"ჩემმა მზემ, მე ქრისტეს ჯარისკაცი ვარ, ვინ იცის მე უარესი გამებედა"
"ჩემმა მზემ, მე ქრისტეს ჯარისკაცი ვარ, ვინ იცის მე უარესი გამებედა"

A+ A-

15:01 25/07/2019

ინტერვიუ მსახიობ გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი, მელექსე - ეს ყველაფერი ერთ ადამიანში გიორგი გილიგაშვილში, იგივე „ჩემმა მზემ"-შია გაერთიანებული, რომელიც ახლა პროექტში "ყველაზე ძლიერი“ ცდის საკუთარ ძალებს. 

გიორგიმ საზოგადოებას თავისი უცნაური საუბრით დაამახსოვრა თავი და არც ჩვენთან ინტერვიუში იყო გამონაკლისის - "ცხოვრება ხანმოკლეა, ჰორიზონტი გრძელია, მე ახალი რა მოვყვე, ყველაფერი ძველია“, - ამბობს „ჩემმა მზე“ „2020NEWS“-თან ინტერვიუში.

- პროექტმა „ყველაზე ძლიერმა“, რომელშიც მონაწილეობთ რა მოგცათ?

- „ყველაზე ძლიერმა“ ყველაზე ძლიერი და კარგი რაც მომცა, ეს არის გრძნობა ახალი მეგობრების შეძენის. ამ პროექტმა მარტო მეგობრები კი არ შემძინა,  არამედ მათთან ერთად საველე პირობებში ცხოვრებისა და თავგადასავლებში ერთად მონაწილეობის საოცარი განცდების მთელი ჯაჭვი მომცა.

- მეგობრობა გასაგებია, მაგრამ საველე პირობებში იმყოფებოდით და იყო ერთმანეთის მიმართ დაძაბულობის მომენტები?

- სიმართლეს ვიტყვი, რომ ჩემთვის მართლა არ ყოფილა რთული. უბრალოდ, დაძაბულობა ბოროტი ეგოს გაღვიძება ჩვენში არ მომხდარა. იყო მეგობრული ერთგულებით, ერთმანეთის გვერდით დგომის სურვილით გამსჭვალული გრძნობების ტალღების ცვალებადობა - სულ  ერთმანეთის გამხნევებით ვიყავით დაკავებულები. რა თქმა უნდა, იყო მოწყენილობა, იყო გოგონების ცრემლებიც, თუმცა ესეც იყო ერთმანეთის გრძნობებიდან გამოწვეული და არა ბოროტებიდან.

_ თითეული მონაწილე იქ იყავით მისული გამარჯვების გამო, კონკურენცია რამდენად დიდი იყო?

_ ყველას ნაცვლად ვერ გაგცემთ პასუხს, ვინ მივიდა გამარჯვებისთვის და ვინ არა. მაგრამ, მე გეტყვით რომ ჩემთვის კონკურენტები არ არსებობენ. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ცნება კონკურენტი და მტერი არ არსებობს. ჩემი კონკურენტი საკუთარი თავია, ვისთან ჭიდილიც მიწევს და ასე ვთქვათ ზოგ შემთხვევაში ვამარცხებ და ზოგ შემთხვევაში ვიმარჯვებ. ყველას გვქონდა ერთი გამარჯვების შანსი, რადგან ვერ გაიგებდი რა დავალება იქნებოდა. შეიძლება შენ მაგარი ბიჭი ხარ სირბილში, მაგრამ ვერ ეკიდები „ტურნიკზე“. წინასწარ ვერაფერს გათვლიდი - ხან წონა იყო უპირატესი, ხან პირიქით მცირე წონა იყო უპირატესი. მოკლედ, მე რასაც ვხედავდი ყველანი მოსაგებად კი არ ვიყავით მისული, არამედ საკუთარი თავის დასამარცხებლად.

- ყველაზე მეტად ამ პროექტში რა გაგიძნელდათ?

- სიმართლე გითხრათ, მართლა არაფერი. დიდება უფალს მზად ვიყავი სირთულეების შესასრულებლად. ალბათ, პროდიუსერებმა დაგვინდეს და არ გაგვიმეტეს ძალიან, რადგან პირველი სეზონი არის. შემდეგ სეზონებში დავალებები შესაძლოა ისე გართულდეს, რომ სპეცრაზმელებივით მოამზადონ და აი მაშინ ვისურვებდი, რომ კიდევ ერთხელ ჩავება ამ პროექტში. 

- როდესაც შემოთავაზება მიიღეთ მონაწილეობასთან დაკავშირებით, რამდენად იოლად დათანხმდით?

- მე დავიბადე ჩემი სამშობლოს მსახურად. როდესაც არის გამოწვევა და  ეს ეხება ეროვნული იდიის გაღვივებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, ჯარსა და საქართველოს, მე  ყველგან თვალდახუჭული ვიქნები და ვამბობ მე თქვენთან ვარ. ეს ის შემთხვევა იყო, რომ ყოველგვარი თავდადებისთვის და საკუთარ თავთან გამარჯვებისთვის მზად ვიყავი.

- სამხედრო პროექტია და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჯარისკაცი ხარ?

- ჩვენი ჯარისკაცემი წვრთნებს უფრო რთულ პირობებში გადიან. მე ქრისტეს ჯარისკაცი ვარ. ჩემი ცხოვრების წესია ჯარისკაცობა და სიმართლისთვის ბრძოლა. ყოველთვის საკუთარი თავისთვის შეხსენება, დაიბადე იმიტომ, რომ იბრძოლო. მზად უნდა იყო თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, ეს არის ღმერთან მიახლოვების ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა. ჩვენი ჯარის უკვდავი იდეა არის დედაენა და მრწამსი. ამიტომ დიდი სიამოვნებით გავივლიდი ჯარის სრულ წვრთვნას. უბრალოდ, ჩემი ალთა-ბალთა ცხოვრების შემყურე, დრო არ მიწყობს ხელს. ამ შოუთი ძალიან მცირედით ვიგრძენი ჯართან შეხება. ანუ, ვერ ვიტყოდო, რომ ჯარი გავიარე.

- წახვიდოდით ჯარში?

-  უბრალოდ, ერთი პრობლემაა - წვერის გაპარსვა არ მსურს. ვისურვებდი, რომ ქართულ ჯარში წვერ-ულვაშიანი ჯარისკაცები მენახოს. 

- პროექტში არ მოგთხოვეს წვერის გაპარსვა?

- ეს არ იყო მთლად გასამხედროვებული პროექტი. ალბათ ვერ შეველეოდი წვერს.

- თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს გრძელი წვერის მოვლა?

- როდესაც ნება არის, იქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რთულია თუ არა.

- რამდენი ხანია რაც გრძელ წვერს ატარებთ?

- მეექვსე წელი დაიწყო, რაც გრძელი წვერი მაქვს. წვერს ხან ვიკვეცავ. გრძელი წვერი იშვიათ შემთხვევაში მაქვს. ძირითადად, რომ არ დავაბრკოლო ადამიანები, ძირითადად შეკვეცილი მაქვს, რადგან სასულიერო პირი არ ვეგონო.

- ასევე ცნობილია თქვენი გამონათქვამები. რა ასაკიდან საუბრობთ ამ გამონათქვამებით?

- არ მახსოვს. ვისაც პოეზია უყვარს, მათთვის ჩემი გამონათქვამები ახალი არ არის. "ცხოვრება ხანმოკლეა, ჰორიზონტი გრძელია, მე ახალი რა მოვყვე, ყველაფერი ძველია“. ყველაფერი ძველია, ამის თქმა მინდოდა.

- თქვენს ცნობილ გამონათქვამებს, თუ იყენებთ თქვენს ლექსებში?

- რა თქმა უნდა, მშვენიერო. ჩემი გამონათქვამები ჩემგან განუყოფელია. ჩემი რითმა, შვილივით არის. ჩემი გამონათქვამები და ლექსები ნამდვილია, უბრალოდ ამის მტკიცებას არ ვაპირებ. ვინც გამიგებს ამას, მისი იქნება ჩემი პოეზიაც.

_ ლექსების კრებულის გამოცემას არ აპირებთ?

- ეს კადნიერება ჯერ არ მაქვს. მასალაც ბევრი არ მაქვს. ჯერ გილიგა უნდა გაიზარდოს. ჯერ პატარა ქართველი ვარ. თავს პოეტად არ ვთვლი, საკუთარ თავს მელექსეს ვუწოდებ.

- საკუთარ ლექსებზე სიმღერებსაც ქმნით. ამ მხრივ რა სიახლეები გაქვთ?

- რაღაც-რაღაცეებს ვაპირებ. უბრალოდ, სანამ არ გადავხტები, ჰოპლას არ დავიძახებ.

- როგორ ცნობილია, მონაწილეობას იღებთ  რეჟისორი ნიკა ხომასურიძის  ფილმში „საქართველო“  და რა ეტაპზეა გადაღებები?

- გარკვეული მიზეზების გამო, ფილმის გადაღებები არ დაწყებულა. ვიმედოვნებ, გადაღებები დაიწყება და ეს მოხდება ქართული პროდუსინგის მეშვეობით. რადგან ფილმი საქართველოზეა, ყველას გვსურს, რომ ქართული დაფინანსება იყოს.

- ფილმი ეხება ქართულ კულტურას?

- ფილმში ასახული იქნება ქართული ღვინისა, ცეკვისა და სიმღერის ისტორია. როდესაც კითხვა გაუჩნდებათ საქართველოს შესახებ, ფილმის დასრულებისთანავე ეცოდინებათ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჰოლივუდშიც ამ მიზნით ვიყავით წასული. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ამერიკელი საზოგადოებისთვის საკუთარი ქვეყანა გაგვეცნო და მათთვის გვეთქვა, საქართველო რამდენად ისტორიული ქვეყანაა.

- ანუ ჰოლივუდში „საქართველოს“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდით?

- დაახლოებით შეიძლება ასე ითქვას. გამოხმაურება მოლოდინზე მეტი იყო. ასევე, მათ საქართველოში კინოწარმოებაში მონაწილეობა  შევთავაზეთ. ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულად ისე არის განლაგებული, რომ ოთხივე სეზონია და ფილმის მრავალფეროვნებისთვის შესანიშნავი ლოკაციებია და ამ კუთხითაც მიდიოდა მონაწილეობა.

_-კონკრეტულად ვისთან გქონდათ შეხვედრა?

- იმ პროდიუსერებს, ვინც ჰოლივუდში კინოპროდუქციას ქმნის - „ქოლუუმბია ფიქჩერსის“ და „ფარამაუნ ფიქჩერსის“ წარმომადგენლებს შევხვდით. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიღეთ მეორე მიწვევა, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება. ეს ნიშნავს მათი მხრიდან ნაბიჯის გადმოდგმას. ჩოხსნები რომ დაგვინახეს შოკში იყვნენ, მათ „სამეფო კარის თამაშების“ გადაღების მონაწილეები ვეგონეთ და რომ ვეუბნებოდით ეს ჩვენი სამოსია, გაოცებულები იყვნენ.

- ამ შეხვედრებიდან კონკრეტულად რა შეთანხმებაზე ან დახმარებაზე შედგა მოლაპარაკება?

- პროდუსინგში  ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს. "საქართველო“ ჩვენ გვინდა, რომ ქართული მხრიდან იყოს პროდისირებული. უცხოურ მხარეს რაც შეეხება, ნიკოლოზ ხომასურიძის „ჯინსების თაობამ“ გაიმარჯვა ბევრ პროექტში. იქ ნიკოლოზს გამოსვლა ჰქონდა ფიჩზე და 5 წამყვანი პროდიუსერი უსმენდა. ხუთი წუთი ჰქონდა დრო, რომ მათთვის დაემტკიცებინა, თუ რატომ უნდა გაუწიონ პროდისინგი.

- თქვენც ითამაშებთ "ჯინსების თაობაში“?

- ჯერ პროექტი დამტკიცდეს და ამაზე შემდეგ იქნება საუბარი. ნიკოლოზზე იქნება დამოკიდებული რამდენად დამინახავს.

- ამ ფილმში საკუთარ თავი  რომელ რომელ გმირთან ასოცირდება?

 - ნებისმიერი მათგანი ვიქნებოდი, უბრალოდ ვიზულაური დატვირთვაც  მნიშვნელოვანია. რადგან წვერი მაქვს, ალბათ მოძღვარი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორია ნამდვილია. ისტორია უნდა გადაიღო და უნდა გახსოვდეს. 

- „ჯინსების თაობა“ რეალური ისტორიაა. ამ ამბის მონაწილეებმა თვითმფრინავი გაიტაცეს, რის გამოც ისინი ტერორისტებად შერაცხეს და დახვრიტეს. ამ ამბავმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. თქვენ თვლით, რომ ისინი ტერორისტები იყვნენ?

- ამასთან დაკავშირებით ცოტა სხვა ხედვები მაქვს. ჩემთვის ტერორიზმი ძალიან ცუდი სიტყვაა. ზოგადად, ტერორისტები ემსახურებიან იდეას. შეიძლება ზოგისთვის ჩემი პოეზიაც ტერორიზმი იყოს, რადგან ანგრევს მათ მსოფლმხედველობას, ეწინააღმდეგება მათ ცხოვრებას, რადგან ჩემი მრწამსი, ამ ადამიანების მწამსისგან განსხვავებულია. ასე, რომ მე ვერ შევაფასებ ტერორისტები იყვნენ თუ არა.

„ჯინსების თაობის“ ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა გეგა კობახიძემ თავის სიყვარულთან ერთად საბჭოთა კავშირიდან გაქცევა სცადა. თქვენ გაბედავდით ამას?

- „ვინ იცის ჩუმად რას ჩურჩულებს და რას ფიქრობს მტკვარი, ვინ იცის მე უარესი გამებედა“. ვერ გეტყვით.

- რა ხდება გიორგი გილიგაშილის პირად ცხოვრებაში, არის ის ერთი?

- სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა, შარშანდელი თოვლის დნობიდან, დღევანდელ დღემდე.