ვულოცავთ ხალვაშს , სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა "რუსთავი 2" დაუბრუნდება დამფუძნებლებს - დვალი - აქიმიძე
ვულოცავთ ხალვაშს , სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა "რუსთავი 2" დაუბრუნდება დამფუძნებლებს -  დვალი - აქიმიძე

A+ A-

13:59 18/07/2019

"რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე  რუსთავი 2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებენ. ისინი  ქიბარ ხალვაშს გამარჯვებას ულოცავენ, თუმცა  აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს:

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. 

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, – აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.