Facebook-ი მსოფლიო ეკონომიკას თავდაყირა აყენებს
Facebook-ი მსოფლიო ეკონომიკას თავდაყირა აყენებს

A+ A-

15:02 19/07/2019

Facebook-ის განზრახვას, გამოუშვას საკუთარი კრიპტოვალუტა Libra, დიდი წინააღმდეგობა ხვდება აშშ–ის ადმინისტრაციისა და საზედამხედველო ორგანოების მხრიდან.

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ახალი საგადახდო საშუალება შეიძლება ისეთი უკანონო ოპერაციებისთვის იქნას გამოყენებული, როგორებიცაა ფულის გათეთრება, ადამიანებით ვაჭრობა და ტერორისტების დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი საფრთხეების შესახებ დიდი ხანია, საუბრობენ. ივლისის შუა რიცხვებში აშშ–ის ფინანსთა მინისრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ Facebook-ის ახალი პროდუქტი, სხვა კრიპტოვალუტებთან ერთად, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს.

Libra–ს პოტენციური დაფარვის ზონა – 2,5 მლრდ ადამიანი

აშშ–ის ფინანსთა სამინისტროში Facebook გააფრთხილეს, რომ ინტერნეტ–გიგანტმა ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლაში იგივე ღონისძიებები უნდა გაატაროს, რასაც საფინანსო მომსახურების ნებისმიერი სხვა მიმწოდებლები მიმართავენ. თუმცა, ამისგან Facebook ჯერ ძალიან შორსაა და ამის გამო კომპანიას ძალიან გაუჭირდება „მწვანე ბარათის“ მიღება ამერიკის ხელისუფლებისგან კრიპტოვალუტის ემისიაზე.

აშშ–ის ფედერალური რეზერვის შეფმა ჯერომ პაუელმა მანამდე აღნიშნა, რომ მას ბევრი კითხვა უჩნდება Libra-ს გამოშვებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვის, ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და ამერიკის ფინანსური სტაბილურობის მიმართულებებით. ამ ფაქტორებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება იმის გამო, რომ Facebook-ის საერთო აუდიტორია 2,5 მლრდ ადამიანია: თეორიულად, თითოეულ მათგანს შეეძლება ახალი ელექტრონული ფულით სარგებლობა.

ფულადი გზავნილები და ონლაინ შესყიდვები

კომპანიის გეგმების თანახმად, პირველ ეტაპზე Libra ფულადი გზავნილებისთვის იქნება გამოყენებული, რომლებიც დღეს სხვა და სხვა ვალუტაში ხორციელდება. შესაბამისად, ეს სერვისი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა Moneygram, Western Union და სხვა, რომელთა მომსახურებისთვის მომხმარებელი დამატებით შენატანებს იხდის. კონკურენციას გაუწევს ასევე ბანკებს, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საკმაოდ მაღალ საკომისიოს იღებენ. Facebook–ში აღნიშნეს, რომ ეს სერვისი საერთაშორისო საფინანსო სისტემაში წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის ღარიბ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვისაც.

როგორც მოსალოდნელია, Libras გზავნილები უშუალოდ Facebook–ის მფლობელობაში არსებული შეტყობინებების გაცვლის სისტემებით WhatsApp და Messenger მეშვეობით განხორციელდება. გარდა ამისა, თუ მომხმარებლის საბანკო ანგარიში Libra-ზე იქნება მიერთებული, მას საკუთარ სმარტფონზე შეეძლება თავისი ფულის გადაცვლა ნებისმიერ სხვა ვალუტაზე.

პერსპექტივაში Libra უნივერსალური საგადახდო საშუალება უნდა გახდეს: მისი მეშვეობით მომხმარებლები ონლაინ შესყიდვებს განახორციელებენ. ამ მიზნით Facebook–მა ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებულ 28 უმსხვილეს კომპანიასთან უკვე გააფორმა კონტრაქტები. მათ შორის არიან: Visa, Mastercard, Paypal, Vodafone და Ebay.

გასცემს თუ არა Facebook კრედიტებს?

თუ Facebook–ს გადაწყვეტილი აქვს, რომ Libra სტაბილური ელექტრონული ვალუტა უნდა გახდეს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მისი კურსი ტრადიციულ ვალუტებს მიებმება – კერძოდ, დოლასა და ევროს. ამრიგად, ელექტრონული ფული 100%–ით იქნება რეალური სავალუტო რეზერვებითა და აქტივებით უზრუნველყოფილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყოველთვის ასე იქნება. „დღეს კრიპტოვალუტის შემქმნელები იმაზე აკეთებენ გათვლებს, რომ Libra 100%–ით იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ სავსებით ლოგიკურია, რომ რაღაც მომენტში ეს რიცხვი 50–მდე შემცირდება. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდება მას დაკრედიტების მძლავრი მექანიზმი“, – განმარტავს საფინანსო კომპანიის Acatis მენეჯერი ჰენდრიკ ლებერი.

კლასიკურ საფინანსო სისტემაში დაკრედიტებაზე მონოპოლიას ბანკები ფლობენ. ამასთან, მათ კრედიტების გაცემა რეალური ფულადი რეზერვებით ნაწილობრივ უზრუნველყოფითაც შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები, რეალურად, ჰაერიდან შოულობენ ფულს. დონალდ ტრამპმა ივლისის შუა რიცხვებში ტვიტერზე დაწერა, რომ კრიპტოვალუტების შემქმნელებს უნდა ჰქონდეთ საბანკო ლიცენზიის აღების ვალდებულება. თუ ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Facebook, საფინანსო ბიზნესში უნდათ შესვლა, მაშინ მათზე იგივე წესები უნდა გავრცელდეს, როგორიც ბანკებზეა, მიიჩნევს აშშ–ის პრეზიდენტი.

Libra – სახელმწიფო ვალუტის რეალური ალტერნატივა?

კრიპტოვალუტების თემა აქტიური განხილვის საგანია საერთაშორისო დონის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებშიც – მათ შორის G7-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების სამიტზე, რომელიც 17 ივლისს საფრანგეთში გაიმართა. მის დაწყებამდე გამოცემამ Bild გერმანიის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ამონარიდი გამოაქვეყნა: მასში ნათქვამია, რომ გერმანიის მთავრობა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ერთობლივად აპირებს იმის გარკვევას, თუ რა შეიძლება დაუპირისპიროს სახელმწიფო ვალუტის რეალური ალტერნატივის შექმნას.

Facebook–ის გეგმებს კრიტიკულად აფასებენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ის მთათვარ საფინანსო უწყებებშიც. „ჩვენ დეტალურად შევისწავლით, სრულდება თუ არა ყველა არსებული წესი და საჭიროა თუ არა მომავალში მათი შეცვლა, რათა ვუზრუნველჰყოთ საერთაშორისო საფინანსო სისტემის სტაბილურობა“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა სამიტის დასრულების შემდეგ.

კრიპტოვალუტა – ბანკების მეფობის დასასრულის დასაწყისი?

ამასთან, კრიპტოვალუტები არა მხოლოდ საფინანსო რეგულატორებისთვისაა „თავის ტკივილი“, არამედ თავად ბანკებისთვის. „ვფიქრობ, უახლოეს წლებში ყველა დიდი ონლაინ–სერვისი, როგორებიცაა მაგალითად Amazon, Alibaba და Google საკუთარ კრიპტოვალუტებს შექმნიან. ამ ფონზე კითხვა ჩნდება: ამ თამაშში რა როლი დაეკისრება ბანკებს?“, – კითხულობს ჰენდრიკ ლებერი.

ამასთან, გერმანიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი ბერკჰარდ ბალცი გაზეთ Börsen-Zeitung–თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ Libra მისთვის უფრო ბევრ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხებს. ის შიშობს, რომ ახალ ვალუტას შეუძლია მნიშვნელოვნად შეავიწროვოს, ან შეარყიოს კიდეც თავისი კონკურენტები. „მინდა ვიცოდე, რა მოუვათ ტრადიციულ საგადახდო სისტემებს და ბანკებს, თუ მომავალში გადახდები სულ უფრო მეტად განხორციელდება ტრადიციული არხების გვერდის ავლით. ბანკებსა და საგადახდო სერვისებს დღემდე საკმაოდ სოლიდური შემოსავლები აქვთ საკომისიოებიდან“, – ამბობს ბალცი.