მამუკა ხაზარაძეს აქვს სუსტი წერტილი - ძაბირაძე
მამუკა ხაზარაძეს აქვს სუსტი წერტილი - ძაბირაძე

A+ A-

11:05 19/07/2019

პოლიტოლოგის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ იჩქარა, როდესაც 2 თვით ადრეე დაანონსა, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ.

„ხაზარაძეს სექტემბერშივე გამოეცხადებინა, რომ მოძრაობის შექმნას აპირებს და დაეწყო კიდეც. 2 თვე ეს განხილვის თემა იქნება ღია, საჯარო სივრცეში თუ კულუარებში. ვითარება აშკარად შეიცვალა. ხაზარაძე შეიძლება, ერთ რამეში შეცდა. როცა ივანიშვილის და „თიბისი“ ბანკის პრობლემა გაჩნდა, ხაზარაძის მხარეს იდგა მთელი ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი. მაგრამ, როგორც კი მან მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა, ის უკვე იმ ველში შევიდა, სადაც მას ასე ხელგაშლილი არავინ დახვდება. დღეს ის სპექტრი, რომელიც მას მხარს უჭერდა, უკვე მისი კონკურენტია უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში მტრულად განწყობილი. ამიტომ, უნდა გაეთვალისწინებინა, როდესაც 2 თვით ადრე აკეთებ ასეთ განცხადებას, საჯარო შემოტევებისთვის მზად უნდა იყო. მიხეილ სააკაშვილმაც უკვე თქვა რაღაც, ახლა ნელ-ნელა მთელი მედია ჩაერთვება მის კრიტიკაში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „2020NEWS“-სთან საუბრისას.

პოლიტოლოგის თქმით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სუსტი წერტილი - მოსახლეობის ბანკებისადმი დამოკიდებულება არ არის მთლად პოზიტიური, რაც პრობლემაა.

„გარდა ამისა, პრობლემაა გუნდის. გიორგი კვირიკაშვილის (გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის გუნდში გიორგი კვირიკაშვილი იქნება) საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის არ არის ის ფიგურა, რომელმაც იცის პოლიტიკური ბრძოლა. მამუკა ხაზარაძეს სჭირდება გუნდი, რომელმაც იცის პოლიტიკური ბრძოლა. მას სჭირდება გუნდი, რომელიც ამ ბრძოლაში არის გამოცდილი, მას სჭირდება ანალიზის გუნდი. მას აქვს თანხები, მაგრამ არ აქვს ეს გამოცდილება. ბიძინა ივანიშვილიც 2012 წელს იძულებული იყო, რომ „რესპუბლიკელებთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“ დიდი ოპოზიციური გაერთიანება შეექმნა. 2012 წელს, შავი სამუშაო რასაც ჰქვია, სწორედ იმ ხალხზე გადავიდა, ვინც დღეს მასთან აღარ არის. სწორედ ამიტომაა, რომ იძულებული გახდა, გაშვებული ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უკან დაებრუნებინა. ასე მარტივი არ არის, ახლა დავაფუძნებ და.... თუ ხაზარაძე აპირებს „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები საბაზისოდ გამოიყენოს იმისათვის, რომ პარტიები შექმნას რეგიონებში, ეს უკვე განვლილი გზაა და არ ივარგებს. არ გამოვა. ამიტომ, როდესაც მამუკა ხაზარაძეზე ვლაპარაკობთ, გარდა იმისა, რომ მას გარკვეული პოზიტიური პოტენციალი აქვს და პოზიტივიც მოიპოვა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა, განსაკუთრებით ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მას სჭირდება გუნდი, რომელიც პოტენციალის რეალიზებას მოახდენს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი იქნება, მამუკა ხაზარაძე რა გუნდს ჩამოაყალიბებს, ამის მიხედვით იქნება უკვე შესაფასებელი, შეძლებს თუ არა იმ პოტენციალის რეალიზებას, რაც მას დღეს თეორიულად აქვს.