ლევან მურუსიძემ ბიძინა ივანიშვილს დაუდასტურა, რომ “რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაა - კოტე კემულარია
ლევან მურუსიძემ ბიძინა ივანიშვილს დაუდასტურა, რომ “რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაა - კოტე კემულარია

A+ A-

14:56 29/07/2019

ინტერვიუ კოტე კემულარიასთან.

“დაზუსტებული ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა აღნიშნულ დოკუმენტში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა უკვე დაადგინა. ახლა ამ საწყალ ექსპერტს თითებს ამტვრევენ, რომ ყალბი დასკვნა დაწეროს“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ განაცხადა.

კოტე კემულარიამ ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტი ბიძინა ივანიშვილის გარეშე აუცილებლად აშენდება.

- ბატონო კოტე, “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის შეხვედრის შესახებ ფლობთ ინფორმაციას. თქვენი მტკიცებით, ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელების შესახებ დაინტერესდა. აღნიშნული ინფორმაცია რამდენად სანდოა? და ასევე, კონკრეტულად მოგვახსენეთ აუდიენციაზე განხილული საკითხის შესახებ.

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია აბსოლუტურად სანდოა. ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერამდე, დაახლოებით, ხუთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძეს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, რა პერსპექტივა და სამართლებრივი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ტელეკომპანია “რუსთავი 2“- ის ფლობასთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცი, ლევან მურუსიძემ ბიძინა ივანიშვილს დაუდასტურა, რომ “რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია და რომ აღნიშნულ საქმეს პერსპექტივა ოქრუაშვილის სასარგებლოდ აქვს. 

- “რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრა მაინცდამაინც ლევან მურუსიძესთან რატომ მოინდომა?

- ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძის სახით საკუთარი ნდობით აღჭურვილ პირს შეხვდა, რაც გასაკვირი არ არის. “ქართული ოცნების“ ლიდერმა მოსამართლე მურუსიძესთან შეხვედრა მას შემდეგ მოინდომა, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ 2010 წელს ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით  ყალბ დასკვნას არ დაწერს. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, რადგან ახლა ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ყველაზე მეტად ტკივა.  

- 2010 წელს ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის მიხდვით, სავარაუდოდ, დასტურდება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი  “რუსთავი 2“- ის კანონიერი მფლობელი, ხოლო ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ფორმალური მფლობელია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობას დაადგენს?

- დაზუსტებული ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა აღნიშნულ დოკუმენტში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა უკვე დაადგინა. ახლა ამ საწყალ ექსპერტს თითებს ამტვრევენ, რომ ყალბი დასკვნა დაწეროს. ასეთ შემთხვევაში კი, ექსპერტს სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისგება მოუწევს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლო ხმაზე  გაჰკიოდა, რომ ექსპერტიზის ბიურო საერთოდ უნდა დაიხუროს.

- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადეთ, “ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ანაკლიის პორტის 51%-ის გადაფორმებას დაპირდა“. საქმე გვაქვს თქვენ მიერ გაჟღერებულ პოლიტიკურ ბრალდებასთან თუ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ფლობთ?

- რუსეთში სრულუფლებიანი ელჩი, უშიშროების საბჭოს მდივანი და ორჯერ მინისტრი გახლდით. ჩემი ყოფილი თანამშრომლები მაღალ თანამდებობეზე მუშაობენ. შესაბამისად, ბევრ ინფორმაციას ვფლობ. ზოგადად, არასდროს ვაჟღერებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც გადამოწმებული ან სანდრო არ არის. დანამდვილებით ვიცი,  ბიძინა ივანიშვილს "ნაჩალნიკებმა" უთხრეს, იმ შემთხვევაში დაუშვებდნენ პორტის მშენებლობას, თუ ანაკლიის პორტის 51% რუსულ-ჩინური გავლენების ქვეშ იქნებოდა. რამდენადაც ვიცი, ამ საკითხის შესახებ ივანიშვილი მამუკა ხაზარაძესაც ესაუბრა. ამჟამად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად დაჭრილი ფიგურაა, რადგან მან რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთოებები ვერ დაალაგა.

 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე