უზენაეს სასამართლოს ივანიშვილი-ადეიშვილის კადრებს ჩააბარებენ - თავმჯდომარე - თადუმაძე, მოადგილეები - თავაძე და ვასაძე იქნებიან
უზენაეს სასამართლოს ივანიშვილი-ადეიშვილის კადრებს ჩააბარებენ - თავმჯდომარე - თადუმაძე, მოადგილეები - თავაძე და ვასაძე იქნებიან

A+ A-

16:24 22/07/2019

უზენაესი სასამართლოს ბედი უკვე გადაწყვეტილია. იმის მიუხედავად, რომ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევა და გასაუბრება მიმდინარეობს, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი და ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია.

"2020NEWS"-ის ექსკლუზიური ინფორმაციის და ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა შემდეგნაირად დაკომპლექტდება: ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას მის პირად ადვოკატს და მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ჩააბარებს, ხოლო მოადგილეებად საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე და შალვა თადუმაძის მოქმედი მოადგილე მამუკა ვასაძე დაინიშნებიან.

წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით, ზაზა თავაძე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უხელმძღვანელებს, ხოლო მამუკა ვასაძე სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანების "კარიერული ბიოგრაფია" ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მაგალითად, ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, სააკაშვილის ხელისუფლების "რუხი კარდინალის", ზურაბ ადეიშვილის კადრი და უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.

ზაზა თავაძე 2004-2007 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის უფროსი იყო. 2007-2008 წლებში თავაძეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2008-2010 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე იყო. ამ წლებში გენერალურ პროკურატურას ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდა. 2010 წლის 30 მარტიდან იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა, 2010-2016 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო;

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, კი ადეიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი არც მეტი, არც ნაკლები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია, 2016 წლის 20 ოქტომბრიდან და ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეობისათვის ამზადებს (!!!)

რაც შეეხება მამუკა ვასაძეს, მან კარიერა დაიწყო 2005 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლად. 2005-2009 წლებში შრომით საქმიანობას ეწეოდა აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე. 2009 წელს დაწინაურებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2011 წელს საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად, 2012-2013 წლებში თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად, საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსად.

სააკაშვილის დროინდელი მაღალჩინოსანი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააწინაურა. 2013-2014 წლებში მას ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, შემდგომ უფროსის თანამდებობა. 2014 წლის 22 იანვრიდან მამუკა ვასაძემ პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე. ნაციონალური რეჟიმის დროს დაფრთიანებულ ვასაძეს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ახლა უზენაეს სასამართლოში უმზადებს კიდევ უფრო მაღალ თანამდებობას იმის დასტურად, რომ "ნაციონალურ ქართულ ოცნებური კოჰაბიტაცია" გრძელდება. შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება. სულ დარეგისტრირებული 139 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრის საფუძველზე 50 მოსამართლეობის მსურველი შეირჩა, რომელთაც გასაუბრების შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარულის კენჭისყრის საფუძველზე ხელახლა გადაარჩევს და მათგან 20 კაციან სიას პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნის.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. ამ ეტაპისთვის გასაუბრება 9 მოსამართლეობის კანდიდატმა გაიარა. დღეს კი საბჭო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის მსურველ კიდევ 3 კანდიდატს უსმენს.

ცნობისათვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კიდევ ერთი იურისტი, მოსამართლე მზია თოდუა ასრულებს.