"ოცნების“ გეგმა ანაკლიის პორტის მიმართ რუსულ კრიმინალურ ინტერესებს უკავშირდება - ვანო მაჭავარიანი
"ოცნების“ გეგმა ანაკლიის პორტის მიმართ რუსულ კრიმინალურ ინტერესებს უკავშირდება - ვანო მაჭავარიანი

A+ A-

12:09 26/07/2019

“ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია. ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც იმ სიცრუეს აჟღერებს, რაც მათვე აწყობთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელმა ინვესტორმა უნდა დაიჭიროს საქმე იმ კონსორციუმის ხელმძღვანელთან, რომელის მიმართ სისხლის სამართლებირვი საქმრა აღძრული და რომელიც, შესაძლოა, დააპატიმრონ?!“,- ამის შესახებ “2020NEWS“ -თან უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებზე “ქართული ოცნება“ ზეწოლას ახდენს.

- ბატონო ვანო, პროკურატურამ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი მას შემდეგ წარუდგინა, რაც მათ სამოქალაქო მოძრაობის შექმნა დაანონსეს. როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო უწყების გააქტიურება მათ მიერ დეკლარირებულ სამომავლო პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდება თუ საქმე სწორ სამართლებრივ პროცესებთან გვაქვს?

- მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ჰყავდეს, რომლებიც 2020 წელს “ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ყუთთან სერიოზულ პრობლემებს შეუმნიან. ვფიქრობ, ხელისუფლება საბაბს ეძებს იმისთვის, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაზე “თიბისი ბანკს“, ანაკლიის პორტსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობას ჩამოაშოროს, ხოლო სხვა ადამიანებს დაანახოს, რომ თუ ისინი პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტენ, მაშინ მათ შესახებ პროკურატურა ან ფინანსური სამსახური დაინტერესდება. რეალურად, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ ფულის გათეთრების საფუძველი არ არსებობს.

- ამ საქმეს რა სამართლებრივი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს? ელოდებით ჯაფარიაძე-ხაზარაძის დაკავებას? აღნიშნულს თავად “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები არ გამორიცხავენ.

- ხელისუფლების ტაქტიკა არის ის, რომ აღნიშნული პროცესი დროში გაწელოს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების ზეწოლა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მათი დაკავების მიზანი კი იქნება ის, რომ ამ ადამიანებსა და მათ ამერიკელ პარტნიორებს ანაკლიის პორტის მშენებლობა გადააფიქრებინონ. ამის შემდეგ, პროექტი რუსულ ბიზნესთან დაკავშირებულ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებსაც მიაჩნით, რომ ანაკლიის პორტი მათი საკუთრეებაა.

- იმ ფონზე, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიის პორტის განხორციელების შესახებ გარანტიებს იძლევიან, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელბზე დაწყებული სამართლებრივი დავა პროექტის განხორციელებას საფრთხეებს უქმნის. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და პროკურატურის ქმედებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის?

- ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია. ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც იმ სიცრუეს აჟღერებს, რაც მათვე აწყობთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელმა ინვესტორმა უნდა დაიჭიროს საქმე იმ კონსორციუმის ხელმძღვანელთან, რომლის მიმართ სისხლის სამართლებირივი საქმეა აღძრული და რომელიც, შესაძლოა, დააპატიმრონ?! როგორც ჩანს, ხელისუფლებას ანაკლიის პორტის შეჩერება და იქედან კონსორციუმის განდევნა უნდა. მეტწილად, “ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აქვთ საკუთარი გეგმები, რომლებიც რუსულ კრიმინალურ ინტერესებთან არის დაკავშირებული.

ავტორი: ეკატერინე ზარანაძე