ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

A+ A-

10:40 18/07/2019

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი პირი, სარმატ გაბრაევი და ანდრეი კაბისოვი დააკავეს.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო წერს, „საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულები არიან საშიში დამნაშავეები სარმატგაბრაევი და ანდრეი კაბისოვი“. „ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ერგნეთის გავლით მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია. ახლა მიმდინარეობს დაკავებული პირების „სამხრეთ ოსეთის“ მხარისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხის განხილვა“, – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი.

ცხინვალში ამტკიცებენ, რომ 16 ივლისს სოფელ ზალდაში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლისას ორი პოლიციელი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება 322-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევას ნიშნავს.