აურზაური "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, გრძელდება
აურზაური "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, გრძელდება

A+ A-

18:45 23/07/2019

"რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  საზოგადოებას შეატყობინა, რომ  სტრასბურგის გადაწყვეტილების ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა მას შემდეგ, თუ საქმე 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩირვრდა.

“ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით, რომ დანაშაულს ჩადიხართ? ხოდა, როგორაა ახლა საქმე?!

p.s. ძვირფასო არასამთავრობოებო, თქვენც უნდა მოგმართოთ: თავი რომ შეიკავეთ ამ საკითხის განმარტებისგან, არა მგონია სწორი ყოფილიყო. ცხადია, რომ ეს არ არის ავტომატურად გადასაწყვეტი საკითხი, როგორც ეს მინისტრმა წულუკიანმა ქნა და მინიმუმ ადმინისტრაციულ განხილვას მაინც საჭიროებს მხარეთა მონაწილეობით. შეგიძლიათ გაიხსენოთ, არა საქართველოს აპლიკანტის, ზოგადად, ამგვარი დავა სტრასბურგის სასამართლოში, რომელზე გადაწყვეტილებასაც მყისიერ შედეგად ქონებრივი საკითხის გადაწყვეტა და ადმინ აქტი შეიძლება მოყვეს ქონების რეგისტრაციის შესახებ? არა მგონია. არც აქ, არც სხვაგან - სავარაუდოდ, ეს პირველი პრეცედენტია საერთოდ. და ეს გადაწყდა განხილვისა და წარმოების გარეშე? თან უფრო მეტი ზიანის მომტანი ფორმის სასარგებლოდ და მედიის მიმართ? ასევე, შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებას ექვემდებარება, საერთო წესით, ძალაში არ შედის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის სამართლის წყაროში. იქნებ არის სადმე კონვენციაში ამგვარი რამ - არა, ნამდვილად არა. მაშინ რის საფუძველზე იზღუდება დაცული ინტერესი და მხარის უფლებები? რა გვაძლევს ზოგადი წესიდან გადახვევის შესაძლებლობას, თან მხარის (მედიის) უფლებრივი დაზიანების ხარჯზე? ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ეს იყო მეორე შემთხვევა საქართველოში, რომელზეც ძალაში შესვლის საკითხი წამოიჭრა და პირველი პრეცედენტი (მერაბიშვილის საქმე) იგივე მინისტრის მხრიდან დადგა სრულიად საწინააღმდეგო. აბა ახლა რის საფუძველზე განიმარტა ეს საკითხი სხვაგვარად? თან ისე, რომ დააზიანა კონვენციით დაცული უფრო დიდი ინტერესი, ვიდრე აღსრულების გადავადებით დადგებოდა? რა არის ეს, თუ არა შერჩევითი სამართალი და სახელმწიფოს სპეციფიური დაინტერესება მედიის მესაკუთრის (მაშასადამე, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის) შეცვლაში? ამას გარდა, დაუყოვნებლივი (6 საათში დასრულდა ყველა რეგისტრაცია) აღსრულება დიდი პალატის გადაწყვეტილებას ალბათურად რომ ძალას დააკარგვინებს, ესეც სახეზეა. რა იქნება აღსრულების შექცევის შესაძლებლობა, თუ მოდავე მხარემ გაიმარჯვა დიდ პალატაში? მით უფრო, სასწორზე არა მხოლოდ საკუთრება, არამედ შეუქცევადად დაზიანებადი სარედაქციო პოლიტიკა (გამოხატვა) დევს? საკუთრების უფლების გარდა, ამ დავაში რომ სხვა, აღსრულების მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადი უფლება ფიგურირებს, ესეც ხომ უნდა გვახსოვდეს? თუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ იკითხება პირველივე დღეებში? რაც შეეხება დროებითი ღონისძიების შეწყვეტას, მისი გამომწვევი იურიდიული ფაქტი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ავტომატურად შეწყდა. არავითარი კავშირი დროებითის შეწყვეტასა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე იურიდიული შედეგის არ დადგომას შორის არ არსებობს ამ შემთხვევაში“- წერს გვარამია.

ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა.

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე. წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“რუსთავი2“-ის ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას, ახალი დირექტორი პაატა სალია საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა.

"მე არ ვთვლი, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მითუმეტეს, რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი უკვე აღარ არსებობს. ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ისეთი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატისგან და იურისტისგან, როგორიც არის ჩვენი არხის ერთ-ერთი იურისტი, ეს ყველაფერი. იგი საუბრობდა, რომ აპირებს რაღაც გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მე არ ვიცი, რა სტატუსით შეეცდება ის ამის გაკეთებას და თუ ის თვლის, რომ აღარაა გუნდის ნაწილი და ამ კომპანიის თანამშრომელი, არჩევანი მისია. ეს კომპანია დღეს არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და მე არ ვთვლი, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მითუმეტეს, რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი უკვე აღარ არსებობს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, კანონდარღვევა ვერ დაინახა იმაში, რომ „რუსთავი 2“-ის ახალმა მესაკუთრემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.

„რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, ზოგადად, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა გადის და ეს ამ შემთხვევაშიც ასე არის, თუმცა საქმე ეხებოდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, ანუ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგმა დამოუკიდებლად ამ საბოლოო გადაწყვეტილებისა. მან მოხსნა დროებითი ღონისძიება, რამაც მისცა შესაძლებლობა უკვე ახალ მესაკუთრეს, მოეთხოვა დაუყოვნებლივი აღსრულება. შეიძლება, ვისაუბროთ მიზანშეწონილობაზე, რა შეიძლება ყოფილიყო უმჯობესი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვნა ახალმა მესაკუთრემ. გადაწყვეტილების აღსრულება არის სხვა, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა დროებით ღონისძიება - გადაწყვეტილების შეჩერება. ლომჯარიას თქმით, მას "რუსთავი 2“-ის მოქმედ დირექტორთან დაკავშირებისა და შეხვედრის სურვილი ჰქონდა, თუმცა ის დღემდე არ გამოსულა კონტაქტზე. სახალხო დამცველის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებთან, ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც შრომითი უფლებების დაცვის, ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების შენარჩუნების საკითხებზე იმსჯელებენ. როგორც ლომჯარია ამბობს, არხის თანამშრომლებს შეუძლიათ, სახალხო დამცველი იმედი ჰქონდეთ.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, "რუსთავი 2“-თვის დავა საქართველოს პროკურატუაში გრძელდება. თუმცა, მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა.

„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით, 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, ახლა ორი არჩევანის წინაშე დგანან, ერთი, რომ განჩინება გაასაჩივროს ან ხელახლა მოითხოვოს დაყადაღება.

"ახლა გვაქვს არჩევანი – გავასაჩივროთ ეს განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამაზე იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. გადაწყვეტილებას ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია ჩვენი განაცხადით რეესტრში წილების გასხვისებაზე აკრძალვა. თუ წართმევას ჰქონდა ადგილი, რაში აიღო 1,2 მილიონი ნაღდი ფული დვალმა და აქიმიძემ და კომპანია "ჯორჯიან ონლაინის“ 10% უსასყიდლოდ?"- განაცხადა ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობები, რომ „რუსთავი2“-ის წილების შეეძინ , თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასე პასუხობს: "თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მლნ 200 ათასი რა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა“, -განაცხადა პრესკონფერენციაზე ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, 2003 წლის ვარდების რევოლუციაც სწორედ მისი დაფინანსებულია. „2003 წელს კონსპირაციების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ სოროსმა დააფინანსა ან ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემს მიერ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ მხარდაჭერის სანაცვლოდ პროკურორმა  ირაკლი შოთაძემ მოსთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც აქვს მიცემული.

„2014 წლის 1-ელ აპრილს ვარ დაკითხული, 15 ივნისს კი იყო ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში ვაპირებ მერობაზე კენჭის ყრას. დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა ივანიშვილთან იმისთვის, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, ხელი არ შემეშალა ამათთვის, დისონანსი არ შემეტანა ამათ გეგმებში და გარკვეული სახის მინიმუმ ხელის არშეშლა და მაქსიმუმ „მხარდაჭერა“ მიმეღო.

შუამავლობა ვთხოვე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს დათო უსუფაშვილს. მან მომიტანა ივანიშვილისგან ძალიან მარტივი მესიჯი: პროკურორ შოთაძეს დაუკავშირდეს, ისაუბრონ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთო. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

2014 წელს პროკურატურაში დაკითხვისას კი ოქრუაშვილი ადასტურებდა, რომ დვალს და აქიმიძეს წილები იძულებით ჩამოართვეს, ხოლო მათთვის ფულის გადაცემის ფაქტი საერთოდ ვერ გაიხსენა.

ოქრუაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ 2004 წლის აპრილში, ან მაისში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც  ესწრებოდნენ  თავად ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.

"შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს. პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის  საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისათვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ“, – ვკითხულობთ ოქრუაშვილის ჩვენებაში.

მისი განმარტებით ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარკებებს ეროსი კიწმარიშვილთან.

„დვალთან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად, მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს. პრეზიდენტის მითითებით მფლობელების დაყოლიების შემდეგ წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე. დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო, რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა  მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერეხბის გამოყენებას აპირებდნენ, ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა.

აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს, რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიაობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა“.

თავად "შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მას თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.

უსუფაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა მას სთხოვა, რომ "ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებისთვის გადაეცა, რომ ის მზად იყო,  პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის.

"მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია.  ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის მისცეს ჩვენებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურას და სურს, ურთიერთობა ააწყოს "ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან და მთხოვა, გადამეცა მე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებისთვის.

მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს. ასევე, ბიძინა ივანიშვილს და მათგან მიღებული პასუხი გადავეცი ოქრუაშვილს და პასუხი იყო შემდეგი - დაელაპარაკოს პროკურატურას, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.

ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში. მას შემდეგ ოქრუაშვილი დადიოდა პროკურატურაში და აძლევდა ჩვენებებს, "ოცნებასთან" მისი ურთიერთობა განვითარდა თუ არ განვითარდა, ეს მე უკვე აღარ ვიცი", - აცხადებს დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მან „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით დავა საქართველოში იმიტომ დაიწყო, რომ ეს მისთვის არის პოლიტიკური პროცესი და არა იურიდიული.

"ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა ეს სარჩელი და იქ დამეწყო დავა, ამ საქმისთვის პოლიტიკური ჭრილის შეძენა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ჩემთვის ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი და მე ვაპირებ ბურთის მის მოედანზე გადაგდებას, სასამართლოში აქ შეტანის მეშვეობით, რომ კიდევ ერთხელ გაირკვეს, ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არა. ლონდონში ამ დავას დავასრულებდი დაახლოებით 8 წლის მერე, შეიძლება, არსებითი აღარ ყოფილიყო“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პრესკონფერენციას, „რუსთავი2“-ს დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა ოფიციალური განცხადებით უპასუხეს. მანამდე კი მათ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.

ერთობლივ განცხადებაში აღშნავენ, რომ მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის დგას ერთი ადამიანი და ეს არის  ქიბარ ხალვაში. თუმცა, "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, არ მიუთითებენ კონკრეტულად ვის გულისხმობენ იმ ერთ ადამიანში. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართლიანობა აღგება მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2004 წელს ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2," რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება.

დღეს "რუსთავი 2"-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სიტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში ხდება რუსული მტრული ძალების ინფილტრაცია, ქვეყნის დემოკრატიული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ "რუსთავი 2"-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.

როგორც არ უნდა დამთავრდეს "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის - სახელწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები.

დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენს მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც "რუსთავი 2" დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს,”-ნათქვამია  ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაში.

დვალისა და აქიმიძის პარალელულად, ქიბარ ხალვაშვმა  ოქრუაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა.

 „მოგახსენებთ, რომ დღეს განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს“, – განაცხადა ხალვაშის ადვოკატმა.

აქიმიძისა და დვალის განცხადებას ოქრუაშვილმა ასე უპასუხა: „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ბინძური თეთრეულის გამოფენა დაიწყეს. მისი თქმით, დავით დვალი მხარე არ არის, ისევეა დაკითხული, როგორც თავად. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ დვალს სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი პროკურატუმ  მისცა.

 „რუსთავი 2“ -ისთვის ბრძოლამ პროკურატურაში გადაინაცვლა, არხის გენერალური დირექტორს კაბინეტში კი გვარამიას ფოტო დაახვედრეს.