კასპის მერი ქართულ ოცნებაში ჩანერგილი ნაცია - "ოცნების" ყოფილი აქტივისტი
კასპის მერი ქართულ ოცნებაში ჩანერგილი ნაცია - "ოცნების" ყოფილი აქტივისტი

A+ A-

17:56 23/07/2019

"ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტი ირაკლი მილაძე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი მანუჩარ მერებაშვილი "ქართულ ოცნებაში ჩანერგილი ნაცია".

"ვისაც ცოტათი მაინც შეუძლია პოლიტიკური ანალიზის გაკეთება, ან სხვისი ანალიზიდან სწორი აზრის გამოტანა, მათთვის ადვილად გასაგები იქნება რასაც ვამბობ.

2012 წელს ძალას იკრებდა "ქართული ოცნება“, რომელიც დაუპირისპირდა "ნაციონალურ მოძრაობას“ და არჩევნების გზით გადაწყვიტა სისხლიანი და უსამართლო რეჟიმის შეცვლა.

"ქართული ოცნების“ მაისური წამოვიღე საჩხერიდან და პირველი ადამიანი ვიყავი კასპის რაიონში, რომელმაც გაბედა და ამ მაისურით კასპში თამამად გაიარა. არასდროს მქონდა პრეტენზია, რომ მიჯაჭვული ამირანი ვიყავი, ან მოყმე, რომელიც ვეფხვს შეებრძოლებოდა, უბრალოდ მართლა არ ვიცოდი, რა იყო შიში.

ეს ის პერიოდია, როცა კასპში არსებული ყველა საჯარო სამსახური და იქ მომუშავე ყველა პირი, სახელისუფლებო კანდიდატების აგიტაცია-პროპაგანდით, ზონდერობით და არჩევნების გაყალბებით იყვნენ დაკავებულები. ეს ის ხალხია, ვინც წინასაარჩევო კამპანიის დროს, კამერებით დაგვდევდა და შემდეგ პოლიციას და ზონდერებს აძლევდა იმ კადრებს, რომ მომხდარიყო "ოცნების“ მხარდამჭერების დატერორება და უსასტიკესად გასწორება, რისი უამრავი მაგალითიც იყო. გაგიკვირდებათ და ამ დროს არსად ჩანდა კასპის ახლანდელი მერი, მანუჩარ მერებაშვილი.

მშვიდად და ბედნიერად აგრძელებდა ცხოვრებას, სანამ უფროსობამ არ დაავალა "ქართული ოცნების“ რაიონული შტაბიდან ინფორმაციების გამოტანა. ამ პერიოდში პატივცემული მერი საქართველოს რკინიგზაში მუშაობდა. ის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯში ლექციებსაც კითხულობდა სარკინოგზო მიმართულებით.

ნუ დაგავიწყდებათ პერიოდი, რომელი წელი იყო და რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენდა მმართველ ძალას. სსრკ-ს ეპოქაშიც კი არ ყოფილა ისეთი ტერორი განსხვავებული აზრის მიმართ, როგორც ეს ნაცხროვის დროს ხდებოდა. ახლა ვინმეს სჯერა იმ მოსაზრების, რომ მანუჩარ მერებაშვილი რკინიგზის მუშაკი იყო და ლექტორი, რომელიც ამავდროულად, ოპოზიციურ პარტიაში მმართველ ძალას ებრძოდა? ცოტა ფანტასტიკის სფერო ხომ არაა ეს ყველაფერი, რადგან მიხეილ სააკაშვილის, ბაჩანა და დათა ახალაიების, ვანო მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, გია ბარამიძის და ა.შ.

სისტემაში ეს განხორციელებულიყო? ამ ქმედებისთვის კი სულ ცოტა სამსახურს დაკარგავდა, როგორც საქართველოს რკინიგზაში, ასევე კოლეჯის ლექტორობას, რომელიც სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ იყო და არის. როდესაც ის კასპის მერი გახდა, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე - სპორტის პოლიტიკის მიმართულებით, ნასამართლევი გოგი ნიპარიშვილი დანიშნა

. ეს ადამიანი სასჯელს იხდიდა თაღლითობისთვის. ასეთი რეპუტაციის მქონე პიროვნებას რომ რამდენიმე ასეულ ბავშვს ჩააბარებ, წარმოგიდგენიათ როგორი უვიცი უნდა იყოს ადამიანი? რაც შეეხება კასპის საბავშვო ბაღების მომარაგების ყოფილ ხელმძღვანელთან დატრიალებულ სკანდალს: ამ სამსახურის უფროსი ლია სოზიაშვილი იყო. ფულის გაფლანგვისა და ბაღებში დამპალი ხორცის შეტანის გამო, იგი დააკავეს, რისთვისაც 6 თვე გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საპროცესო შეთანხმების შემდეგ კი, პატიმრობიდან განთავისუფლდა.

მანუჩარ მერებაშვილის მერად არჩევის შემდეგ ეს ქალბატონი ბაღების გაერთიანების ერთ-ერთ სპეციალისტად დაინიშნა. ასევე მოხდა "ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი კადრის, მაკა სომხიშვილის ერთ-ერთ სამსახურში დაბრუნება. 2012 წლამდე ეს ქალბატონი მუშაობდა კასპის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ.

ამავდროულად, წამყვან პოზიციაზე იყო კასპის "ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ ადამიანის უშუალო ზეწოლით ხდებოდა კერძო ბიზნესის დატერორება კასპის მასშტაბით, რომ მომხდარიყო მათი პარტიის კანდიდატის პლაკატების გაკვრა მაღაზიებზე, აფთიაქებზე და სხვადასხვა დაწესებულებებზე. ამის მტკიცებულებები მაქვს. ეს ქალბატონი პირადად მემუქრებოდა 2 ოქტომბრით, რომ სასტიკად გამისწორდებოდნენ. მუქარის მიზეზი კი ის იყო, რომ კასპის #33-ე საარჩევნო უბანზე 4 გამყალბებელი დავიჭირეთ და ნაცხროვისთვის შემოხაზული ბიულეტინები წავართვით.

ეს იყო მათი ბოლო ისტერია. ყველაზე დიდი მტკიცებულება კი ის არის, რომ მისი სიმამრი, ნოდარ ცინცაძე 2012 წლის საარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი იყო. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ ვამბობ ამას ახლა, მარტივი პასუხი მაქვს - აქამდეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ სამართლიანობის აღდგენის გარეშე არაფერი გვეშველება. კოჰაბიტირებული და აგენტი მედროვეების თარეში და ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს", - აცხადებს ირაკლი მილაძე.