სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო კოდი მიანიჭეს, თუმცა საერთაშორისო ფრენების განხორციელებას ვერ შეძლებს
სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო კოდი მიანიჭეს, თუმცა საერთაშორისო ფრენების განხორციელებას ვერ შეძლებს

A+ A-

12:30 27/07/2019

ოკუპირებულ აფხაზეთში, არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს – ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. 

დე ფაქტო მთავრობის ე.წ. სხდომაზე განაცხადეს, რომ URAS იშიფრება შემდეგნაირად: ასობგერა U- ენიჭება დსთ-ს სივრცეში შემავალ ყველა ქვეყანას; R-როსტოვის საჰაერო ზონა, სადაც საჰაერო სამმართველოს ცენტრი მდებარეობს; A- აფხაზეთი; S – სოხუმი.

სოხუმის აეროპორტი დარეგისტრირდა როგორც როსტოვის (R) საჰაერო ზონა, სადაც საავიაციო მართვის ცენტრი იქნება.

“როსტოვის საჰაერო სივრცესთან ჩვენი მიმაგრება ჩვენს სუვერენიტეტზე არ აისახება. მისი მომსახურებით სარგებლობს ყველა ევროპული ქვეყანა” – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამოქალაქო საავიაციო სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა ზაურ ეშბამ.

როგორც ცნობილია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ბაბუშერის აეროპორტს 1993 წლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტად არ აღიარებს, რადგან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ორგანიზაცია საქართველოს შუამდგომლობის გარეშე სოხუმის აეროპორტს კოდს ვერ აღუდგენს.

იმისთვის, რომ სოხუმის აეროპორტმა ნამდვილად განახორციელოს „საერთაშორისო ფრენები“, მას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა და შემდგომ მისი იკაო-ში შუამდგომლობა დასჭირდება.