მაკო გომურის მშობლებს ვეკითხები - რატომ არ დაინტერესდით ღამის 12 საათზე სად იყო თქვენი ქალიშვილი?! - იუნა შაფათავა
მაკო გომურის მშობლებს ვეკითხები - რატომ არ დაინტერესდით ღამის 12 საათზე სად იყო თქვენი ქალიშვილი?! - იუნა შაფათავა

A+ A-

17:15 23/07/2019

მსახიობი, ჟურნალისტი და სექს-სიმბოლოდ ქცეული იუნა შაფათავა, უკვე ორი წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს. მან საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს ამერიკაში ცხოვრობს, სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებას თვალს აქტიურად ადევნებს და საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტებით აფიქსირებს. რატომ არ სურს იუნა შაფათავას შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება, რატომ იცავს მას, გამოიყენა თუ არა პოლიციამ ძალა 20 ივნისის მშვიდობიან მომიტინგეებზე, რას საქმიანობს ახლა ის მეგაპოლისში, ამ და სხვა საინტერესო თემებზე მსახიობი "2020NEWS“-თან საუბრობს.

- იუნა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელი პოსტებით ეხმაურებით ხოლმე, დიდი დრო გაქვთ სოციალური სივრცისთვის? 

- პირველ რიგში, მადლობა, რომ ჩემთან ინტერვიუ ისურვეთ. დეტალებს არ ჩავწვდები. გადარგული ყვავილი ჯერ არ ვარ, ქოთანში ჩარგული ვარ, სადღაც ჰაერში საქართველოსა და ამერიკას შორის, ფესვები ჩემს მიწაზე მაქვს. რაც არ უნდა გავაკეთო, საქართველო ჩემი სამშობლოა. რაც არ უნდა დედა გამიბრაზდეს, მე მას ვუყვარვარ, უპირობოდ. ზუსტად ეს უპირობო სიყვარულია ჩემს სამშობლოსთან რომ მაკავშირებს.

როგორც ერთხელ ვთქვი - სამშობლო ღმერთვითაა, მას ვერ ხედავ, მაგრამ ის სულ შენთანაა, შენში.  რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიქნები ყველა საქმის კურსში, რაც სამშობლოში ხდება.

- თქვენს პოსტებში წერთ, რომ შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს და მას ვიდეობსაც კი უძღვნით. როგორ ფიქრობთ, პოლიციამ აქციის მონაწილეებზე ძალა არ გამოიყენა?

- არანაირ ვიდეოებს არ "ვუძღვნი". ყველასგან და ყველაფრისგან ცალკე, მე ჩემს აზრს გამოვხატავ. შეგახსენებთ, იურიდიული განათლება მაქვს და ამერიკაშიც სასამართლოსთან მჭიდრო შეხება მაქვს, საკმაოდ მძიმე შემთხვევებზე თარჯიმნად ვმუშაობ. ყველამ უნდა გაიგოს და შეიგნოს - კანონი უზენაესია. მე პირველს მძულს სისტემა, მაგრამ კანონს არ ვაფურთხებ. კანონის არსებობის გარეშე, ადამიანი მხოლოდ ორფეხა ცხოველია და სახელმწიფოს არსებობის გარეშე, ხალხი ველური ორფეხა ცხოველების ბრბოა. რასაც თქვენ პოლიციის ძალის გამოყენებას უწოდებთ, კანონის ენაზე ეს იყო თავდაცვა გააფთრებული ხალხის ძალადობისგან,  კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, რისთვისაც მადლობა გიორგი გახარიას -  პროფესიონალიზმისთვის.

- ანუ თვლით, რომ ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს ძალადობისკენ მოუწოდა?

- ნუ გავიწყდებათ, იმ ღამეს "ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობები, პარლამენტში არაკანონიერ შეჭრაზე. ეს ცალკე გამოძიების საკითხია. კიდევ ერთი -  ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობა” არსებული ფაქტებით ნაცისტურ-ფაშისტური დაჯგუფებაა. "ნაცების“ დაუსჯელობა ჩვენი ქართული საზოგადოების დიდი სირცხვილი და უპასუხისმგებლობაა.

- თუმცა, ეს აქციები გავრილოვის ჩამოსვლით და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომით დაიწყო...

- გავრილოვი ვინ არის, არ ვიცი. ეს საქართველოა ისეთი პატარა, რომ  მთავრობას სახელებით ვიცნობთ. ერთი ვიცი ზუსტად, არსებობს პროტოკოლი. თავმჯდომარის სავარძელი კი გამომსვლელის ტრიბუნას გავს. შეიძლება ეს იყო პროვოკაცია, როგორც კოჰაბიტაციის და პარლამენტში ფაქტობრივი კრიმინალის ლეგიტიმურ პარლამენტარად არსებობის შედეგი -  "ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ან შეიძლება ეს იყო შეცდომა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მთავრობა მიიღებდა ზომებს. ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ხალხმა, რელურად კი ორგანიზებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ“ იერიშის მიტანა  პარლამენტზე დაიწყოს. მგონი საკმაოდ ბევრი ფოტო და ვიდეომასალაა, მათი და მათ მიერ წაქეზებული ხალხის ვანდალიზმზე ქუჩებში და პოლიციელებზე ძალადობის.

-  ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ 18 წლის გოგომ თვალი დაკარგა...

- მე ვთვლი, რომ 18 წლის ბავშვის მიტინგზე მისვლა გაუმართლებელია. ასევე ვიცით, რომ ტყვიების გამოყენება შსს-მ საკმაოდ გვიან დაიწყო, როდესაც უკვე "მიტინგის" განწყობა სახიფათო იყო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. სხვა ქვეყანაში 18 წლის ბავშვის მშობლებს გამოიძახებდნენ პოლიციაში და დააჯარიმებდნენ. ვწუხვარ მაკოს თვალზე. თამრიკო ჭოველიძე 16 წლის იყო, შეგახსენებთ და მგონი გვაქვს საკმაო გამოცდილება,რომ ჩვენმა ბავშვებმა საეჭვი ვითარებებში მიტინგებზე არ ირბინონ. ეს არაა პიროვნების თავისუფლების გამოხატვა.

საქართველოში "ნაცმოძრაობის“ მონაწილეობით  პოლიტიკური მიტინგი რეალური მსხვერპლის პირდაპირპროპორციულია. ეს ვიცით საზარელი ფაქტებით და ამიტომ მშობლები ფხიზლად უნდა იყვნენ, მათი ბავშვები არ გამოიყენონ თავისი მიზნებისთვის მუდმივ გამოძიებაში მყოფმა კრიმინალებმა. მე მაკოს მშობლებთან მაქვს კითხვა - ღამის 12 საათზე ბავშვი რომ არ იყო სახლში და ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა რაც ხდებოდა ქუჩებში, არ დაინტერესდნენ, სადაა მათი ქალიშვილი? თუ გამომრჩა მათი ყურადღება შვილის მიმართ - შემისწორეთ.

არავის აღზრდაში არ ვერევი, მაგრამ ახლაც, კნუტივით ხან ვინ იფარებს ამ ბავშვს და ხან - ვინ. ხომ შეიძლება პიროვნება არ დაიჯიჯგნოს ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით, როგორც ეს სხვა ბევრ რიგ შემთხვევაში მოხდა?

- და ამ ყველაფერს, რომ სტატუსებს უძღვნით, ამის გამო ხშირად გაკრიტიკებენ. როგორ რეაგირებთ ამაზე?

- ქართული საზოგადოება მოუმზადებელია. დიდი ჩავარდნები გვაქვს განათლებაში და განვითარებაში. მე ვთვლი, რომ ტენდენცია უკეთესია. კრიტიკა ბევრია, მაგრამ ტროლებისგან. ცივი გონება და ფაქტი კი აღიზიანებს იმათ, ვისაც სიმართლე არ აწყობს. მე შეჩვეული ვარ, განსხვავებულ აზრს და დისკუსიაშიც შევიდოდი.  თუმცა, როგორც იცით, არც გვარამია, არც მათი ლიდერები დისკუსიაში არ შემოდიან, გაურბიან პირდაპირ დიალოგს. მათი ლანძღვა ცალმხრივია. ბლოკავენ ყველაფერს განსხვავებულს. მეც ვაკრიტიკებ და გამოვხატავ ჩემს აზრს, საკმაოდ მწვავედ და კონკრეტულად. მაგრამ,  მათ არ ვბლოკავ, უბრალოდ იქით მხრიდან გინებაა,  ჩემი მხრიდან კი ღიმილი და ფაქტები.

- ისეთი აქტიური ხართ, პოლიტიკაში წასვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?

- 20 წლის წინ დიპსერვისში ვმუშაობდი. დიპლომატიური სამსახური საინტერესოა, მაგრამ მაინც სახელმწიფოზე ხარ დამოკიდებული, თავისუფალი არ ხარ თვითგამოხატვაში. თუმცა ესეც პირობითია. სიამოვნებით ვიმუშვებდი დიპლომატად, მაგრამ საქართველოში ძალიან სერიოზულად დისკრიმინირებული ვარ, ეს კი არაკანონიერია. ვინაიდან ვარ მსახიობი, ცნობადი სახე, მაქვს ფოტოსესიები და ფილმები, ეროტიკული სექსუალური ელფერით, ჩემი ყველა გზა საქართველოში საჯარო სამსახურში დიდი ხანია დაიხურა. თუმცა, ცუდი არ იქნებოდა დიპლომატობა.

შედარებისთვის, აშშ-ს ჰყავდა მსახიობი პრეზიდენტები -  გრეის კელლი პრინცესა იყო. მაგრამ ქართული საზოგადოება მენტალურად  მიმზდველი ქალის გადამწყვეტ პოზიციაზე ყოფნისთვის მზად არაა. თუმცა, ჩემ სათქმელს ვამბობ იქიდან, სადაც ვარ და ჩემი ხმა საკმაოდ კარგად, ომახიანად ისმის ოკეანის მეორე მხრიდანაც. აქ რომ მოვიკრებ ძალებს, უფრო გავლენიანი გახდება ჩემი აზრი. ვნახოთ, მე ვემსახურები სამშობლოს, ჩემი საუკეთესო ზრახვებით.

- თქვენ თქვით, რომ საქართველოში ყველა გზა გადაგიკეთეს. იყო თქვენს მიმართ შევიწროვება თუ რა მხრივ გადაგიკეტეს გზა?

- ჩემი საქართველოში არსებობა  მედალია ორი მხარით. ერთი - საპატიო ჩრდილი ჩემი დის ტყუპისცალის - სამსახურიდან (ქართუ), რაზეც ბევრი სპეკულირებს.  პლუს ჩემი უსაზღვრო თავისუფლება შემოქმედებაში და თვითგამოხატვაში, რომელიც კითხვებს ბადებს. ჩემი არსებობა რომელიმე კომპანიაში აბსოლუტურ გამჭვირვალობას გულისხმობს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.  ჩემი ცნობადობა მაძლევს საკუთარ ტრიბუნას და ეშინიათ შიდა სამზარეულოს ჩვენების. ამიტომ,  საჯარო სამსახურში არ ავყავდი. პატარა პოზიციაზე ვერ ამიყვანენ, რადგან გამოცდილება სულ ტოპ მენეჯერის პოზიციები მქონდა. დიდ პოზიციაზე კი ჩემს გვერდით მუშაობა რთულია - კონტრასტი ექნებათ, დაუმსახურებლად მინისტრებს, "ჭკვიანებს" და "წარმატებულებს" ვის უნდა კონკურენტი?

მეორეა დისკრიმინაცია - ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და არა მხოლოდ ჩემი. არ შეიძლება ადამიანის ჩარეცხვა მისი კინოში თამაშის ან ფოტოსესიის გამო, ან დამოუკიდებლად აზროვნების გამო. ტელევიზიებიდან არც ვიცი რომელ არხზე ვიმუშავებდი - მე ხომ კომფორმისტი არ ვარ. წიგნი ვერ გაიგეს - არ არიან მზად ან კლიშე აზრივნებით "ბოზის ცრემლებს" უწოდებენ, მავანნი. და მე ჩემი შესაძლებლობების მცირე ნაწილი შევასრულე - სხვადასხვა გვერდზე ვართ. მე დიდი წყალი და სერიოზული კონკურენცია მინდოდა, დიდი აზროვნება, სერიოზული ინტელექტი და შესაძლებლობები. იმიტომ ვარ აქ. იცი, რატომ მომწონს ამერიკა? - საქართველოში ოდესღაც ვიღაც რაღაცას გააკეთებს, დაწერს, ითამაშებს და სამუდამო პატივი და აპლოდისმენტი უნდა. ამერიკაში, რაც არ უნდა გქონდეს გაკეთებული, კი ბატონო, პატივს გცემენ,  მაგრამ სულ ახალზე უნდა იფიქრო, სულ ისწავლო, სულ იმოძრაო წინ. ყოველი დღე ახალი გამოწვევაა. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მე ჩემ თავს გავუხსენი ჰორიზონტი, უფრო ადრე ვიზამდი, მაგრამ ცხოვრებას თავისი წესები და თაიმლაინი აქვს.

- ამის მიუხედავად მთავრობის მხარდამჭერი ხართ?

- ვერ ვხვდები ჩემს მიერ მთავრობის მხარდაჭერა რაში მდგომარეობს? უპარტიო პაციფისტი ვარ, რომელიც ოცნებობს საქართველოს ნეიტრალიტეტზე და მშვიდობაზე, საზღვრების გახსნაზე. თუ მე მომწონს გარკვეული პიროვნებები  და არ ვართ ამით განებივრებული - ეს არ ნიშნავს მთავრობის მხარდაჭერას.

- თქვენი ამერიკაში წასვლის მიზეზი იყო თუ არა თქვენი დისკრიმინაცია?

- შეიძლება. რეალური მიზეზი კი - საქართველოს კულტურული ცხოვრება თბილისშია მოქცეული, იშვიათად ღონისძიებებით ბათუმში ან  ქუთაისში. თბილისი სიდიდით პარკ სლოუპის ზომისაა, უბნის, სადაც მე ვცხოვრობ. მიზეზი ჩემი პიროვნული განვითარება და სწავლა იყო. რეალობაში ხომ თბილისში სიძულვილ-სიყვარულის ნაჭუჭშია ყველა. სახეში გიღიმიან და გეფერებიან, ზურგში დანის ჩარტყმით. ძალიან  მოსაწყენია სოფლის დედოფლობა. მე ხომ თავადი არ ვარ ბუნებით, თავადზე სერიოზული გენეტიკა მაქვს, დამპყრობელი ვარ. წავედი სხვა უფრო მეტი მოსახლეობის გულების დასაპყრობად. ამერიკა მსოფლიო სცენაა. აქ რომ გიცნობენ, გიცნობს მსოფლიო. საქართველოში წარმატება ჩემთვის საკმარისი არაა. არც ვიწრო მენტალიტეტთან ბრძოლას მინდა შევალიო ცხოვრება. მე ჯერ გზაში ვარ, მიზნების მიმართულებით. თბილისმა მომცა დიდი პლატფორმა - სიძულვილი იქნება თუ ჩემი მძიმე ხასიათით აღფრთოვანება. სამშობლომ მე მშობა და როგორც დედას მადლობა მას.  ფაქტია, ჩემი ყდაზე გამოტანის რომ ეშინიათ, ბევრ შეზღუდვაზე მეტყველებს.

- თბილისიდან მეგაპოლისში ადგილის დამკვიდრება არ გაგიჭირდათ?

- ადგილის დამკვიდრებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. აქ წარმატების დამსახურებას წლები უნდა. სულ რომ წლის აღმოჩენა გავხდე, ეგ არ კმარა. მოგთხოვენ მეტს. ამ ორ წელიწადში იმდენ პროექტში მივიღე მონაწილეობა, მავიწყდება კიდეც. ცხოვრების ახალი მასწავლებლები მყავს, რომელიც ძალიან კომპეტენტურია. მყავს ნამდვილი ვარსკვლავები მეგობრებში. მათ წარმატებამდე მთელი ცხოვრება იარეს და სულ ვეძებ ახალ კონტაქტს, ახალ პროექტებს, კარგ აგენტს. უკვე დავაგროვე უფლება დიდ პროექტებში სათამაშოდ. აქ არ გაგვაჩნია არანაირი სერიოზული კულტურული კავშირები, პროფესიონალურს ვგულისხმობ. რომც გვქონდეს, ადგილი შენ თვითონ, შენი პოტენციალით და ნიჭით, გამტანობით, დაჟინებით  უნდა დაიმკვიდრო. ჩემს ორივე დას სძულს ის ფაქტი, რომ ნულიდან ვიწყებ ცხოვრებას. დეა თბილისშია, სოფიკო სერიოზული პროფესიონალი ჩოგბურთელია, თვითონ ამჟამად გერმანიაში აქვს სავარჯიშო ბაზა და სულ შეჯიბრებებზეა და ესმის ჩემი არჩევანის სირთულე. ამერიკაში წარმატება მსოფლიო წარმატების ტოლია. მე ჩემი თავი მინდა ვნახო შმნდგარი ისე, როგორც მე პირადად მესმის.  

 

- ახლა რითი ხართ დაკავებული? თეატრში ხართ?

- ახლა რეალურად კასტინგებზე დავდივარ. ახლა მაქვს მოლაპარაკებები სააგენტოებთან. ჩემი პიესა, რომლის კონცეფციაც დავდგი თებერვალში, მიიღეს „DreamUp“  დიდ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. სინამდვილეში დიდი ამბავია, მაგრამ მე ჩემი ნიჭიერების აღიარებას შეჩვეული ვარ, დამსახურებულია. ვმუშაობ ცნობილ მუსიკოსთან მუსიკალურ პროექტზე და მეუბნება, მოითმინე, 40 წლის ასაკში ამერიკაში ჩამოსვლას ნუ ეხუმრები, ოცი წელი გინდა სრულ ვარსკვლავობამდე და მადლობა, ვეუბნები, დრო არ მაქვს ამდენი, უნდა დავაჩქარო რამენაირად ჩემი რეალიზება. დიდი კინო მინდა, სურვილი უკვე ნახევარი საქმეა. მაგრამ მთავარია, არ მეშინია. აბსოლუტურად სახლში ვარ დღეს, ამას ვერ ვიტყოდი ორი წლის წინ. ვერ წარმომიდგენია დღეს, სხვაგან სად შევძლებდი ცხოვრებას.

იმდენად ყველაფერი აქ ხდება. ნიუ იორკი არის მსოფლიო "ჰაბი". ვგიჟდები ამ ქალაქზე და ნელ -ნელა სიყვარულს მიბრუნებს. აქ მიმართვა - LOVE- სიყვარულო - ნორმაა. ახლაც გაღიმებული ვარ ამას რომ ვწერ. ძალიან მინდა შვილები მყავდეს ამ ქვეყანაში, ადამიანისგან, ვინც მეყვარება და ვეყვარები. მე კი მიყვარდება ყოველდღე, იმდენად ძლიერი სიყვარულის მუხტია ამ ქალაქში. ღიმილიანი გავხდი ისევ. თავიდან სულ ვნერვიულობდი. რთულია ფულზე ფიქრი და შემოქმედებაზე. დღეს უკვე შემოქმედებით ვიწყებ არსებობას და ეს დიდი ბედნიერებაა, აქ შემოქმედება დიდი ბიზნესია. ჩემ წიგნს არაჩვეულებრივი ქართველი გოგონა მითარგმნის, რადგან მე ვერ შევძლებ, წარსულში მაბრუნებს და ვტირი.  

ასევე, ვწერდი კარგი საერთაშორისო ჟურნალისთვის მაგრამ აღარ, უფასო სამსახური იყო, ამის ფუფუნება არ მაქვს. მწერლების კონკურსებზე სულ ვარ.  წერა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. მსახიობის და მწერლის "დაფასება" გასხვავებულია, მე ორივე მინდა.

- სიყვარულზე საუბრობთ და ახლა თქვენს გვერდით არის ვინმე მამაკაცი?

- თავისუფალი ქალი ვარ და სულ ვიქნები. სიყვარული ჩემთვის თანაცხოვრებას არ გულისხმობს. ჩემი მეგობარი ყველა წარმატებული და დაკავებულია. მე ჯერჯერობით, ნიუ იორკში მაქვს ჩემი საქმეები, ისინი მოგზაურობენ.  შეყვარებული სულ ვარ, მაგრამ არ ვისაკუთრებ არავის და არავის ვეკუთვნი. არ იცვლება ეს state of mind.  ჩემი თეატრალურ ფესტივალზე გამოსვლა ჩემ დიდ სიყვარულს ეძღვნება.

- იცის მან, რომ მას უძღვნით?

- კი, რა თქმა უნდა. მე სიყვარული მკვებავს. სხვანაირად როგორ ? ახალი ემოცია, ახალი სული, ახალი ქარი.

- ესწრება თქვენს სპექტაკლებზე?

- ფესტივალი აგვისტოს 25 დან 15 სექტემბრამდეა. თუ იქნება ნიუ იორკში, მოვა. ჩვენ ყველას ჩვენი საქმეები გვაქვს. მანძილი სიყვარულში არაფერს ნიშნავს. პიესა ტრილოგიაზეა დაფუძნებული. არ ვიცი, ეს ადამიანი რომ არა, კირას გაცოცხლებას ალბათ არ გადავწყვეტდი იმ ფორმით, როგორითაც ფესტივალზე ვაჩვენებ. თებერვლის ვერსიაში გიორგი მეგრელიშვილი ვათამაშე, საჩუქარი გავუკეთე და მივეცი გამოხატვის თავისუფლება, ვერ ჩაწვდა ხასიათს. ამიტომ მხოლოდ ჩემი ის კონცეფცია არ იყო, გიორგიმ რეალურად იდეა მოკლა. თუმცა მაყურებელს მოეწონა, მადლობა. ჩავანაცვლე პარტნიორი ამერიკელით. ავტორი მე ვარ, მასალის გადაწყვეტილების თავისუფლება ჩემს ხელშია. ვნახოთ, ამჯერად როგორ ითამაშებს მსახიობი, პრეს-რელიზები მზადების პროცესშია. მე კი რამდენიმე მსახიობთან ვმუშაობ ჯერ, ყველა ნიჭიერია. ვნახოთ. ფესტვალის ორგანიზატორები ძალიან მეხმარებიან მომზადებაში.

- მარტო თეატრით ხართ დაკავებული თუ კინოშიც ითამაშეთ?

- ბოლო ნამუშევარი კინოში იყო "Tamara". ფილმის რეჟისორი ალა რიდია. ალა წარმოშობით რუსი ამერიკელია და ძალიან უყვარს ქართველები. დაწერა სცენარი ქართველ ემიგრანტ მსახიობზე, რომელიც მე მათამაშა. ქმარს იმედა არაბული თამაშობს. ფილმში მაშო მელქაძესთან "ვმეგობრობ", მადლობა ქართულ რესტორანს "old tbilisi", გაგვიმასპინძლდნენ "ლოკაციით".  გადაღებას მოვრჩით ივნისში, დამუშავების პროცესშია, ქართულადაა. აქ პროდისერადაც მასახელებს, მსახიობების, ლოკაციების შერჩევაში დახმარებისთვის და ქართული ტექსტის თარგმანისთვის. მიხარია რომ იცნობენ და უყვართ საქართველო. "თამარას" გამოვუშვებთ ქართულ კინოფესტივალებზეც. დიდი მადლობა ალას დაფასებისთვის.

- საქართველოშ დაბრუნებას როდის აპირებთ?

- ife knows better. მიზანი კარგია მაგრამ გეგმებს არ ვწერ. თუ ცხოვრება მომთხოვს კიდევ ერთ წრეზე სამშობლოს შემოვლას,  შემოვუვლი ახალი ხედვით. მაგრამ ცხოვრებით არ მგონია შევძლო მუდმივად. მიჭერს ბავშვობის კაბასავით და სათუთად ვინახავ, გულში. აბსოლუტურად საერთაშორისო არტისტი მინდა გავხდე, ამას ვთხოვ ცხოვრებას. აქამდე ესმოდა ჩემი თხოვნა, იმედია ახლაც მისმენს და იღიმის, რომ იცის, რას მიპირებს. იმედია, ერთად გავიღიმებთ happy end-ით თითოეულ მცდელობაზე.