სომხეთის ექს-პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საქმეს ევროსასამართლო განიხილავს
სომხეთის ექს-პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საქმეს ევროსასამართლო განიხილავს

A+ A-

17:05 19/07/2019

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საქმეზე კონსულტაციისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ვენეციის კომისიას მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას „Jam News“ ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ერევნის სასამართლოსა და თავად ქოჩარიანის ერთობლივ განცხადებას ეფუძნება. გადაწყვეტილების მიღებამდე ქოჩარიანის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში შეჩერდება, თავად ექსპრეზიდენტი კი პატიმრობაში დარჩება.

ცნობისთვის, 25 ივნისს სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ქოჩარიანი ისევ დააპატიმრა. სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 18 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მოსამართლის განცხადებით, ქოჩარიანის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით გადახდილი თანხა მისი დაცვის მხარეს დაუბრუნდება. გასული წლის 26 ივლისს ქოჩარიანს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. 7 დეკემბერს ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს, მიმდინარე წლის 12 თებერვალს კი მას კიდევ ერთი ბრალდება - დიდი რაოდენობით ქრთამის აღება წაუყენეს.

შეგახსენებთ, რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998-2008 წლებში იკავებდა. კონსტიტუციური წყობის დამხობის საქმეზე ქოჩარიანთან ერთად ბრალდებულების სტატუსით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იური ხაჩატუროვი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი და ყოფილი ვიცეპრემიერი არმენ გევორქიანი ფიგურირებენ.