არ ვთვლი, რომ სიტყვის თავისუფლება პირდაპირ პროპორციულია უზრდელობის - ნინო წილოსანი
არ ვთვლი, რომ სიტყვის თავისუფლება პირდაპირ პროპორციულია უზრდელობის - ნინო წილოსანი

A+ A-

11:53 19/07/2019

მე არ ვთვლი, რომ სიტყვის თავისუფლება პირდაპირ პროპორციულია უზრდელობის, სიმწვავის და შესაძლოა გარკვეულ წილად სიცრუის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „2020NEWS”-ს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განუცხადა.

„ის, რომ „რუსთავი 2“ სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი იყოს და წარმოადგენდეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუნდაც კრიტიკულ არხს, სრულებით არ გულისხმობს იმას, რომ იგივე ფორმატში შესაძლოა, გააგრძელოს მაუწყებლობა, ან პირიქით, თუ იგივე ფორმატში არ გააგრძელებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ კრიტიკული აზრი არ იარსებებს ან სიტყვის თავისუფლებას რაიმე დაემუქრება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ამასთან, მისი თქმით, საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია, არასწორი მიმართულებაა.

„ალბათ, საბოლოო ჯამში, “რუსთავი 2“-ის თანამშრომლები და მისი ხელმძღვანელობა მიხდვება, რომ ეს პოლიტიკა არ არის მართებული ზოგადად ქვეყნის იმიჯის წარმოსადგენად“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება.

„როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ხელისუფლება, თითოეული ადამიანი მომართულია, რომ მაქსიმალურად ფაქიზად დავაკვირდეთ ყველა მოვლენას. დარწმუნებული ვარ, არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა. ნიკა გვარამია ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან უკვე გადააყენეს. მისი ადგილი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ დაიკავა.