საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ბაქოში ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრა
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ბაქოში ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრა

A+ A-

15:50 20/07/2019

21 ივლისს,  ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) სახეობაში 49 ქვეყნის 3600 - მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას.

მათ შორის საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება ძიუდოსიტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის 2019 წლის ევროპის ჩემპიონია.

ცერემონიაზე ოლიმპიური ნაკრების სახელით ფიცი დადო მძლეოსანმა მედეა შონიამ.

საქართველოს დელეგაცია ბაქოში 20 ივლისს თბილისის საერთაშრისო აეროპორტიდან 11:50 საათზე გაემგზავრა.

გუშინ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. 
გაცილების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფესტივალის ლიცენზიანტი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, სპორტის გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინიტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები ვდგავართ ერთად და ერთსულოვნად, ვაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალგაზრდები და სპორტული მიმართულება მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ქართული სპორტის წარმატებები ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა და ახალმა პროგრამებმა შედეგი გამოიღო.
„2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედლით გაგვახარეს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ეს ამავე დროს ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ახალ პროგრამებს, რომელიც სპორტში ახალგაზრდების უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს, უკვე კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინსკში ჰქონდათ უნიკალური შედეგი და ევროპის კონტინენტზე მედლების რაოდენობით ჩვენმა ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენ ასევე გავხდით ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრე, რომლის მიხედვით 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში საქართველო უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ბაქოში ასევე მაქსიმუმს გააკეთებს. თქვენ ხართ ქართული დიდი სპორტის ხვალინდელი დღე, საქართველო ამაყობს თქვენით", - მიმართა პრემიერმა სპორტსმენებს.