დღეს კალენდარზე 20 ივლისია და შს მინისტრი ისევ გიორგი გახარიაა - სწორედ ამიტომ, საპროტესტო აქციები გრძელდება!
დღეს კალენდარზე 20 ივლისია და შს მინისტრი ისევ გიორგი გახარიაა - სწორედ ამიტომ, საპროტესტო აქციები გრძელდება!

A+ A-

15:03 20/07/2019

დღეს ერთი თვე გავიდა 20 ივნისის უმძიმესი დღიდან და ერთი თვის შემდეგ, დასახიჩრებულ და თვალებდათხრილ ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი, რატომ გაწირა ისინი საკუთარმა ხელისუფლებამ ასე. ერთი თვის თავზეც, ხელისუფლება არ იმჩნევს, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და დღეს, როცა კალენდარზე 20 ივლისია, საქართველოს შს მინისტრი კვლავ გიორგი გახარიაა.

სწორედ ამიტომ, დღესაც, ისევე როგორც “გავრილოვის სისხლიანი ღამის” შემდეგ ყოველდღეს, საქართველოს პარლამენტის წინ, 19:00 საათზე კვლავ შეიკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები  უცვლელი მოთხოვნით - გადადგეს გიორგი გახარია!

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, უკვე 1 თვეა სირცხვილია, რომ გიორგი გახარია თანამდებობას არ ტოვებს. ისინი არ შეწყვეტენ აქციას იქამდე, სანამ მათი უკანასკნელი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„ერთი თვეა, ვითხოვთ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.

ერთი თვეა, ვისმენთ გიორგი გახარიას ქებას, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან.

ერთი თვეა, ხელისუფლება ითვლის აქციაზე მოსული ადამიანების თავებს, თუმცა, კარგად იცის, რომ იმის მიუხედავად, რამდენი ადამიანი დგას რუსთაველზე პროტესტის 30-ე დღეს, გიორგი გახარიას გადადგომა არის სამართლიანი და ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელსაც უამრავი ადამიანი უჭერს მხარს.

ერთი თვეა, რაც სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ადამიანები სხვადასხვა ფორმით ითხოვენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და დატოვოს თანამდებობა.

ბიძინა ივანიშვილი კი თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის თვალის ამომთხრელი მინისტრი გმირი და “უფრო მაგარი კაცია”.

“გავრილოვის ღამიდან” ერთი თვის თავზე - გამოდი, თუ თბილისში ხარ. ჩამოდი, თუ არ ხარ, ან გადი იქ, სადაც ხარ! ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ფორმით, 19:00-დან, გამოდი ქვეყნის სამსახურში!“ - წერია აქციის აღწერაში.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეების 2 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გადადგა ირაკლი კობახიძე და 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში, მთავარი მოთხოვნის შეუსრულებლობამ, ახალგაზრდებში უფრო დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მასშტაბური სამოქალაქო სოლიდარობა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტიდან გაძევებას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საქართველოში ფრენების შეჩერების ბრძანება მოჰყვა. რუს ტურისტებს კი მოუწოდეს, არ დაესვენათ საქართველოში.

სოლიდარობის ცალკეული მაგალითები და ინიციატივები კი კამპანიაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვის ხილვით გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მშვიდობიანი აქციით გააპროტესტა რუსეთის ოკუპაცია.

მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველამ ისე გამოხატა, ვისაც როგორ შეეძლო - ზოგმა უცხოელ ტურისტებს უფასოდ შესთავაზა საკუთარი სახლი, ზოგმა პირობა დადო, რომ საქართველოში დაისვენებდა, ექიმებმა და იურისტებმა აქციაზე დაშავებულებს უფასო კონსულტაციები შესთავაზეს, მუსიკოსებმა დაწერეს ახალი სიმღერები, მოცეკვავეებმა დადგეს ცეკვა, ფოტოგრაფებმა და ჟურნალისტებმა კი ისტორიას შემოუნახეს სისხლიანი 20 ივნისიდან დღემდე განვითთარებული მოვლენების თითოეული დეტალი.

პუტინის განცხადებიდან მალევე ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დაწერა, რომ ქართული ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად დააფინანსებს „აირზენას“ 10 ჩარტერულ რეისს უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით.

ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ კი თქვა, რომ ოკუპაციის გასაპროტესტებლად და აქციის მხარდასაჭერად, ყველა ფოტოს მავთულხლართებით გააფორმებდა.

სოციალურ ქსელში ასევე გაჩნდა მოწოდებები ამ ჰეშთეგით : #შეამცირე #ენერგიის #მოხმარება. მისი ავტორები მოუწოდებენ ყველას, დაზოგონ ელექტროენერგია იმისთვის, რომ საქართევლო არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" აქციის დაშლისთანავე გამოაცხადა, რომ დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას  გაუწევდა, ხოლო მას შემდეგ რაც ტატუს ოსტატ, ტატიანას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოკუპირებული საქართველოს რუკის და წარწერის „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ დახატვა სთხოვა - ტატიანამ ყველა მსურველს ასეთი შინაარსის ტატუს უფასოდ დახატვა შესთავაზა.

„ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა კი ხელი ცალ თვალზე აიფარეს და ასე გამოხატეს პროტესტიც და სოლიდარობაც იმის მიმართ, რაც 20 ივნისს აქციის დაშლას მოჰყვა - „ცალი თვალითაც ვხედავ“ ასეთი იყო ამ ჟესტის მთავარი სლოგანი.

11 წლის გიორგი შეშაბერიძემ, რომელიც საზოგადოებამ მამალოების წარმოებით გაიცნო, აქციის მონაწილეებს თავისი მამალოები აჩუქა.

უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა საქართველოსთან ავიარეისები გააიაფოს, ხოლო უკრაინის საგარეო უწყებას მიმართა, დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად, საქართველო ეწოდოს. პეტრო პოროშენკომ ვიდეომიმართვა 24 ივნისს ფეისბუკით გაავრცელა.

თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდა ლიეტუვამაც.

აქციისადმი მხარდაჭერა მუსიკოსებმა სცენიდანაც დაადასტურეს და თბილისი “Open Air 2019-ის” მთავარ სცენაზე გამოსვლა ჯგუფმა Green Room მწვანე ოთახიანტისაოკუპაციო სიმღერით დაასრულა. "ჩვენ ვუკრავთ თავისუფლებისთვის!

ოკუპაცია - ტანსაცმელზეც, ერთ-ერთმა ტანსაცმლის ბრენდმა მაისურებზე დააწერა „სირცხვილია“.

მაღაზია, ზოომარტმა კი  გამოაცხადა, რომ უარს ამბობს რუსულ პროდუქციაზე.

ღამის კლუბმა ბასიანმა საკლუბო ღამე გააუქმა და ყველას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია უკვე 1 თვე მიმდინარეობს, სოლიდარობის მაგალითები ყოველდღე უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. პრლამენტიის წინ გაიმართა აქცია კონცერტი, სხვადასხვა მომღერლები ცვლიდნენ ერთმანეთს ანტისაოკუპაციო მოწოდებებით, უმღეროდნენ სამშობლოს და მოუწოდებდნენ თავის მეგობრებსა და სრულიად ერს, საერთო მიზნისთვის გაერთიანებისკენ.

აქციის მიმდინარეობისას პროტესტის 25-ე დღეს ტერიტორია ქართულ სტარტაპებს დაეთმო.

ტერიტორიაზე სტარტაპერები ანტისაოკუპაციო თემატიკის მაისურებს, ჩანთებს, ღვინოებს, სუვენირებსა და სხვადასხვა ნივთს ყიდიან. Free მარკეტი მუსიკის ფონზე მიმდინაროებს.

მარკეტის ორგანიზატორების თქმით, სტარტაპერები შემოსული თანხის 20 პროცენტს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.

ანტისაოკუპაციო აქციისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, გაერთიანდნენ მწერლები და აქციას შეუერთდნენ, აქციის 28-ე დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნის დღე მოეწყო. ხოლო მას შემდეგ რაც 3 დღის წინ, მშენებლობაზე მომუშავე 16 წლის ბავშვი გარდაიცვალა, აქციის ორგანიზატორებმა შეცვალეს აქციის მიმდინარეობის ფორმატი და საკლუბო სცენის საღამოს ნაცვლად, პანელზე  შრომით კანონმდებლობასა და პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, პარლემენტის წინ აქცია მას შემდეგ დაიწყო რაც, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის, რუსული დელეგაცია პარლამენტის პლენარულ დარბაზში მივიდა, ხოლო  ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.

აღნიშნული ფატით გაღიზიანებული მოქალაქეების ტალღამ მოიცვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სესიის დაწყებიდან ცოტა ხანში, პრეზიდიუმში შეიჭრნენ  „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები,  საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს და ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს. სამბლეა იძულებული გახდა, შეეწყვიტა თავისი საქმიანობა საქართველოს პარლამენტში და სასტუმრო „რედისონში“ გადასულიყო.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი „რედისონის“ ტერიტორიიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თანმხლებით გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

2019 წლის 20 ივნისის 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობამ პოლიციასთან ძალისმიერი დაპირისპირება გამოიწვია. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ. ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცველთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებიათ.

დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი და 33 ჟურნალისტი. 20 ივნისის შემდეგ, პარლამენტთან აქციები ყოველდღე იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - “ქართული ოცნება” ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.