პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს - მილიონერ ადამიანს ფული ასესხა?!
პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს - მილიონერ ადამიანს ფული ასესხა?!

A+ A-

13:46 20/07/2019

“რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი პაატა სალია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აცხადებს, რომ 7 მილიონი დოლარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ასესხა.

სალიას თქმით, ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის წილების მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა?! საინტერესო პასაჟიც არის მაგ ე.წ. ხელშეკრულებაში, რომ თუ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად დაიწყებდა დავას ამასთან დაკავშირებით, მის გარეშე მაშინ ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხომ?! ჯარიმას არ ითხოვს, ითხოვს ტელევიზიის წილებს. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გია ზედელაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, ნამდვილია ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია.