება მისი სახელი. თუმცა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დარჩება თუ არა ეროვნულ ლიგას ტოტალიზატორის სახელი, ეს ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ არ იციან. ცნობილია, რომ "კრისტალბეთის“ სანსპონსორო პაკეტის ღირებულება 2 მილიონი ლარია. თუ რაში დაიხარჯება აღნიშნული თანხა, სფფ-ში ასე გვპასუხობენ.

"მოქმედი ხელშეკრულებით, განსაზღვრული სასპონსორო თანხა მთლიანად ხმარდება ეროვნულ ლიგას და სფფ-ის სხადასხვა სახის აქტივობებს.  წინასწარ რა როგორ იქნება, ზუსტად ვერ ვიტყვით, თუმცა სფფ-ის ხედვით კერძო სექტორის ფეხბურთში ჩართულობა, ჩვენ ქვეყანაში პროფესიული ფეხბურთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - აცხადებენ ფედერაციაში.

ფეხბურთის ფედერაციის პასუხიდან ირკვევა, რომ ამ სასპონსორო ხელშეკრულების გათვალისწინებით, ვალდებულება აქვთ, რომ "კრისტალბეთის“ სახელი ყველგან იყოს წარმოდგენილი, ხოლო სხვა კომპანიებთან ურთიერთობა ეკრძალათ.

"რაც შეეხება ვალდებულებებს, ჩვენი ვალდებულებაა ბრენდინგის და შეფუთვის კუთხით, "კრისტალბეთის“ სახელი ყველგან იყოს წარმოდგენილი - სივრცეში, სადაც ჩვენი საინფორმაციო და სოციალური მედიის არხები მოქმედებენ. ასევე, შეზღუდული გვაქვს ეროვნული ჩემპიონატის კუთხით სხვა გემბლინგ კომპანიებთან ურთიერთობა და აქტივობების დაგეგმვა“, - გაგვიცხადეს სფფ-ში.

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ "კრისტალბეთი“ ქუთაისის "ტორპედოს“ სპონსორიც არის. არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, ამას ფეხბურთის მმართველ გუნდში უარყოფენ. "როგორც სპორტული, ისე მარკეტინგული კუთხით, ჩემპიონატში მონაწილე ყველა კლუბის უფლებას იდენტური რეგულაციები იცავს. შესაბამისად, ვერც "ტორპედო" და ვერც სხვა ნებისმიერი კლუბი ვერ იქნება გამონაკლისი“, - აცხადებენ სფფ-ში.

ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, უეფასთვის არის თუ არა ცნობილი იმის შესახებ, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის დასახელებას ტოტალიზატორის სახელი დაემატა და "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა"  ეწოდა  და რა რეაგირება მოჰყვა, ასეთი პასუხი მივიღეთ:

"რა თქმა უნდა, ცნობილია. აღნიშნული ფაქტი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს არცერთ რეგულაციას არ ეწინააღმდეგება. მსგავსი პრაქტიკა დიდი ხნის წინ დასავლეთ ევროპაში დაინერგა - სტადიონების სახელების ცვლილება, ჩემპიონატების სახელების ცვლილება და ა.შ. და დღემდე წარმატებულად მუშაობს.

როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, სპონსორთან ხელშეკრულების დადებისას სწორედ ფიფა-უეფას რეგლამენტით იხელმძღვანელეს.

 "სფფ-ის ნებისმიერი საფეხბურთო - სპორტული თუ მარკეტინგული აქტივობა, ზუსტად არის მორგებული ჩვენთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების - ფიფასა და უეფას რეგულაციებთან და ზუსტად პასუხობს მათ მოთხოვნებს და სტანდარტებს. კრიტერიუმებს და რეგულაციებს ჩვენთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები - ფიფა და უეფა აწესებენ. სფფ-ი გადამწყვეტილებას მიიღებს კონტრაქტის დეტალების გათვალისწინებით - წარმოდგენილი ხელშეკრულების კონტექსტური ხასიათი, კონტრაქტის მიზანშეწონილობა, სასპონსორე თანხის ოდენობა და ა.შ.", - აცხადებენ ფედერაციაში.

თავის მხრივ, კონკრეტული პასუხის თავს არიდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. კობიაშვილი პრობლემას ვერ ხედავს, რომ ეროვნულ საფეხბურთო ლიგას ტოტალიზატორის სახელი ეწოდოს.

"სხვა ქვეყანაში როგორ იწერება არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან არის ამ სახელით. პრობლემა რა არის ამაში?! - ეს მიღებული ფორმაა. ძალიან ბევრ ქვეყანაშია, როდესაც ვიღაცა სპონსორი ხდება, მისი ინტერესია, მისი სახელი ერქვას რაღაც პერიოდით. ამ შემთხვევაში "კრისტალბეთი“ არის ეროვნული ლიგის სპონსორი, გარკვეული პერიოდით, როცა მორჩება ეს ხელშეკრულება, შემდეგ აღარ იქნება და შეიძლება სხვა გაჩნდეს. ნებისმიერ ქვეყანაში,  ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი მიღებული ფორმაა. ხელშეკრულების კონკრეტული ვადაა, როცა ვადა გავა და ხელშეკრულება მასთან აღარ გაგრძელდება, ერქმევა ჩვეულებრივად ეროვნული ლიგა, თუ სხვა გაჩნდება ამ პერიოდში, დაერქმევა ის, თუ ეს ინტერესები გაჩნდება. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, იგივე ევროპულ ქვეყნებში შეგიძლიათ ნახოთ, სადაც კონკრეტული სპონსორის სახელი ქვია ჩემპიონატს. მიღებული ფორმაა, შეიძლება სტადიონს ერქვას კონკრეტული კომპანიის ან სპონსორის სახელი. ეს კითხვა ალბათ იმიტომ გაჩნდა, რომ როგორც მე ვიცი, აქამდე ასე არ ყოფილა. ეს ჩვეულებრივი ერთ-ერთი სასპონსორო მხარეა, სადაც შეგიძლია, რომ დამატებითი შემოსავლები შემოვიდეს, ვინაიდან ჩემპიონატს თავისი ფინანსური ხარჯები აქვს -  იქ მსაჯებია, სტადიონების უზრუნველყოფაა, უსაფრთხოებაა. ვინც ჩემპიონატს ატარებს, იმას ხარჯი აქვს. ყველა კომპანიის და სუბიექტის ინტერესია, სპონსორი მოიზიდოს, რომ რაღაცნაირად ეს თანხები დაფაროს და უფრო ძლიერი იყოს“ , - განუცხადა ლევან კობიაშვილმა “2020NEWS”-ს.

ლევან კობიაშვილი ამაში ვერც კანონდარღვევას ხედავს. როგორც მან "2020NEWS”-თან საუბარში განაცხადა, ფედერაციას ყველაფრის უფლება აქვს.  "რისი კანონი?! ამიტომ გეუბნებით, ამ ჩემპიონატს ვინც ატარებს, თუ ატარებს ფედერაცია, მას აქვს ყველანაირი უფლება, ამ ჩემპიონატის სახელისაც და ბევრი სხვა, იგივე სპონსორის. შეიძლება სპონსორი მოვიდეს და მარტო სტადიონის ბანერებზე იყოს გამოსახული და არა სახელში აისახებოდეს“, - განაცხადა სფფ-ს პრეზიდენტმა.

ქვეყნის მთავარი უმაღლესი ლიგისთვის სახელწოდების ცვლილებას გაუმართლებლად მიიჩნევს სპორტული ჟურნალისტი კახა ბერიძე, რომელმაც “2020NEWS”-თან საუბარში განაცხადა, რომ როდესაც ფედერაცია ე.წ. გარიგებულ მატჩებს ებრძვის, ამის პარალელურად, ეროვნულ ლიგას “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ არ უნდა ერქვას.

“ჩემი აზრით, არ არის სწორი, როდესაც ქვეყნის უმაღლეს საფებურთო ლიგას “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ეწოდება.

ზოგადად ვიცით, რომ ბევრ წამყვან და ცნობილ საფეხბურთო კლუბებს მაგალითად რეალს, მილანს, ბაიერნს და სხვა გუნდებს, სპონსორებად საბუქმეიკერო კანტორები ჰყავთ და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ასეც უნდა იყოს. “კრისტალბეთი“ ქუთაისის "ტორპედოს“  სპონსორია და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ტოტალიზატორი შეიძლება იყოს კლუბის  სპონსორი, მაგრამ როდესაც საქმე შეეხება ჩემპიონატის დასახელებას და მისი სახელწოდების  ცვლილებას, ეს არასწორია.

პირადად მე, არანაირი პრობლემა არ მაქვს "კრისტალბეთთან", მაგრამ ამ სახის ცვლილება არამართებულია, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ჩვენ წლებია ვუყურებთ და გვესმის ჩემპიონატებში გარიგებული მატჩების შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ძალიან ბევრი ევროპული კლუბები მათ შორის “იუვენტუსი“, გარიგებული მატჩის გამო,  სერიოზულად დასაჯეს. ჩვენ სწორედ გარიგებულ მატჩებს უნდა ვებრძოლოთ და მჯერა, ფეხბურთის ფედერაცია ებრძვის კიდეც, მაგრამ ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს. ერთი მხრივ, საუბარი გვაქვს გარიგებულ მატჩებზე და იჭერენ  ფეხბურთელებს და მეორე მხარივ ჩემპიონატს "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ქვია. ეს არასწორია.

მე არ ვიცი რა გათვლა ჰქონდა ფეხბურთის ფედერაციას, მაგრამ არსი და იდეა  არის არასწორი. არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც უმაღლესი ლიგის დასახელება შეიცვალა და ტოტალიზატორის სახელი დაერქვა. სულ 210 ქვეყანაა და ამ ქვეყნებს აქვთ თავისი შიდა ჩემპიონატი, მაგრამ არ მახსენდება, რომ რომელიმეს ტოტალიზატორის სახელი ერქვა, ან ახლა ქვია", - აცხადებს ბერიძე.

"მიუხედავად იმისა, რომ  “კრისტალბეთიდან“ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ამოღებულია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან  ჩვენი და უცხოური საბუქმეიკერო  კანტორებში შეცვლილი სახელწოდებაა შეტანილი. წარმოიდგინეთ, რომელიმე მიკრსაფინანსო ორგანიზაცია რომ ყოფილიყო სპონსორი მაგალითად “ჯაბა კრედიტი“.  ჯაბა კრედიტი ეროვნული ლიგა" უნდა დაერქმიათ ჩემპიონატისთვის?" - აცხადებს ბერიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ტოტალიზატორ "კრისტალბეთს“ შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის პირველ მარტს გაფორმდა. ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ სასპონსორო თანხა 2 მილიონ ლარს შეადგენს და სწორედ სპონსორობის გამო, ეროვნულ ჩემპიონატს ტოტალიზატორის სახელი ქვია.