წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

A+ A-

12:16 29/07/2019

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან 1.4 მილიარდი  დოლარის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავალმა 340 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.5%–ით აღემატება. ამავე პერიოდში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა 18%–ით გაიზარდა.

თვეების მიხედვით ყველაზე მეტი შემოსავალი ტრადიციულად ტურისტულად დატვირთულ ივნისში დაფიქსირდა, თუმცა ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აპრილში იყო. კერძოდ, აპრილში საქართველომ ტურიზმიდან 267.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 11.8%–ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო.

საქართველომ 2018 წელს ტურიზმიდან ჯამში 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2017 წელს 2.7 მლრდ დოლარის, ხოლო 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 2.1 მილიარდი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, 8 ივლისიდან ძალაში შევიდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა. ავიაშეზღუდვას გავლენა აქვს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობაზეც. კერძოდ, TBC ბანკის მონაცემებით, ივლისის პირველ კვირაში, მანამ სანამ ავიაშეზღუდვა შევიდოდა ძალაში, საქართველოში 50 030 რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ივლისის მეორე კვირას, TBC-ის მონაცემებით, ამ პერიოდისთვის საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით არის შემცირებული. მათ შორის საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 78%-ით შემცირდა, 1.7%-ით კი სახმელეთო გზით შემოსული. მიუხედავად რუსი მოგზაურების შემცირებისა, TBC-ის კვლევით, ივლისის პირველ ორ კვირაში საქართველოს 3.2%-ით მეტი ტურისტი ეწვია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart პროგნოზით კი წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.9%–ით გაიზრდება და 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა პროგნოზს 200 მილიონი დოლარით ჩამორჩება. სწორედ ამ თანხად შეაფასა ბანკმა რუსული შეზღუდვების გავლენა ტურისტულ შემოსავლებზე.