ლარის გაუფასურების ნამდვილი და ცრუ მიზეზები

ღია ეკონომიკის პირობებში საგარეო ფაქტორები მთელ ეკონომიკაზე და მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსზეც მოქმედებენ, თუმცა გააჩნია დოზებს. აზრს მოკლებულია მტკიცება, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ უფრო მეტად აზარალა ლარი, ვიდრე 6 წლით ადრე იმავე რუსეთის საქართველოში ინტერვენციამ. 2008 წლის შემდეგ ლარი ამჟამინდელზე 4-ჯერ ნაკლებად მხოლოდ 19%-ით გაუფასურდა. გარდა ამისა, 2014-2016 წლების ექსპორტის კლების მიუხედავად 2018 წელი ექსპორტის მხრივ რეკორდული იყო, ექსპორტი იმპორტის შემცირების ფონზე 2019 წლის პირველ 6 თვეშიც გაიზარდა. სხვა თანაბარ პირობებში მას ლარის გამყარება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ რეალობა საწინააღმდეგო აღმოჩნდა.
ლარს ქადაგიძე აუფასურებს
კიდევ ერთი მცდარი მოსაზრების თანახმად, ლარს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად აუფასურებდა. ქადაგიძეს უფლებამოსილება 2016 წლის 26 თებერვალს ამოეწურა. ამ დროს დოლარი 2.48 ღირდა. მას შემდეგ ლარი კიდევ 55 თეთრით, ანუ 18%-ით გაუფასურდა. შეთქმულების თეორიების მოყვარულთა საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ლარის გაუფასურების დაწყების მომენტიდან - 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტამდე ქადაგიძის უწყებამ სავალუტო აუქციონზე $827 მლნ-ის რეზერვი გაყიდა და მხოლოდ $200 მლნ დაიბრუნა უკან, რაც ბრუნვაში ლარის სასარგებლოდ გაშვებულ $627 მლნ-ს ნიშნავს. ის, რომ ამ სქემით რეზერვები მკვეთრად შემცირდა, ცალკე განხილვის საგანია. 2016 წლის მარტის შემდეგ კი ეროვნულმა ბანკმა ბრუნვაში $220 მლნ გაუშვა და უკან $550 მლნ-ით მეტი - $770 მლნ ამოიღო. მხოლოდ წელს 11 ინტერვენციის შედეგად ბაზრიდან $165 მლნ 0-ის წინაამეგ ამოიღო.
მოკლევადიან პერიოდში კურსზე მნიშვნელოვან გავლენას რეფინასირების სესხიც ახდენს. ქადაგიძის მმართველობის პერიოდში ის 700 მლნ-ს არ გასცილებია 25 ივლისის მონაცემებით კი მან 1.45 მლრდ-ს მიაღწია. წელს ლარი ყველაზე მყარი კურსით 2.64 თებერვალში იყო, სწორედ ამ დროს იყო ყველზე მცირე რეფინანსირების სესხიც, მხოლოდ 270 მლნ ლარი. სებმა შეიძლება რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდა დაკრედიტების წახალისებით ახსნას, მაგრამ გაუგებარია ეს არგუმენტი იმ უწყებისგან, რომელმაც თავად შეზღუდა სესხების გაცემა მკაცრი რეგულაციებით.
ლარს საპროტესტო აქციები აუფასურებს
მართალია ეს მოსაზრება ბოლო 1 თვეა რაც გაჩნდა, მაგრამ ესეც მცდარია. 20 ივნისს, აქციების დაწყებამდე კურსი 2.79 იყო, თითქმის 40 დღე გავიდა და დოლარი 14 თეთრით გაძვირდა. აქციები ადრეც ყოფილა და უფრო მძიმე შედეგებითაც დასრულებულა. 2007 წელს მომიტინგეთა რაოდენობა საწყის ეტაპზე 100 000-ს აღწევდა, 7 ნოემბერს აქციასთან ერთად კერძო ტელეკომპანიაც დაარბიეს, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადადგა. 2009 წელს 3 თვე დედაქალაქის მთავარი გამზირი საკნებით იყო გადაკეტილი, 2011 წელს კი აქციის დაშლა მსხვერპლით დასრულდა. მაშინ როცა 2007 წლის 2 ნოემბერს კურსი 2.62-ს შეადგენდა, 20 დღიეს შემდეგ 12 დეკემბერს 2.60-ს. 2009 წლის 9 აპრილს კურსი 1.69 იყო, 40 დღის შემდეგ, 19 მაისს 1.65. 2011 წლის 21 მაისს - 1.68 – 1-ელ ივლისს 1.66.
რუსეთიდან ფრენის შეწყვეტა
რუსეთიდან ფრენები 8 ივლისს შეწყდა. ამ დროს კურსი 2.80 იყო. 2006 წლის დასაწყისში დოლარი 1.79 ღირდა. ემბარგოს შემდეგ, ომამდე კურსი 1.40-მდე გამყარდა და 2013 წლის ნოემბრამდე 1.67-ზე ნარჩუნდებოდა. შესაბამისად ეს არგუმენტიც მცდარია.
მაშ რა აუფასურებს ლარს?
ამ კმითხვას შეიძლება რამდენიმე პასუხი გავცეთ. იგივე რეფინანსირების სესხისა და ფულის მასის - M2-ის ზრდა. ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა თვეების მიხედვით... თუმცა მთავარი მაინც დაბალი ეკონომიკური ზრდაა. საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის 2.7%-იანი ან თუნდაც 4.8%-იანი ზრდა, რაც რეკორდული იყო 2012 წლის შემდეგ, იმდენად ცოტაა, რომ რეალური ეკონომიკური მდგომარეობის არათუ გაუმჯობესება, სტაბილურობის შენარჩუნებაც ვერ ხერხდება.
როგორც წესი, ძალიან მდიდარ და/ან ძალიან დიდი ზომის ეკონომიკის ქვეყნებს სწრაფი ზრდა უჭირთ. მიუხედავად ამისა, ჩინეთი მსოფლიოში #2 ეკონომიკის მქონე ქყვეყანაა, რომლის მშპ-ც მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე მყოფ იაპონიის, გერმანიისა და ბრიტანეთის ჯამურ მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. რაც შეეხება ირლანდიას, ამ პატარა ევროპულ ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით, $84 000-ს აღწევს, რაც მნოშვნელოვნად აღემატება აშშ-ის, საამირეობის, ქუვეითის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მაჩვენებლებს. 2018 წელს ირლანიის ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა, ჩინეთის 6.6%-ით, ხოლო საქართველოსი 4.7%-ით.
2013-2018 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 3-ჯერ 4%-საც ვერ მიაღწია, მათ შორის 2-ჯერ 3%-ზე ქვემოთ დაფიქსირდა.
წყარო : M2B ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი.