ტყიბულში, შახტში დაშავებული ოთხი ადამიანი დამწვრობის ცენტრში რჩება
ტყიბულში, შახტში დაშავებული ოთხი ადამიანი დამწვრობის ცენტრში რჩება

A+ A-

135

15:22 20/10/2018

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ოთხი პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულთაგან ორი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რადგან მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

“ერთ-ერთს სხეულის 50 პროცენტი, ხოლო მეორეს 25-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება კიდევ დანარჩენ ორ პაციენტს, ისინი შედარებით მსუბუქი დამწვრობებით დამწვრობის ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.