არ ვთლი, რომ “რუსთავი 2“-მა რამე უნდა გაასაჩივროს, ამის საფუძველი არ არსებობს - სალია
არ ვთლი, რომ “რუსთავი 2“-მა რამე უნდა გაასაჩივროს, ამის საფუძველი არ არსებობს - სალია

A+ A-

15:43 23/07/2019

მე არ ვთვლი, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მითუმეტეს, რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი უკვე აღარ არსებობს, - ამის შესახებ “რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის ერთ-ერთი იურისტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, დიმიტრი საძაგლიშვილი გეგმავს გაასაჩივროს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, როგორც ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში, ისე გენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილშიც.

როგორც სალიამ აღნიშნა, მისთვის უცნობია, რა სტატუსით აპირებს იურისტი გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ისეთი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატისგან და იურისტისგან, როგორიც არის ჩვენი არხის ერთ-ერთი იურისტი, ეს ყველაფერი. იგი საუბრობდა, რომ აპირებს რაღაც გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მე არ ვიცი, რა სტატუსით შეეცდება ის ამის გაკეთებას და თუ ის თვლის, რომ აღარაა გუნდის ნაწილი და ამ კომპანიის თანამშრომელი, არჩევანი მისია. ეს კომპანია დღეს არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და მე არ ვთვლი, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მითუმეტეს, რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი უკვე აღარ არსებობს“, - განაცხადა პაატა სალიამ.